ელზა პაპოშვილი
30.10.2024

შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დაინიშნოს და წავა თუ არა ამაზე მმართველი გუნდი. რამ უნდა აიძულოს „ქართული ოცნება“, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ დააკმაყოფილოს.    

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამოქმედო გეგმა 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს.  

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის სახელით  ითხოვს, საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს. გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.

ამავდროულად, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებენ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას და დიალოგების წარმოებას. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახალ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია.

„პირველი – როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად;

მეორე – არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არათუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს;

მესამე – ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, ერთად გავიმარჯვებთ;

მეოთხე – ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.    

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურმა ღიაობისთვის მადლობა გადაუხადა ცესკოს და აღნიშნა, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს.

„არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მხრიდან. ასევე, მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში.

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აბსურდია ოპოზიციის მოთხოვნა ხელმეორე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სისულელეა ამ არჩევნების ჩატარება სრულიად უცხო ძალების მიერ. ამაზე თანახმაა მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება? საიდან იციან ეს ოპოზიციაში, სად გამოიკვლიეს?   

„რატომ არის ოპოზიცია დარწმუნებული, რომ ხელმეორე არჩევნების შემთხვევაში ისინი იმარჯვებენ? რომელი კვლევით იყვნენ პირველ ადგილას, გაყალბებული ეგზიტპოლებით? რა დარწმუნებულები არიან, რომ ხალხს ისევ სურს ხელმეორედ არჩევნებზე მისვლა. ან თუ მივლენ მათ რატომ ჰგონიათ რომ მხარს დაუჭერენ? 

„ამ პროცესების გამო შესაძლოა მოსახლეობა კიდევ უფრო გაღიზიანდეს და ვინც სახლში დარჩა, ის წავიდეს და მხარი „ოცნებას“ დაუჭიროს. აქ ბევრი ფაქტორი და შიში იმუშავებს მოსახლეობაში. 

„დავუშვათ, იგივე შედეგიც მიიღონ, მერე რას იზამენ? ისევ რუსეთს დააბრალებენ? ახლა რომ ამბობენ ხელმეორე არჩევნები ჩატარდესო, რა განსხვავება იქნება ისეთი პროცედურებს შორის, რომ მათ მიერ ამოჩემებულ რუსულ ფაქტორებს დაიცავს? არცერთ კონკრეტულ მექანიზმზე არ ლაპარაკობენ. 

თავად ამბობენ ამერიკის არჩევნებში ერევა პუტინიო და ამ არჩევნების გარანტიას ვინ იძლევა? რაღაცა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ლოგიკაში თავადვე იკარგებიან. 

„თუკი თანხმდები ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ თავიდანვე გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ პუტინი გავლენებს მოახდენს ამ არჩევნებზე და თავი დაიცვა ამისგან. აბა, ამხელა ენჯეოები, სადამკვირვებლო მისიები რისთვის ჰყავდათ? 

„გვარამია არ ამბობდა, რომ ამ არჩევნების გაყალბება ელექტრონული არჩევნებით შეუძლებელიაო? ახლა კი იმის მოთხოვნა, რომ არჩევნები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარონ, ხომ სისულელე და აბსურდია? რომელი ქვეყანა მისცემს უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ საარჩევნო სისტემაში იქექონ და ქართველების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ? ხალხს ეს უნდა? ვის კითხეს“, - ამბობს საყვარელიძე.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშავოს და შეძლოს მყარი მტკიცებულებების წარმოდგენა იმაზე, რომ არჩევნები რეალურად გაყალბდა. ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გამორიცხულია ასე მმართველმა გუნდმა ხელახალი არჩევნები დანიშნოს, რადგან შესაძლოა მათ წააგონ და საკუთარი თავის წინააღმდეგ რატომ წავლენ.   

„ოპოზიციას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, რადგან ახალ წლამდე აქვთ დრო და უნდა დაამტკიცონ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.ამის პარალელურად ქვეყნის შიგნით ამაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა დაარწმუნონ. 

„ასევე უნდა შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი და სამოქმედო გეგმა დასახონ. ასევე დასავლეთს უნდა წარუდგინონ მყარი მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდეთ საბაბი ამ არჩევნების არ აღიარებს. „ოცნების“ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას. 

„წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და 2003 წლის მსგავსი სცენარი გაითამაშოს იმ მხრივ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არჩევნები გაყალბებულად სცნოს. ამის მტკიცებულებებია საჭირო. 

„ამიტომ რთულია ასე დღეს და ხვალ მათ რამე მოვთხოვოთ. ამ ყველაფერზე მუშაობაა საჭირო, თანაც ძალიან შრომატევადი. გეგმაა საჭირო, რომელსაც უნდა მიჰყვნენ. სხვაგვარად ისევ 2020 წლის სცენარს მივიღებთ“, - ამბობს ძაბირაძე.          

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×