თამთა ჩაჩანიძე
08.09.2024

7 სექტემბერს რეგიონებში საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ენმ კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მათ უმეტესობას მმართველ პარტიასთან აქვს კავშირი. „ქართული ოცნება" ოპოზიციას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ცესკო კი აცხადებს, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა მანიპულაციისთვის სივრცეს არ ტოვებს. რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეს პროცესი საბოლოოდ არჩევნების ლეგიტიმურობაზე?

„არსებობს ვერსია, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. რევოლუცია კი უნდა მოხდეს რაღაცის საფუძველზე - დაიყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა სულ მაგის ძიება იქნება, თუ როგორ ყალბდება არჩევნები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ამ თემაზე საურბისას.

შაბათს, ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები დაამტკიცეს. ოზურგეთში კომისიის დაკომპლექტება ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" ფრთამ ასარჩევი პირების სიას „ქართული ოცნების" მიერ შედგენილი უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და შედეგად დაკომპლექტების პირველი მცდელობა ჩაიშალა. საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე დადგა. საბოლოოდ, ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და წევრები აირჩიეს.

განსაკუთრებით ხმაური იყო ზუგდიდში. საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება აქაც ვერ მოხერხდა პირველი კენჭისყრით, რადგან სიას მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.

„ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს მიმართა და აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც საუბნო კომისიებში ინიშნებიან, ყველა პარტიული ნიშნით არის შერჩეული. საპასუხოდ მესხმა განაცხადა, რომ „კომისიას არ ევალება მათი გენიალოგიის მოკვლევა" და კომისიისთვის „მთავარია ის დოკუმენტაცია, რომელიც სავალდებულოა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად".

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესმა ხმაურის და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე ჩაიარა ბათუმსა და ფოთშიც, თუმცა საბოლოოდ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები მაინც აირჩიეს.

რას ამბობს ცესკო

შაბათს ცესკოს წარმომადგენელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა აერჩიათ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2-5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.

„უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას. ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას, გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. ამიტომ, ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი.

„ასევე, მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი", - განაცხადა იოსელიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშილი კი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებთან დაკავშირებით სამზადისის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. მისი თქმით, არსებული საარჩევნო კანომდებლობა „არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციისთვის".

„წინა არჩევნებზე იყო ასეთი ტენდენცია, რომ თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ პარტიის მიერ დანიშნულები, რაც შემდეგ კანონმდებელმა გაითვალისწინა და ბოლო საერთო არჩევნებზე, თუ მათ უფიქსირდებოდათ პარტიული საქმიანობა, მათ ეს შეეზღუდათ. საკანონმდებლო დონეზე ისეთი ფილტრი დაწესდა, რომელიც დღეს უნიკალურია იმდაგვარად, რომ არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციისთვის.

„მიუხედავად ამისა, თეორიული თუ პრაქტიკული დაშვებების ჭრილში, ჩვენ კვლავ ვნახეთ თურმე ის, რომ პირი არის კვალიფიციური, ის, რომ პირს რამდენიმე არჩევნების ფარგლებში ჰქონია საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის გამოცდილება, ის, რომ მასწავლებლები, სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ამ პროცესში მონაწილეობას რომ იღებენ, თურმე ეს არის პრობლემა", - აღნიშნა კალანდარიშვილმა „იმედთან".

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედებები არჩევნების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„ჯერ იყო საუბარი, რომ დამთვლელი მანქანები კარგი არ იყო და თურმე ეს კომპანია რომელიღაც აზიურ ქვეყანაში რაღაც სკანდალში გაეხვა. შემდეგ იყო, რომ თურმე კენჭისყრის წესი კარგი არ არის. ახლა, თურმე ყველა - 560 წევრიდან 560-ვე „ქართული ოცნების" მხარდამჭერია და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართულია, რომ წინასწარ მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია და ვის აწყობს ეს? ეს ყოველთვის იმ ძალას აწყობს, რომელიც წინასწარ მარცხსაა შეგუებული. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ამ სერიალს მიეჩვია და არაერთი სეზონი აქვს ნანახი",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ. ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც არაა „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, ან „ქართული ოცნების" წევრი არ არის. კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ საოლქო-საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი დგას, ის თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უშუალო დავალებებს იღებს", - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერში ეჭვი შეგვაქვს"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი ნდობაა და ამ გაწამაწიის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციას ყველაფერში ეჭვი შეაქვს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომი სცენარებისთვის საფუძველს ქმნიდეს.

„როგორც ჩანს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატია ნაადრევია, რადგან დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი ნდობაა. რაღაცას უნდა ენდო, თუ არა და ეჭვი ყველაფერზე შეიძლება გამოითქვას. ამ მხრივ საინტერესო პრეცედენტი აქვს საფრანგეთს. იქ საარჩევნო პროცესი პოლიციას მიჰყავს და არავინ არ იძახის ქვეყანაში, რომ რადგან პოლიციას მიჰყავს, ესე იგი ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებსო. საფრანგეთის მაგალითი უფრო მის მოსახლეობის სახელწიფოს მიმართ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს, ვიდრე იმაზე, რომ არიქა ვიღაცა უფრო პატიოსანია და ვიღაცა ნაკლებადო.

„ჩვენ ყველაფერში ეჭვი შეგვავს და შეიძლება ამით იყოს გამოწვეული ეს გაწამაწია. დავუშვათ ცდილობენ, რომ დამთვლელებად, ან, უფრო ზუსტად, ორგანიზატორებად მეტი თავიანთი ხალხი ჰყავდეთ. თავი რომ გადაიკლა კაცმა, რომ არიქა „ოცნებას" ასეთი მიზანი არ ექნებაო, ძნელი სათქმელია, რადგან „ოცნება" თვითონ ელოდება შეტევას საარჩევნო სტრუქტურებზე „ნაციონალების" მხრიდან. მოგერიების ყველაზე კარგი საშუალება თვითონ შეტევაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2012 წელს „ოცნება" რომ მოდიოდა, მაშინაც კი არჩევნები სადღაც 40%-ით გაყალბდა. „ოცნება" არც ისე გულუბრყვილო მეტოქეა საარჩევნი ბატალიებში. ოპოზიცია თუ ძალიან ეჭვიანობას გამოავლენს, იმასაც იტყვის - არჩევნები კომპიუტერული პროგრამითაც გააყალბესო. მაგალითად, ტრამპს და მის გარშემო მყოფებს ეჭვი აქვთ, რომ ბოლო - ბაიდენთან შერკინების დროს ელექტრონული არჩევნები გააყალბეს. გადათვლებიც იყო, მაგრამ მაინც ეჭვი აქვთ", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ არაა გამორიცხული ოპოზიცია ქმნიდეს საფუძველს რევოლუციისთვის.

„არსებობს ვერსია და ეს ვერსია ხელისუფლებას აქვს, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციაც და დასავლეთის ბევრი პოლიტიკური ჯგუფი. რევოლოცია კი უნდა მოხდეს რაღაცის საფუძველზე - დაიყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა. მზადდება ეგ პირობა, არჩევნები როგორღაც ხომ უნდა გაყალბდეს და უნდა გაყალბდეს საარჩევნო ყუთებთან და ა.შ. ახლა სულ მაგის ძიება იქნება თუ როგორ ყალბდება არჩევნები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×