ნატალია ჯვარიძე
09.09.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე" დაწერა.

მისი თქმით, „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან" და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ.

„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიურად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა" გახდა.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშილს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლას. მისივე აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება იმას, რასაც იმსახურებს საქართველო.

„უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა და დაინიშნა უფრო მკაცრი და პრინციპული არამარტო საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად მსოფლიოს მიმართ. უკრაინაში აშკარად არსებობს სამართლიანი განცდა, რომ ამ ომს ყველა მიეჩვია და ამას რუსეთი კარგად იყენებს. ამიტომ ჩანს უკვე, რომ უკრაინა საგარეო პოლიტიკას ამკაცრებს.

„ახლა საქართველო გამკაცრების მიმართულებით არ არის მთავარი კომპონენტი, მაგრამ ცოტა არ იყოს უხერხულია აქ სიტუაცია მშვიდად იყოს, როცა საქართველო ყოველდღიურად შეუარაცხყოფას აყენებს უკრაინას.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო თუ არა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, რომ თითქოს ეს ადამიანი აქ ელექტრონული ტექნიკით ვაჭრობდა. რისი იმედი აქვს ამ „ქართულ ოცნებას", არ ვიცი. თუ ჰგონია, რომ ასე იოლად დამაჯერებელია მათი ასეთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქილიკი უკრაინის წინააღმდეგ?

„რა თქმა უნდა, მეც რომ ვყოფილიყავი უკრაინის მოქალაქე, ჩემთვისაც მიუღებელი იქნებოდა მითის შექმნა თითქოს საქართველოში ყველაფერი წესრიგშია რაკი იქ ელჩი ან წარმომადგენელი გვყავს. ასე რომ, მგონი ეს გადაწყვეტილება შეესაბამება იმას, რასაც იმსახურებს საქართველო, რომელიც ასე შეურაცხმყოფელად ექცევა უკრაინას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ვინაიდან საქართველო არ ერთვება „საომარ მოქმედებაში და მეორე ფრონტს" არ ხსნის, უკრაინიდან მოდის ბულინგი და ხშირად ასეთი გადაწყვეტილებებსაც იღებენ.

„უკრაინული სახელმწიფო პროპაგანდისგან განსხვავებით, მე ვენდობი ირაკლი კობახიძის ინფორმაციას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უკავშირდებოდა უკრაინელი დიპლომატის არასათანადო შესყიდვებს, რაც ომის დროს თანამდებობის პირისთვის შეუფერებელია.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ოფიციალური კიევიდან მომდინარეობს საქართველოს უსინდისო და უსაქციელო გამონათება იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არ ჩაერთვება რაღაც საომარ კამპანიას ე.წ. მეორე ფრონტში და ა.შ.

„ამის გამო ჩვენ მივიღეთ არაერთი უსაგნო კრიტიკა კიევიდან. თუმცა როდესაც ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება უკრაინის ხელისუფლებაში კარგად გააცნობიერებენ, რომ ისინი მცდარნი იყვნენ, ძალიან დაუმსახურებლად აკრიტიკებდნენ საქართველოს და საჭიროა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს.

„ქართველი პოლიტიკოსები წყენას არ იგროვებენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ და ეს ცალკეული განცხადებები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს დაბულინგებას ემსახურება კიევიდან, წარსულს ჩაბარდება. მე ძალიან ღრმად მწამს, რომ ისტორიულ მრავალსაუკუნოვან საქართველო-უკრაინის ურთიერთობას არაფერი ემუქრება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×