პოლიტიკური პარტიები ცდილობენ არჩევნებამდე დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიების ფარგლებში აქტიურად გამოიყენონ. თუმცაღა, საკითხავია რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ ამომრჩევლებს პარტიების მიმართ. ანალიტიკოსები სამ ძირითად მოთხოვნებს ასახელებენ, რომლის უმეტესობასაც პარტიები ნაკლებად აკმაყოფილებენ.
„ოცნება" იძახის, რომ მათი მმართველობის განმავლობაში ომი არ მოხდა, არადა ომი უკვე იყო და მეტჯერ ვეღარ მოხდებოდა, რადგან ქვეყნის პრორუსულად ქცევა ერთხელ ხდება და არა ასჯერ. ამიტომ ზღაპარია, რომ ქვეყანა ომისგან გადაარჩინეს. მნიშვნელოვანია ეკომომიკურ საკითხებზეც ყურადღების გამახვილება", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს კი მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება" ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ხალხის დაკვეთას: „ამომრჩევლების პირველი თხოვნა არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. მეორე, ეკონომიკური კეთილდღეობა აუცილებელი პირობაა და მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელი ამომრჩევლისთვის ეს სამი საკითხია ყველაზე აქტუალური, რომელსაც მმართველი პარტია აკმაყოფილებს.
პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს იმაზე, რაც ამომრჩეველს ძირითადად აწუხებს.
„ყველა სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებს პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ: უმუშევრობა, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხოება და ა.შ. გარდა ამისა, აქტიურ ამომრჩეველს, ვინც პოლიტიკით დაინტერესებულია, მას განსაკუთრებით აინტერესებს რა ვექტორს აირჩევს საქართველოს მომავალი ხელისუფლება.
„ანუ, უფრო ევროპისკენ წავა, უნიკალურ შანსს გამოიყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ მომავალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ამ გაურკვეველ ვითარებაში დარჩება, სადაც რუსული გავლენები რეგიონში ძალიან ძლიერია.
„ფაქტობრივად, ეკონომიკურ საკითხებზე პოლიტიკური პარტიებიდან ცოტა ვინმე თუ ლაპარაკობს. „ქართული ოცნება" კი იძახის, რომ ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ ეს არ ჩანს, რადგან ამავე დროს, სიღარიბემ მოიმატა. ვინაიდან, „ოცნება" აშკარად ვერ აკმაყოფილებს სიღარიბის წინააღდეგ ბრძოლას და უმუშევრობის შემცირებას, ამას სხვა რომელიმე პარტია უნდა სთავაზობდეს ამომრჩეველს, მაგრამ არავინ ლაპარაკობს.
„ყველა რუსეთზე და ევროპაზე ამახვილებს ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არაა, მაგრამ ამომრჩევლებს ეკონომიკური საკითხებიც აინტერესებს. კი, ამბობენ რაღაც-რაღაცებს, თუმცა კონკრეეტულად არ საუბრობენ, როგორ შემცირდება უმუშევრობა და როგორ გამოსწორდება სიტუაცია.
„არავინ არ სთავაზობს ხალხს მექანიზმებს, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. თუნდაც პენსიების ზრდა: ბევრი ამბობს, რომ გაიზრდება, მაგრამ როგორ? ესაა საკითხავი, ან რის ხარჯზე, სად მოხდება ეკონომია და როგორ გამოყოფენ თანხებს, ეს არ ჩანს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".