მელია-გვარამიას კოალიცია „ცვლილებებისთვის" გამოდის ინიციატივით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაადასტუროს ხელმოწერით, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან" არ ითანამშრომლებენ, იდეას იზიარებს პლატფორმები „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". „გახარია საქართველოსთვის" კი აცხადებს, რომ მათთვის წითელი ხაზია, როგორც „ოცნება", ისე ენმ.
„ოპოზიციის განცხადებები კრიტიკის საგანიც არაა, უკვე ღიმილის მომგვრელია. ადრეც ჰქონდათ ეს ფრაგმენტი, რომელიღაცა არჩევნების წინ, რომ მოვაწეროთ ხელი რომ არ ვითანამშრომლებთო, ხელისუფლება თანამშრომლობს მაგათთან?"- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„საერთოდ არ ვარ კატეგორიული განცხადებების მომხრე, უკან დასახევი გზა ყოველთვის, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, არათუ პოლიტიკურ პარტიას. როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, გასაგებია, რომ არჩევნების შემდგომ გამოირიცხოს გარკვეული ვარიანტები, „ქართული ოცნებასთან". კი ბატონო, მეც მომწონს ეს იდეა, მაგრამ წარმოუდგენიათ ის ვარიანტი, რომ თუ არცერთ მხარეს კოალიცია არ გამოუვიდა, არჩევანი რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ამას უშვებენ?"- აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
ვინ რას ფიქრობს მელია-გვარამიას კოალიციის იდეაზე
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის" ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან" არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია. მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ხელს აწერდა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" კოალიციური პარტნიორები, ასევე იქნებიან სხვა პროდასავლური პარტიები და ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია.
„ვფიქრობ, თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას კონკრეტულად არ ვიცნობ და მას შემდეგ რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, უკეთესად შემეძლება ამაზე საუბარი.ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ყოველთვის ხელს ვაწერდით", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ამავე პლატფორმის წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, თავისთავად ცხადია, რომ „ქართულ ოცნებასთან"ამ საკითხში მათი კოალიციიდანაც არავინ ითანამშრომლებს.
„ეს თავისთავად ასე არის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ჩვენი გაერთიანება, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", ბუნებრივია, არანაირ და ვერანაირ კოალიციას არ გეგმავს „ქართულ ოცნებასთან". რაც ისედაც ჭეშმარიტი და ცხადია, კიდევ წერილობით დოკუმენტი საჭირო არ არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პირობა შეიძლება იყოს უფრო მკაცრიც.
"ოპოზიციის ყველა წევრმა ვინც იქნება საპარლამენტო გამსვლელ სიაში, უნდა აიღოს ვალდებულება, რომ გაყალბების შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მიიტაცებს არჩევნებს, უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს გიორგი გახარიას გუნდს, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მათთვის წითელი ხაზია როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".
"ჩვენ 4 წლის წინ დავტოვეთ ოცნება და მათთან თანამშრომლობა რომ გვდომებოდა, ვითანამშრომლებდით სახელისუფლებო პოზიციების მხრიდანაც, ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ჩვენი წითელი ხაზები მკაფიოდ გავავლეთ. მე შევახსენებ საზოგადოებას, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ არც "ქართულ ოცნებასთან" და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან"," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
სწორია თუ არა ოპოზიციის მხრიდან უკანდასახევი გზის მოჭრა
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კატეგორიული განცხადებების გაკეთება პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია და „უკანდასახევი გზა ყოველთვის უნდა ჰქონდეთ".
„მე საერთოდ არ ვარ კატეგორიული განცხადებების მომხრე, უკანდასახევი გზა ყოველთვის, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, არათუ პოლიტიკურ პარტიას. როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, გასაგებია რაც უნდათ, რომ არჩევნების შემდგომ გამოირიცხოს გარკვეული ვარიანტები, „ქართული ოცნება" რომ იყოს კოალიციაში. კი ბატონო, მეც მომწონს ეს იდეა და მშვენიერია, მაგრამ მათ წარმოუდგენიათ ის ვარიანტი, რომ თუ არცერთ მხარეს კოალიცია არ გამოუვიდა, მეორე არჩევანი რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ამას უშვებენ?
„ძალიან სახიფათო განცხადებაა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, ოპოზიცია გავიდეს ისე, რომ მთავრობა თვითონ შექმნას და "ოცნება" გვერდზე დატოვოს, ეს ბრწყინვალეა. ყველაზე ცუდი ვარიანტია, „ოცნებამ" მთავრობა თავად ჩამოაყალიბოს, შესაძლოა არა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტია თუ კვალიფიციური უმრავლესობა ექნებათ, მთავრობას დაამტკიცებს, ბიუჯეტს თუ კანონებს.
„სხვა შესაძლო ვარიანტი ისაა, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ ჩამოაყალიბოს მთავრობა, ვერც „ოცნებამ" ცალკე და ვერც ცალკე ოპოზიციამ. მეშინია,რომ ყველაზე რეალური ვარიანტი ეს იქნება, სამწუხაროდ. ამ ფონზე, რა გარანტიაა იმისა, რომ როცა ვადამდელი არჩევნების გარდაუვალობა დადგება, „ოცნებამ" არ ილაპარაკოს, რომ ხომ ხედავთ ხალხო ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია და ხმა მე მომეცითო. ვადამდელ არჩევნებზე კი „ოცნება" უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ახლა ოქტომბერში.
„ამიტომაც ასეთი რადიკალიზმი და არც დედის დაფიცება საჭირო არაა. თუ ვინმე კითხვას დაუსვამს, რომ რას აპირებენ, უნდა უპასუხონ - ვნახოთ რა იქნება და მერე სიტუაციიდან გამომდინარე მოვიქცევითო. ესაა ნამდვილი, რეალური პოლიტიკა, სიტუაციიდან გამომდინარე რეაგირებდე. რასაც ისინი ამბობენ, ეს რწმენასთან უფრო ახლოსაა, რომ ეშმაკს არ შევეკვრები და ა.შ. გახარიას პარტიის უფრო მესმის, რადგან რადიკალიზმი ყველას და ყველაფერს ანგრევს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავად ხელისუფლება არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან.
„ხელისუფლების განცხადებები ხშირად კრიტიკის საგანია, მაგრამ ოპოზიციის განცხადებები კრიტიკის საგანიც არაა, უკვე ღიმილის მომგვრელია. ადრეც ჰქონდათ ეს ფრაგმენტი, რომელიღაცა არჩევნების წინ, რომ მოვაწეროთ ხელი, რომ არ ვითანამშრომლებთო. ხელისუფლება თანამშრომლობს მაგათთან?
„მერე მეორე, რეიტინგები ხომ ქვეყნდება, მათი გულშემატკივარი სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციების რეიტინგებშიც კი, „ოცნებას" წამყვანი ადგილი უკავია და ოპოზიციურ პარტიებს მცირე - 1-2% აქვთ. გაუგებარია რის ხელმოწერას აკეთებენ, დათვზე სანადიროდ მიდიან, თოფი და დანა არ აქვთ და ერთმანეთს უთანხმდებიან დათვს არ ჩავეხუტოთო. თვითონ დათვი ეხუტება?
„ერთადერთი რითაც ოპოზიციამ იმუშავა და მემგონი შედეგიანადაც, არის იმ განწყობილების გავრცელება, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთო, ამას ხელი შეუწყო უცხოელების ანალოგიურმა განცხადებებმაც, მაგრამ, არც ოპოზიცია და არც უცხოელები არ ამბობენ თუ ხელისუფლებაში ვინ უნდა მოიყვანონ. იძახიან კოალიციას, მაგრამ თუ ამას გავშიფრავთ, ეს არაფერს არ ნიშნავს.
„აქედან გამომდინარე, თუკი ამ განწყობილებას შედეგი ექნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს იტყვის იმაზე, რომ ხმა „ოცნებას" და „ნაცებს" მისცეს, მაშინ ძალიან ბევრი ხმა პატარა პარტიებში გადანაწილდება, თუკი ეს პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, ამის დიდი ალბათობაა, მაშინ ეს ხმები წამოვა და პროპორციულად გადანაწილდება „ოცნებასა" და „ნაციონალებზე",მოგებული მაინც „ოცნება" დარჩება.
„თუკი „ოცნება" იმ ხარისხით მოგებული ვერ დარჩა, რომ 50% დაძლიოს, მაინც მას ექნება პირველი ადგილი და კოალიციაც სწორედ მან უნდა შეადგინოს. მათი წინადადება ერთი თვალსაზრისითაა გასაგები, ესე იგი იციან, რომ წააგებენ და ელოდებიან იმისთვის, რომ „ოცნება" იქნება კოალიციის შექმნელიც და ახლა ხელს აწერენ იმაზე, რომ არ ვითანამშრომლებთ „ოცნებასთანო", ამაზე ღია აღიარება იმისა, რომ ჩვენ წავაგებთო, ძნელი წარმოსადგენია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".