„ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „აღიარებისთვის ემზადება". თავად „ოცნება" კი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში ცუდს ვერ ხედავს და ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებას „ხელს შეუწყობს". ანალიტიკოსებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე სხვადასსხვა მოსაზრებები აქვთ.
გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი რთული და ხანგრძლივია, ამისთვის კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა მთავარი.
„ნაცმოძრაობისგან" და მის საფარქვეშ მყოფი პოლიტიკური სუბიექტებისგან ტერიტორიულ მთლიანობასა და პატრიოტიზმზე საუბარი დიდი უზნეობაა - 2008 წლის აგვოსტოში სააკაშვილის რეჟიმმა თანაოკუპანტის როლი შეასრულა და შემდეგ კაპიტულატურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, როგორც ევროპის საბჭოში, ასევე კაპიტულანტურად - სიმბოლურ ფასებად გადასცა სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას. ქართული საზოგადოებისთვის ამ პოლიტიკური ძალისგან საქართველოს ერთიანობაზე საუბრები, ინსინუაციები და განხილვები კატეგორიულად მიუღებელია. ეს თავად ვერაფროთ შეიმეცნეს, რადგან უტიფარი პოლიტიკური ძალაა.
„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სამომავლო პერსპექტივებს. ამ შინაარსის განცხადებები „ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს, საკონატიტუციო უმრავლესობის მიღება სწორედ ამიტომ სჭირდებათ, რათა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
„რასაკვირველია, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საჯაროდ და ტელეეთერებით არ ხდება. ამას წინ უძღვის ძალიან რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები იქნება - უფრო არჩევნების შემდეგ, როდესაც კვლავ უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" ექნება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვადასხვა ხაზებით გარკვეული კულუარული მოლაპარაკება მიმდინარეობს, არა ხელისუფლებებს შორის, არამედ, მაგალითად, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის - იმ სპაციალისტებს შორის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი, მაგრამ ამის აფიშირება არ სურთ, იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტის მოგვარება საკმაოდ მგრძნობიარე და კომლექსური თემაა. მე ახლა ვარაუდს გამოვთქვამ და ამას დანამდვილებით არ ვამბობ.
„ნებისმიერი ბრალდება, რაც „ქართული ოცნების" მიმართ რადიკალური ოპოზიციისგან ისმის, ყოველთვის პირიქითაა, რადგან ნებისმიერი კარგი ნაბიჯი, რომელიც ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დგამს, რევანშისტებისგან მუდმივად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ექცევა.
„ამ მიმართულებით დაწყებული სვლები, რასაკვირველია ქვეყნის ერთიანობისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ იქნება გადადგმული. კონფლიქტების ისტორიებსაც რომ არ გადავხედოთ, ისედაც ნათელია, რომ ხალგრძლივი დავა-დაპირისპირებების მოგვარება ასე უცებ და დეკლარირებულად არ ხდება. ფსევდო გეგმები ჰქონდა სააკაშვილის რეჟმს, ამან სადამდეც მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოსა და მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ვნახეთ.
„ქართველი ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატი „ქართულ ოცნებას" მისცეს, რომ კონფლიქტების მოგვარება შემდგომ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს. ეს ადვილი საკითხი და ლანგარზე მორთმეული არაა, ამისთვის ურთულესი დროში გაწელილი მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ მიზანი მიღწევადია და უფრო მიღწევადი იქნება, როცა ოპოზიიურ სიბრტყეში რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ იქნებიან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არავითარი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ უნდა. ფიქრობს, რომ ესაა ბლეფი და სახიფათო თამაში.
„ოცნებისა" და ივანიშვილისგან იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდათ, მორიგი ბლეფია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, რუსეთი იტყვის, რომ რადგან უმრავლესობა აქვს, ჯარს გავიყვან და უკან მიმაქცს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაო? ეს ამომრჩეველზეა გათლილი.
„ოცნებას" 12 წლის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონების რეინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებია, პირიქით, საქმე გაართულა, თუნდაც ივანიშვილის ბოდიშით და ა.შ. საუბრები იმაზე, რომ თითქოს რამეზე კულუარული მოლაპარაკებებია, ეს უბრალოდ პროპაგანდის ნაწილია. დიპლომატია შევარდნაძის დროს მუშაობდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იყო გარკვეული ურთიერთიბები, მე პირადად შევარდნაძის მმართველობის დროს ქართულ-ოსურ მრგვალ მაგიდაში მიმიღია მომაწილეობა.
„ვფიქრობ, რომ დღეს არანაირ დონეზე არაა მოლაპარაკებები, როგორც „გარეჯი საქართველოას" აცხადებდნენ, ახლა ეს მორიგი ბლეფია. ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ, როგორც 2012 წელს ჰპირდებოდნენ ხალხს ას ქარხანას და ტარიფების შემცირებას, ასეა ახლაც. იტყვიან ჩვენ წინაპირობა შევქმენით, ოღონდ მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესიაო.
„რაც შეეხება აღიარებას, ეს პირდაპირ არ მგონია, მაგრამ დე ფაქტოდ ასე იქნება - შეიძლება სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმონ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან, ეს საშიშია, რადგან როცა ვინმესთან ხელშეკრულებას აფორმებ, აღიარებ, რომ ის მხარეა", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
„განცხადება, სადაც ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ასახელებს და საქართველოს მეზობლებად მოიხსენებს, ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა. მინდა კახი კალაძეს შევახსენო: აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას! ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია.
„დღეს უკვე ყველასთვის ნათელია თუ რატომ საუბრობს საზოგადოების ნდობისგან დაცლილი ივანიშვილი, რომლის პარტიასაც პარლამენტში უბრალო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე - "ქართული ოცნება" ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აღიარებისათვის!"- აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე.
დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ" კი არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.
„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა შერიგება და ურთიერთპატიება მოხდეს,სხვანაირად შეუძლებელია. ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ლავროვის მხრიდან, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, ცუდი რა არის ამაში?! პოზიტიურია, რომ ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი. დესტრუქციულმა, რადიკალურმა ბოროტმა ძალამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" ბოროტების მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნა თავისი პატრონებთან ერთად, მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ანალიზი.
„ჩვენც გვაქვს შეცდომები დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებით ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ურთიერთპატიებას შეიცავს, თანაცხოვრება მოვახდინოთ, ტერიტორიების გამთლიანება. ეს გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით და ძალით, როგორც რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია თავის პატრონებთან ერთად. ივანიშვილის განმარტებას გახსოვთ რა სპეკულაციები მოჰყვა, ეს არის ბოროტი ძალა, მოღალატეები, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ლტოლვილი მოსახლეობა მივიღეთ. არ გაქვთ წაკითხული ტალიავინის დასკვნა, მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი, თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ აუცილებლად", - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, უპასუხა კითხვას, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მეზობელ ქვეყნად მოიხსენიებს და მიუთითებს თუ არა, რომ რუსეთი აღიარებას ითხოვს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის სიბინძურე და სპეკულაცია. მისივე თქმით, ამ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზადაა მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში", თუკი თავად „ქვეყნები" დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.