თამთა ჩაჩანიძე
02.10.2024

ახლო აღმოსავლეთი დიდი ომის ზღვარზეა - ისრაელი ირანის მასშტაბურ თავდასხმაზე მწვავე საპასუხო ზომებით იმუქრება, თეირანი კი აცხადებს, რომ ამ ეტაზე სარაკეტო იერიში დასრულებულია, თუმცა, თუკი მოწინააღმდეგე უპასუხებს, სამიზნე უკვე მთელი ისრაელის ინფრასტრუქტურა გახდება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ისრაელი მასშტაბურ დარტყმას დიდი ალბათობით უპასუხებს და თუ ირანიდანაც მძლავრი პასუხი მოჰყვა, ეს უკვე სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებაა, რისი მასშტაბების გათვლის პროგნოზირება ამ ეტაპისთვის ჭირს. მათი შეფასებით, სიტუაციის დაძაბვა საქართველოზე იმოქმედებს, როგორც პოლიტიკურად ისე რეგიონში არსებული სიტუაციის გაუარესების თვალსაზრისით.

ექსპერტების შეფასებით, ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე თეირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელობა ისრაელის პასუხის მასშტაბებს ექნება.

მოვლენების ქრონოლოგია

1-ელი ოქტომბრის საღამოს ირანმა ისრაელის მიმართულებით ირანმა ასობით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმოდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 500 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, რომელთა ჩამოგდების ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ასევე, მედიის ინფორმაციით, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ ამის შედეგად საკუთარი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის დახურეს.

ამავე საათებში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა "განიხილეს აშშ-ის მზადებების სტატუსი, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმებისგან დაცვაში და რეგიონში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიცვან."

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას „შედეგები მოჰყვება".

„უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ", - განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან დამატებითი საფრთხეები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმა დასრულდა.

„თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში... ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით", - განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, „ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს. ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქალაქში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლას" წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების 36-ე დივიზიაც შეუერთდა.

ისრაელის მოკავშირეებმა ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიში დაგმეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ძალები მობილიზებულები არიან ახლო აღმოსავლეთში, რათა აჩვენონ მისი ქვეყნის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.

მან ასევე პირობა დადო, რომ მოაწყობს კონფერენციას ლიბანელი ხალხისა და მისი ინსტიტუტების მხარდასაჭერად და ისრაელს იქ ოპერაციების რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გააკრიტიკა ირანის ქმედებები, რომელიც, მისი თქმით, მიუღებელია. ამასთან, მან ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან სიტუაციის განმუხტვის და მისი სრულ ომში გადაზრდის თავიდან აცილების მიზნით", - განუცხადა შიგერუ იშიბამ ჟურნალისტებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა ირანის სარაკეტო თავდასხმას საშიში ესკალაციას უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი შემდგომი საბრძოლო მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.მისი თქმით, მისი თქმით, საჭიროა რეგიონში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„ევროკავშირი რეგიონული ომის თავიდან აცილებაში წვლილის შეტანის ერთგული რჩება", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შეასრულა თავისი ვალდებულება პარტნიორობა გაეწია ისრაელისთვის მის დაცვაში და ირანის მიერ ისრაელისკენ გასროლილი მრავალი რაკეტა ჩამოაგდო.

„აშშ-ის ძალებმა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული მრავალი რაკეტა შეაკავეს, რადგან ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება, პარტნიორობა გავუწიოთ ისრაელს მის თავდაცვაში. ვგმობთ ირანის აგრესიის ამ აღმაშფოთებელ აქტს და მოვუწოდებთ ირანს შეწყვიტოს შემდგომი თავდასხმები, მათ შორის მისი მარიონეტული ტერორისტული ჯგუფების მხრიდან", - ნათქვამია ოსტინის განცხადებაში

თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, აშშ უყოყმანოდ დაიცავს მისი ძალებისა და ინტერესების დაცვას ახლო აღმოსავლეთში და მხარს დაუჭერს ისრაელის დაცვას.

„ვამაყობ აშშ-ის ჯარების უნარითა და სიმამაცით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ირანის თავდასხმისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და რომლებიც აგრძელებენ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და კონფლიქტის ან ესკალაციის გაფართოების თავიდან აცილებას. ჩვენი ძალები ინარჩუნებენ პოზიციას შეერთებული შტატების ჯარებისა და პარტნიორების დასაცავად ახლო აღმოსავლეთში და დეპარტამენტი ინარჩუნებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, დაიცვას ჩვენი ხალხი, უზრუნველყოს ისრაელის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა და შემდგომი ესკალაციის შეკავება", - აღნიშნა ოსტინმა.

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ.

„თუკი ისრაელს სურს გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამაღამდელი ოპერაცია რამდენჯერმე გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება", - განაცხადა ბაგერიმ.

მისი თქმით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი სათანადოდ მომზადებულია იმისთვის, რომ გაიმეოროს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გაძლიერებული ინტენსივობით.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის.

არის თუ არა ესკალაციის საფრთხე და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანმა ისრაელს სამი მიზეზის გამო დაარტყა და ისრაელის პასუხიც დიდი ალბათობით იქნება. ამის მერე ნათელი გახდება გადაიზრდება თუ არა მასშტაბურ ომში დაპირისპირება.

„ირანის დარტყმა „ჰეზბოლას" ლიდერშიფის განადგურებაზე პასუხი იყო, ამასთან, ლიბანში მოკლულ იქნა ირანის გენერალი. ირანის დარტყმა პრევენციული იყო იმისათვის, რომ ისრაელი ლიბანში არ შეჭრილიყო - ამ სამი მიზეზით განახორციელა თეირანმა მასიური დარტყმა, რაშიც შურისძიების ელემენტიც იყო და პრევენციული ღონისძიებაც, რათა არ დაეშვა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაკავება, იქ პლაცდარმის შექმნა და „ჰეზბოლას" პოზიციების შესუსტება.

„ირანელები ამბობენ, რომ მათ „რკინის გუმბათის" 90% გაარღვიეს, გუმბათმა გარკვეულწილად ფუნქციები ვერ შეასრულა და ისრაელი სამხედრო ინფრასტრუქტურას საკმაო ზიანი მიადგა, რამდენიმე სამხედრო ბაზა განადგურდა და ვიდეოებში ფიქსირდება, რომ ქალაქებში რაკეტები ინტენსიურად ვარდებოდა. პირდაპირ ჩანდა, რომ ირანულმა რაკეტამ გამვლელი შეიწირა.

„ამ ეტაპზე „რკინის გუმბათმა" ვერ იმოქმედა. ეს გასაგებია, რადგან განკუთვნილი იყო უფრო კუსტარული და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ ოპერატიულ-ტაქტიკური და ოპერატიულ-სტრატეგიული რაკეტების მოგერიებაში აჩვენა, რომ უძლურია. ირანმა საკმაოდ გააძლიერა თავისი ბალისტიკური რაკეტების მონაცემები, მათ უკრაინის ომის გამოცდილება გამოიყენეს.

„ჩემი ინფორმაციით, 200-დან 400 რაკეტამდე იქნა გაშვებული, პლიუს უპილოტო საფრენ აპარატებზეც იყო საუბარი. ამავე დროს, „ჰეზბოლამ" გაუხსნა ცეცხლი საარტილერიო-ზალპური სისტემებიდან სამხრეთ ლიბანიდანაც. ეს იყო კარგად კოორდინირებული საჰაერო-ხმელეთის მასშტაბური ოპერაცია. იმ დონეზე იყო დარტყმა, რომ ისრეალის მთავრობას პრემიერის ჩათვლით, მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ. ეს უკვე აღნიშნავს დარტყმის სერიოზულობას.

„ისრაელი უპასუხებს და საჰაერო-კოსმოსური ძალები დაარტყამენ ირანს, შეტევას ველოდები, რომ იქნება ირანი სამხედრო ობიექტებზე. ეს იქნება პასუხი და არ გამოვრიცხავ იერიშს დიდ ქალაქებზეც. ამას თუ შემდეგ ისევ ირანი უპასუხებს, ეს ფაქტიურად ომის გამოცხადებაა სახელმწიფო დონეზე, სადაც მერე მასშტაბების გათვლა ძალიან რთულია - მერე ისრაელი ვალში არ დარჩება ირანს და პასუხების პასუხები უკვე ფართომასშტაბიანი ომია",- განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, სიტუაციის გართულება საქართველოზეც აისახება.

„რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება, ჩვენს რეგიონზე იმოქმედებს, პირველ რიგში მანძილის გამო. ამასთან, ირანსა და ისრაელს ჩვენს რეგიონში გარკვეული ინტერესები აქვს და ამის გამოძახილი ის შეიძლება იყოს, რომ შესაძლოა კავკასიის რეგიონშიც დაიძაბოს სიტუაცია. საქართველოში ამ ომს პოლიტიკური გავლენა ექნება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არცერთ მხარეს არ აწყობს სიტუაციის დაძაბვა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გაუთვლელი მიზეზების გამო, ესკლაცია თავიდან ვერ აირიდონ.

„ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე შეტევა ამ ეტაპზე დასრულებულია, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს, რომ გადაიზარდოს რეგიონალურ კონფლიქტში. თუმცაღა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია ისრაელს უკვე ისედაც აქვს პალესტინაში, ლიბანში, მას ნამდვილად არ აწყობს ირანთან პირდაპირი კონფლიქტი.

„პირდაპირი კონფლიქტი ისრაელთან ირანსაც არ აწყობს სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ სავარაუდოდ სიტუაციის დაძაბვას ნაკლებად უნდა ველოდოთ. თუმცა, ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ არცერთ მხარეს ომი საერთოდ არ სჭირდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო თუ ესკალაცია თავიდან ვერ იქნა არიდებული, უკვე შესაძლოა უკვე სხვა აქტორები ჩაერთოს - მათ შორის აშშ და სხვები. ამ ეტაპზე ირანმა თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილა და შესაძლოა ამ დაბომბით შემოიფარგლოს, თუ შემდგომში რამეში არ გადაიზარდა.

„თუ ვითარება დაიძაბა, სიტუაცია საქართველოსთვისაც ძალიან გართულდება და განსაკუთრებით უკრაინისთვის - მის დასავლურ მხარდაჭერას გაართულებს, ეს კი საქართველოზეც იმოქმედებს. უკრაინის მომავალზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში სიტუაცია საქართველოსა და ჩვენს რეგიონში",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×