ნატალია ჯვარიძე
02.10.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ახსნა, თუ რატომ შეიცვალა პოზიცია. მან ასევე, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქციერების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამას პარტიაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამასთანავე, პრემიერმა აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ურთიერთობის თვისობრივი გააქტიურება მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით მოქმედებენ, თუმცა „უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულაციებისთვის საბაბი".

როგორც კობახიძე აცხადებს, ანტიკორუფციული ბიურო არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით მოქმედებს.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციულ ბიუროს იმისათვის, რომ გაიზიარა პირადად ჩემი და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველასთვის ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს მოქმედებენ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით. მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი.

„ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას არც ისინი მალავენ, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თავის დროზე აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ ორგანიზაციებს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სატატუსი შეუფარდა. თუმცა, ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორე არის სახელმწიფო მიზანშეწონილობა.

„რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. ამიტომ, ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის" თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს უბრალოდ არაფერს იძლევა. ერთადერთ, რასაც ეს იძლევა, არის ის, რომ ის ვიღაცეებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით, ვერც 2020 წელს გააკვირვა და მითუმეტეს, ვერც 2024 წელს გააკვირვებს ისეთი შელახული აქვს რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა სპეკულირებისთვის საბაბი. კარგია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება გაიზიარა. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძვნებოდა ჩვენი მოწოდება, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გაავრცელა", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას" მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნული შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს გუშინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.

პრემიერმა ასევე, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირების შესახებ და განაცხადა, რომ მას ვერავითარი ფორმალური სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაც ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისთვის" ეს არის არასერიოზული და უინტერესო საკითხი.

„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკულო კუთხით იყოს აქტუალური სანქციები ფინანსური კუთხით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ის დღესაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. თუმცა, ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას 2-წელიწადნახევარია გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილის ვერ დააშანტაჟებ! სხვა მიმართულებითაც ასეთი შანტაჟი საერთოდ აქტუალური არ არის. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ვიღაცებმა სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და საინტერესო არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხი უბრალოდ პრინციპის და ღირსების საკითხია.

„ფინანსური კუთხით არ არის, მაგრამ ღირსების საქმეა, როდესაც ფინანსური საკითხებით გაშანტაჟებენ და ამ კუთხით შეიძლება იყოს მხოლოდ საინტერესო", - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილს მხრიდან შესაბამისი პასუხი გაეცა.

„ბიძინა ივანიშვილის პასუხში დეტალური პასუხია გავემულ ყველაფერთან დაკავშირებით", - აღნიშნა კობახიძემ.

საუბარია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან" დაკავშირებული საკითხი, რომელსაც ეხმაურება.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძნა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.

მოგვიანებით, განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ოცნების" რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ უარყო, მას ამერიკაში ყოფნისას, ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა.

„ტყუილია. იქ საუბარი იყო მხოლოდ გაეროს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ შეხვედრებზე თუ მცდელობებზე საუბარი არის სრული სიცრუე", - აღნიშნავს პრემიერი.

მისივე თქმით, ისიც სიცრუეა, რომ მთავრობა ისრაელის ხელისუფლების დახმარებით გარკვეულ შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდა.

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ტყუილი. მანამდე ითქვა ისიც, რომ თითქოს ჩვენ ისრაელის ხელისუფლების დახმარებით გარკვეული შეხვედრების ორგანიზებას ვცდილობდით. ესეც „ლელოს" მხრიდან მოდიოდა, მათი ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან. ზუსტად იგივე ტყუილია. მამუკა ხაზარაძის ხელწერაა, ჩვეულებრივი თაღლითის", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ჰქონდა პრემიერს შეხვედრის მცდელობა, როდესაც ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისმის კრიტიკა, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე".

„მარტივი პასუხი გვაქვს ამასთან დაკავშირებით - ჩვენ კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. ამერიკაშიც ტარდება არჩევნები. წლის ბოლომდე გარკვეულ დონეზე შენარჩუნდება ურთიერთობების ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი და ფუნდამენტური გადატვირთვა მას შემდეგ, რაც დამთვარდება არჩევნები როგორც ერთ ქვეყანაში, ისე მეორეში.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება. ამის შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ურთიერთობების გადატვირთვა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებს გავააქტიურებთ თვისებრივად, სწორედ მომავალი წლის დასაწყისიდან", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×