ოქტომბრის არჩევნებს უჩვეულოდ ბევრი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, ესენი იქნებიან, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, მოქმედებენ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისიები. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ბევრ დამკვირვებელს არჩევნების ხარისხზე და მის შედეგებზე თავისთავად ექნება გავლენა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის არასაარჩევნო პერიოდში ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები არიან: ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება" (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ა(ა)იპ „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანისაქართველო".
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, 2024 წლის არასაარჩევნო პერიოდში ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები არიან: „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI);„საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი"(NDI).
არჩევნებს ტრადიციულად ეუთო/ოდირიც დააკვირდება.
ამასთან, 8 სექტემბერს 30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია გაერთიანდა სადამკვირვებლო მისიით „ჩემი ხმა". რათა 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს გაუწოოს მონიტორინგი. მოხალისეობრივი მოძრაობა არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დააკვირდება, არამედ საზღვარგარეთაც.როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთში ინტერესი დიდია, რომ ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდეს და დამკვირვებლებს მაქსიმალური რაოდენობით გამოაგზავნიან, რომელთა რიგებში, მისი თქმით, ყველა მიუკერძოებელი ვერ იქნება.
„დასავლეთში ინტერესი ძალიან დიდია, დამკვირვებლებს მასქიმალური რაოდენობით გამოაგზავნიან, რომელთა რიგებში ყველა მიუკერძოებელი და პატიოსნად მომუშავე ვერ იქნება. გარკვეული ნაწილი უსინდისო შემფასებლები იქნებიან, რომელთაგან ხშირად გვესმის საქართველოს მისამართით უსაგნო კრიტიკა, ხელისუფლების ბულინგი და ა.შ. მათ არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ სხვადასხვა ენაზე რადიკალური ნაცოპოზიციის დღის წესრიგს იმეორებენ.
„რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, აქ კიდევ უფრო საინტერესო ოდიოზური პერსონაჟები შემოვიდნენ ე.წ. სადამკვირვებლო სფეროში. გამორიცხულია, რომ კოლექტიური ეკა გიგაურები, ნინო ლომჯარიები, ვითომ პოლიტიკური მოღვაწე ლაშა ბუღაძე და მათნაირები ობიექტურები იყვნენ და მათ ის რეალური სურათი დაინახონ, რაც წინასაარჩევნოდ ხდება და რაც მოხდება 26 ოქტომბერს. ისინი დამკვირვებლები კი არა არიან, არამედ ენმ-ს თავხედურად აგიტირებენ და მმართველ გუნდს ვითომ აშავებენ, ცესკოს თავს ესხმიან და ა.შ. მათი სტილი არ იცვლება, ესაა დეზინფორმაცია და მანიპულაციური ანგარიშები.
„უსინდისო ტყუილებთან ერთად, საარჩევნო გარემოს ურტყამენ სხვა კუთხითაც, უნდათ, რომ მაქსიმალური დაძაბულობა იყოს, რომ საზოგადოება დაზაფრონ, რომ თითქოს კოლოსალურ დარღვევებს და უკანონობას აქვს ადგილი, რომ შექმნან მცდარი სურათი უწინარესად რამდენიმე უსინდისო საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომ მერე წარმოაჩინონ, თითქოს არჩევნები შავბნელ გარემოში ჩატარდა და გამჭვირვალე არ იყო. სინამდვილეში, ბოლო 12 წლის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია ვერ იმარჯვებს ვერცერთი დონის არჩევნებში და ისინი ექსტრემიზმზე არიან გადასულები.
„ესაა მცდელობა, რომ კოლექტიურმა ეკა გიგაურებმა და სხვა ფსევდო დამკვირვებლებმა უცხოეთდან დამატებითი თანხები მიიღონ, რაც არსებული წესების დარღვევაა. თუ ორგანიზაცია 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება, დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. ამდენი შავბნელი საქმეებით ცდილობენ ფონს გავიდნენ, მაგრამ, მაინც ფიასკოსთვის არიან განწირულები. რა მინიმალურ მანდატებსაც მიიღებენ, იმაზე დროებით უარს იტყვიან და შემდეგ კვლავ დაიკავებენ პარლამენტში სავარძლებს.
„ელექტრონულ შუალედურ არჩევნებს ვესწრებოდი, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და რამე დარღვევა რომ ყოფილიყო, ამას გააპიარებდნენ. ახლა ადგილობრივი უსინდისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ თითქოს არ მოხდება ამომრჩევლის სწორი იდენტიფიკაცია, თუმცა ელექტრონულ არჩევნებზე ეს რანაირად იქნება, არ მესმის.
„უცხოური დამკვირვებლების გრძელვადიანი მისიები უკვე დაწყებულია, თუ არ ვცდები, რამდენიმე კვირის წინ „ენ-დი-აიმ" და „აი-არ-აიმ" დაიწყეს. ისინი ადგილობრივებს ხვდებიან, მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის მათ ჭრელი სურათი აქვთ.
„არიან მიკერძოებული ადგილობრივი არასამთავრობიები, რომლებიც ისეთ ტყუილს ავრცელებენ, რაც ნაცმედიაში რეგურალურად ვრცელდება, მაგრამ არიან პატიოსანი ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც ამ სხვადასხვა ხარვეზებს აფიქსირებენ. სპეტაკი საარჩევნო პროცესი არ არსებობს, არც ამერიკაში და არც ევროპაში და არსად, თუმცა არ არის პრობლემები და ჩავარდნები, რისი წარმოჩენაც რევანშისტულ ძალას სურს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დამკვირვებლების სიმრავლეს არჩევნების ხარისხზე და მის შედეგებზე გავლენა ექნება, თუმცა, უფრო ეფექტური ტაქტიკა და გარვეული მექანიზმი უნდა იქნას შემუშავებული, რომ არ გაყალბდეს.
„ვიცით, რომ რამდენიმე ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს. ადგილობრივი ორგანიზაცია დაფუძნდა - „ჩემი ხმა". მათ შორის იქნება „სამართლიანი არჩევნები", ალბათ იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და ა.შ. შესაძლებელია ხელისუფლებამ თავის მხრივ, თავის სასარგებლოდ ის ორგანიზაციები გამოიყენონ, რომლებიც მათ მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. კობახიძემ გამოაცხადა, რომ შესაძლოა საგრანტო კონკურსი გამოცხადდეს იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც დარეგისტრირდნენ.
„რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთოს ფარგლებში, ვარშავაში მოქმედებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი, ისინი მოავლენენ დამკვირვებლებს. არაა გამორიცხული, რომ კიდევ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩამოვიდნენ, მაგალითად „ფრიდომ ჰაუსი" და სხვა.
„რაც შეხება გავლენას, ეს ცოტა რთული პროცესია, სადღაც 3 030 უბანია, არჩევნები ელექტრონული წესით წარიმართება, აქ მთავარია ის თუ რამდენად აქვთ რესურსი, რომ კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე იყოს და თან მუდმივად. ორგანიზაციების წარმომადგენლები მუდმივად გადაადგილდებიან და შეიძლება ამ დროს მოხდეს რაღაც გაყალბება.
„გავლენა დამკვირვებლებს ალბათ მაინც ექნებათ, მაგრამ რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შემუშავებული, რომ ეს გავლენა ეფექტური იყოს, რომ ის შესაძლო დარღვევებიც გამოავლინონ და საერთო ჯამში მანამდეც იყოს შესწავლილი წინასაარჩევნო კამპანია როგორ მიმდინარეობდა",- განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".