ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ამ საკითხებზე პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს.
ვინ და რა კრიტერიუმით აირჩია პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ამას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. კითხვაზე – ხომ არ ვიხილავთ ტექნიკური მთავრობის მეთაურად თავად სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული.
ოპოზიცია დაანონსებული შეხვედრების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით კი, ნებისმიერი პროცესი, რომელსაც სათავეში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უდგას, წარუმატებელი იქნება.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე არანაირი სახელები და გვარები არ დასახელებულა და სხვა დეტალებზე საუბარისგან თავს შეიკავებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმისთვის, რომ ეს პროცესი საკუთარ თავზე აიღო და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა დროული და რაციონალურია.
„პროცესი, ჩემი აზრით, სწორად მიდის, პრეზიდენტის ინიციატივაც დროულია და რაციონალურია. სახელები, გვარები და კულუარული განხილვის პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ქვეყნის ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე ვთანხმდებით, ამომრჩეველს სჭირებდა სტაბილურობის განცდა, ჩვენი ერთიანობის დანახვა, ყველას თავისი პარტიული არჩევანი აქვს, მაგრამ ყველა ერთად იმას უნდა ვამბობდეთ, რაც არის სწორი.
„ჩვენ მზად ვართ, ურთიერთკამათის და დაპირისპირების გარეშე, გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება და ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს, ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე.
პრეზიდენტის როლი შეუფასებელია, მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე, კონკრეტული სახელები და გავრები არ დასახელებულა“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, სახელების და გვარების შეთავაზება არც მათი მხრიდან მომხდარა და ისინი ქარტიის პრინციპებს სრულად ეთანხმებიან.
ხელისუფლება პრეზიდენტის გეგმებს აკრიტიკებს - პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ ქარტიას “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიას უწოდებს და ამტკიცებს, რომ “ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა, კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის“.
პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ “იგივე სცენარი 2022 წელსაც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა არ გამოუვიდათ.“
„მათ ხელი მოაწერეს ამ “ბანანის რესპუბლიკის“ ქარტიას, სადაც წერია ზუსტად ეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი და რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს წერია, ამას ხელი მოაწერეს და დღეს ვხედავთ, რომ უკვე უარყოფენ ამ ყველაფერს. ასევე ამ მთავრობაში რომ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და უნდა იყვნენ სხვები, არ ვიცი ვინ სხვები, ესეც იქ ითქვა.
„სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც 2022 წლის ივნისში უნდოდათ, „ენჯეოების“ ხელით განეხორციელებინათ და ანტიკონსტიტუციურ გზით ხელისუფლება ჩაგედოთ ხელში, ხალხისგან მანდატის არმქონე ჯგუფებს, თუ ვისგანაც იყვნენ ისინი მართული. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა, კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამაში ჩართულია, იქნებიან ეს პარტიები, თუ უცხოელი აქტორები, ამ მხრივ მონაწილეობს კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში“ - ამბობს პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არა აქვს არსებითი მნიშვნელობა იქნება თუ არა ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატი ან ვინმე სხვა, მთავარია ოპოზიციამ აჩვენოს ამომრჩეველს რომ საერთო კანდიდატზე თანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი რომელიც მიდის და მას განვითარება არა აქვს, თავად ოპოზიციას აზიანებს.
„მე დიდად არ მგონია, რომ ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს პრემირობის კანდიდატად, რადგან ქარტიაშივე აქვს ნათქვამი, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიური ფიგურა. ანუ, აქ თუ ვსაუბრობთ ე.წ. ტექნიკურ მთავობაზე და პრემიერზე, მაშინ ამ ქარტიის მიხდევით, ის სრულიად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყს. ამიტომ ზურაბიშვილის პრემიერობა მაინც ნაკლაბდ მგონია.
„თუმცა გამორიცხვით არაფერია გამორიცხული და დიდად მე ამას მნიშველობასაც არ ვანიჭებ. მნიშვნელოვანია აქ ის, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ რაღაცაზე კონსოლიდაცია მოხდა, რაღაცაზე შეთანხმდნენ.
„იქნება ეს ზურაბიშვილის კანდიდატურა თუ ვინმე სხვა, მთავარია ყველა დაეთანხმოს. როდესაც ასეთი პროცესი მიდის, ამაზე იწყება მსჯელობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს პრეზიდენტს, ეს ოპოზიციას აზიანებს.
„თუნდაც, რომ გახარია ხაზარაძის მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ. ამან ისევ „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი. ახლაც ასე მოხდება. თუკი პრეზიდენტი რეზიდენციაში გამართული ეს შეხვედრები უშედეგოდ ჩაივლის და ვერაფერზე შეთანხმდებიან ეს კიდევ უფრო ცუდია.
„წინასაარჩევნოდ იმის ნახვა ამომრჩევლისთვის, რომ ოპოზიცია ახლავე ვერაფერზე თანხმდება, მათში ნიჰილიზმს და შიშს გამოიწვევს. შიშს იმის შესახებ, რომ როგორ შეიძლება მათ ხელისუფლების მართვა შეძლონ. თუნდაც კოალიციური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მე ოპოზიციას ვურჩევ, რაღაცაზე ან ახლავე შეთანხმდნენ, ან კიდევ არჩევნების შემდეგ გადადონ“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ყველა კვლევების მიხედვით, „ოცნება“ 35%-მდე მაინც აგროვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია 17 დეპუტატის ხმა, რომელიც უმრავლესობისთვის სჭირდება, თავად ოპოზიციიდან გადაიბიროს. ჩვენს ოპოზიციაში კი ივანიშვილს ამის გაკეთება არ გაუჭირდება.
„ოპოზიციას აქვს ძალიან ბევრი საფიქრალი და სამუშაო. რაღა დარჩა არჩევნებამდე? რაღაცა 3 კვირა და ჯერ კიდევ ვერაფერზე შეთანხმდნენ. ნუ ჰგონიათ, რომ „ოცნება“ ძალაუფლებას ბოლომდე დაკარგავს. ყველა კვლევების მიხედვით ის 32%-დან 35%-მდე მაინც აიღებს.
„ამიტომ მისთვის პრობლემა არ იქნება დანარჩენი ხმების მოძიება, რათა უმრავლესობა მიიღოს. ამ შემთხვევაში კი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება ვერ მოხდება. ანუ, ოპოზიცია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ვერც იმას იტყვის რომ გაყალბდა და აქეთ „ოცნებას“ უმრავლესობის შექმნას შეძლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რაღაცაზე შეთანხმება ან მისი გადადება არჩევნებამდე მოხდეს. ორივე შემთხვევაში ამომრჩეველს ამაზე უნდა დაელაპარაკონ“,-ამბობს ძაბირაძე.