ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშს რუსეთის მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით „ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც. ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარია მეზობელ ქვეყნებზე და რომ აფხაზებსაც და ოსებსაც ადრე თუ გვიან „მეზობელ" საართველოსთან ურთიერთობა მოუწევს.
თბილისში ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. თავის მხრივ ლავროვის ამ განცხადებს მმართველი გუნდი გამოეხმაურა. „ოცნებაში" ამბობენ, რომ ლავროვის განცხადებას მიესალმებიან. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ამას მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები ან თუნდაც მსჯელობა ამ ნაბიჯებზე. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თითოეულ განცხადებას, რომელსაც პრობლემის მშვიდობაინად მოგვარება მოჰყვება, მიესალმებიან.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ლავროვის ამ განცხადებაში შესაძლოა ქართველებისთვის გარკვეული ხაფანგი იყოს. მათი აზრით, ეს არის ბლეფი, რომლიც წინასაარჩევნოდ კრემლმა „ოცნების" დასახმარებლად წამოიწყო.
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თუ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება პრაქტიკული, ანუ გადადგამს რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩაურევლობასთან დაკავშირებით ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და, ამავდროულად, მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზოგადად საქართველოდან ჯარების გაყვანას, ჩვენ დავრწმუნდებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების ხარისხიანობაში.
რადგან ჩვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, კიდევ ერთხელ რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ სურს დეოკუპაციის პროცესი მშვიდობიანად, არამედ სურს მათ მიერვე დაანონსებული ომი და სამხედრო კონფლიქტი ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით კი ტერიტორიული მთლიანობა ქვეყანაში უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით და არა ცალმხრივად, ბოდიშის მოხდით.
„ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით და არა ცალმხრივად, ბოდიშის მოხდით. მტერს უნდა ველაპარაკოთ ძლიერ მეგობრებთან ერთად და პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული და პრაგმატული," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ამასთან, „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ქართველი ხალხი ზედმეტად კარგად იცნობს რუსეთს და შესაბამისად, ყველა მათი პოლიტიკური განცხადება შესაძლოა გარკვეულ ხაფანგს წარმოადგენდეს.
„არჩევნებამდე იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ეცდებიან არჩევნებამდე თქვან, აი, ცოტაც და ჩვენ აფხაზეთს ვიბრუნებთ. სინამდვილეში ამ ქმედებებს, ამ სიტყვებს ამ ქვეყნისთვის არანაირი კონკრეტული, სასიკეთო ნაბიჯები არ მოჰყვება. ქართველი ხალხი ზედმეტად კარგად ვიცნობთ რუსებს, ბატონ ლავროვს, ბატონ პუტინს და ა.შ. რომ მათი ნათქვამი სიტყვები ჩვენ სასარგებლოდ არ დავიჯეროთ. პირიქით, მე მგონია, რომ ყველა ასეთ სიტყვებში ხაფანგი იმალება, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვისაც, თუ კარგად დაფიქრდებიან ამაზე," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ეს განცხადება ლავროვის მხრიდან ძალიან უცნაურია, რადგან მისი კონტექსტი მან სრულიად სხვაგვარად გაიგო. ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამით ლავროვმა „ოცნებას" ყველა შესაძლებლობა მოუსპო იმაზე საუბრით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რუსეთთან შეუძლიათ დაალაგონ.
„მე ლავროვის სიტყვები გავიგე ასე, რომ აფხაზები და ოსები არიან თქვენი მეზობლები, ქართველებს გვეუბნება, რომ „მეზობლებთან" კარგ ურთიერთობაში დაგეხმარებითო. ანუ, კი ბატონო, მივიღეთ თქვენი ბოდიში, კარგები ხართ, მაგრამ არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას ვინმე უარყოფს. მაშინ გამოდის, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა და როგორც მეზობლებთან ასე დაგვეხმარებიან ურთიერთობის ნორმალიზებაში. ეს თქვა ლავროვმა მეტი კი არფერი. ამით კი გამოდის, რომ „ოცნებას" წყალი გადაუწურა. ანუ ივანიშვილის საუბარი წინასაარჩევნოდ იმაზე, რომ რაღაცა ძვრები მიდის, თითქოს ოსებთან და აფხაზებთან და ამ ტერიორიების დაბრუნების შანსები ჩანს, ტყუილია, და ეს ლავროვის განცხადებით დასტურდება. არც არანაირი მოლაპარაკება მიდის და არც სხვა არაფერი. მან „ოცნებას" აღარ დაუტოვა შანსი, რომ ამ თემით პროპაგანდა გააგრძელოს. აბა, სხვა როგორ უნდა გაიგოს კაცმა ლავროვის ეს ნათქვამი? ის პირდაპირ ამბობს, რომ „მეზობლებს" შორის ურთიერთობის აღდგენას დავეხმარებითო. მე ცოტა ლავროვის ეს ნათქვამი ვერ გავიგე. ახლა არჩევნების წინ ეს რაში სჭირდებოდათ, მართლა ვერ მივხვდი. დაეცადათ და მერე ეთქვათ. ანუ ისევ ხაზი გაუსვა ამით ლავროვმა იმას, რომ რუსები არიან აქ მთავარი და მათ გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს," - ამბობს ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე კი ლავროვის ამ განცხადებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამდენ წლიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა გარკვეული სახის ძვრებია. მამრაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ წლების აგნმავლობაში მიხეილ საკაშვილმა და მისმა ხელსიუფლებამ, თუნდაც „ოკუპაციის კანონით", ააშენეს რკინის ფარდა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დანარჩენი საქართველოსგან გამოყო.
„ნაცვლად იმისა, რომ წლების აგნმავლობაში გვემუშავა აფხაზების და ოსების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციაზე, მიხეილ საააკაშვილმა, არ ვიცი, ალბათ ბიძამისი ალასანიას დახმარებით და დავალებით, საერთოდ ეს რეგიონები საქართველოს მწოყვიტა. ე.წ. ოკუპაციის კანონით სრულიად რკინის ფარდა გაავლო და დღეს ვხედავთ რამხელა გაუცხოვებაა ჩვენსა და ამ ხალხებს შორის. ევროკავშირში მაშინ არა ერთხელ აღნიშნეს ეს ფაქტი. სარკოზი-მედვედევის გეგმაში ეს იყო და ყველას შეუძლია მე-6 პუნქტს სახით ნახოს, სადაც წერია, რომ აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის სტატუსი, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთთან ერთად ამაზე მსჯელობა გაიმართება. სარკოზიმ ხმას აუმაღლა, როცა აქ იყო ჩამოსული 2008 წელს და თქვა, რომ როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს პუნქტი გიცავთ იმისგან, რომ რუსეთმა არ აღიაროს ეს ტერიტორიებიო. ჩვენ ხომ არ დავთანხმდებით ამას და მომიწერე ხელიო, ეუნბებოდა სააკაშვილს. ის კიდევ მიტინგზე გავარდა და იქ ყვიროდა, და ბოლოს ადგნენ და ამოიღეს ეს პუნქტი, რადგან ხელი არ მოაწერა. ამიტომ ამდენი წლის შემდეგ, ლავროვის ეს განცახდება, მე ყინულის დაძვრა მგონია და რაღაცა პროცესების დაწყების იმედს მაძლევს, მოსკოვი ასე ჰაერზე არ ისვრის-ხოლმე სიტყვებს და მაინც მგონია, რომ ამას აქვს თავისი ქვეტექსტი და გზავნილი, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ. სიფრთხილეა საჭირო და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა, რადგან რაღაცაზე რუსები უკვე დაფიქრდნენ და ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს მამარაძე.