პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მანამდე სტუმრობდა საფრანგეთსა და გერმანიას, სადაც ქვეყნების ლიდერებთან აუდიენციები შედგა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა და მისი ვიზიტი არაკონსტიტუციურია.
„ეს ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება. მისი ნებისმიერი შეხვედრა, იქნება ეს გერმანიის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს წარმავალ პრეზიდენტ შარლ მიშელთან თუ სხვებთან იმ სტილშია, რაც გიგაურმა გააკეთა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. ესაა საქართველოს სახელმწიფოს დაბეზღება",- აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან".
„თუ კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, პირველ რიგში მთავრობის ქმედებაა არაკონსტიტუციური - 78-ე მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი საგარეო ეროვნულ-უსაფრთხოების პრიორიტეტი არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მთავრობა არაკონსტიტუციურად მოქმედებს, როცა თავად ინტეგრაციის პროცესს აფერხებს",- ამბობს „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა, მათ შორის საფრანგეთში, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი". ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, 1-ელ ოქტომბერს კი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.
ანალიტიკოსთა შეფასებები
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვიზიტებზე თანხმობის მოთხოვნის გაგზავნას აზრი არ აქვს, რადგან მთავრობა ისედაც ნებას არ აძლევს პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე. მისი თქმით, თუ საქმე კონსტიტუციის დარღვევა-არდარღვევაზეა საუბარი, პირველ რიგში ამას საქართველოს ხელისუფლება არღვევს.
„თითქოს, როცა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის კონსიგნაცია სჭირდება და ა.შ. მაგრამ, მთავრობა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ის ევროპელ ლიდერებს შეხვდეს და მოთხოვნის გაგზავნას აზრიც არ აქვს. თუ კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, პირველ რიგში, მთავრობის ქმედებაა არაკონსტიტუციური - 78-ე მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი საგარეო ეროვნულ-უსაფრთხოების პრიორიტეტი არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
„მთავრობა არაკონსტიტუციურად მოქმედებს, როცა თავად ინტეგრაციის პროცესს აფერხებს, თუნდაც პრეზიდენტის ვიზიტების ჩაშლის გამო. მცდელობა შარშანაც იყო და განხილვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივიდა. ხელისუფლება შეშინებულია, რომ თითქოს იქ პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირებს ესაუბრება რაღაც გადატრიალებებთან დაკავშირებით და ა.შ.
„ხელისუფლების ცვლილების თუ ეგრე ეშინიათ, პირველ რიგში თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, რადგან „ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა ხალხი არაერთხელ მოატყუეს. შეესრულებინათ ყველა ის დაპირება და პირობა, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე გასცეს და დღეს შეიძლება ასეთი დილემის წინაშე არ აღმოჩენილიყვნენ.
„თუ „ოცნება" მართლა კონსტიტუციას დაიცავდა - 78-ე მუხლს, მაშინ პროევროპული პოლიტიკა უნდა განეხორციელებინა და არანაირი შიშები აღარ ექნებოდათ. თავიდანვე მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებდა და რაზე მიდიოდნენ. თავად იძახიან, რომ ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვსო, მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვები სხვა რამეზე მეტყველებს.
„ვფიქრობ, ზურაბიშვილს შეხვედრებზე საუბარი ექნება ევროკავშირში მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის პერსპექტივაზე. თუ რამდენად უზრუნველყოფს მომავალში კოალიციური მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი ევროპაში შევხედრებს მთავრობის თანხმობის გარეშე მართავს, რითაც კონსტიტუცია მორიგჯერ დაარღვია, შეხვედრებზე კი დიდი ალბათობით, ოქტომბრის არჩევნებზე იქნებოდა საუბარი.
„ფსევდო პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას კვლავ აგრძელებს, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ამჯერადაც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. როდესაც მისი შეხვედრები და განცხადებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არაა, მარტივად იკითხება, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებებია. ეს თემა უფრო რომ გავშალოთ, ეს აგენტოკრატიისგან მიღებული ინსტრუქცების გაჟღერებაა, სხვა არაფერი.
„რაც ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმსა და სხვადასხვა, თუნდაც ქართველი ემიგრანტების ჯგუფთან შეხვედრაზე თქვა - მისი გზავნილები ერთი-ერთშია იმასთან, რასაც „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულ ნებისმიერ ტელეარხზე თუ მედიაში ვისმენთ. გამეორებულია ის მავნებლური მესიჯბოქსი, რასაც ანტისახელმწიფოებრივობა, უსამშობლობა ჰქვია და სხვადასხვა თემებზე უარგუმენტო და უშინაარსო ბრალდებები „ქართული ოცნების" მისამართით.
„ქალბატონი ზურაბიშვილი, თავის დროზე წარმოაჩენდა, რომ მართლმადიდებელია - მან ჯვრით ხელში სიმბოლურად სამცხე-ჯავახეთში წმინდა ნინოს გზაც გაიარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამჯერადაც ქართულ მართლმადიდებულრ ეკლესიას დაუპირისპირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ხელი არ მოაწერა. ეს გასაკვირი არაა, მანამდე, მან ძალიან უსინდისოდ და ავაზაკურად ილაპარაკა საპატრიარქოში რაღაც რუსულ გავლენებზე, რითაც რევანშისტების მორყეული ფირფიტა გაიმეორა, რომ ქართული ეკლესია როგორმე დააკნინონ. ქართულ ეკლესიას საუკუნეებია ვერავინ ვერ ეხება და ვერც ვერასოდეს ვერ შეეხება.
„ამით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მისი ნაგატიური და არაადამიანური სახე - ერთია ებრძოდე ხელისუფებას არგუმენტებით თუ უარგუმენტოდ. მეორეა, როცა ებრძვი მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, ფასეულობებს და იმ ყველა ნათელ მხარეს, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას",- განაცხადა აბაშიძემ.
ამბობს, რომ ეს ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება.
„რა საკვირველია ეს ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება. მისი ნებისმიერი შეხვედრა, იქნება ეს გერმანიის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს წარმავალ პრეზიდენტ შარლ მიშელთან თუ სხვებთან, იმ სტილშია, რაც გიგაურმა გააკეთა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. ესაა საქართველოს სახელმწიფოს დაბეზღება, იმ ე.წ. საუკეთესო ტრადიციებით, რასაც ბოლშევიკების დროს აკეთებდნენ. მაშინ ანონიმური წერილები იწერებოდა, ახლა ის საჯარო განცხადებებს აკეთებს.
„რას ამბობს ანტისახელმწიფოებრივი ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა, ადვილი წარმოსადგენია - როგორი რევანშისტული თუ იმაზე უარესი მწვავე უარგუმენტო განცხადებებია, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა" აკეთებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
რას ამბობს ირაკლი კობახიძე
„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„რეალურად, გერმანელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა აქვთ. გერმანიაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება იკრძალება. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა გერმანულმა მხარემ თავიდან აირიდა, რაც უკვე კარგია. კიდევ ერთხელ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს.
„ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას. თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ.
„საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტულ ქვეყნებში შეიმჩნევა. როდესაც კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ, ეს არის რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა, რაზეც კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის პოზიცია გასაკვირი არ არის, რადგან „ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უკავშირდება".
„სალომე ზურაბიშვილი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა, რაც არავის არ უკვირს, ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უკავშირდება. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული ფასეულობების დაცვის მხარეს, არა ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ის დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი", - აღნიშნა კობახიძემ.