თამთა ჩაჩანიძე
30.10.2024

ევროკავშირის ლიდერებმა ბლოკის გაფართოების მორიგი დოკუმენტი 30 ოქტომბერს წარადგინეს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნების საერთაშორისო გამოძიებისკენ და გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებიის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი საქართველოსთვის "კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი 49% რჩება".

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შიდა და გარე ფატქორებიდან გამომდინარე, ქვეყანა აშკარა მწვავე კრიზისის წინაშეა დამდგარი.

დოკუმენტი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გააცნეს, წარმოადგინეს ათი ქვეყნის ანგარიში, სადაც დეტალურადაა შეფასებული ამ ქვეყნების მიერ ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესი და ასევე წარმოადგინეს ქვეყნების ევროკავშირში გაწვერიანების გზამკვლევი.

ამის შემდეგ კი თბილისში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩისნკიმ სპეციალური პესკონფერენცია გამართა.

რა წერია გაფართოების ანგარიშში

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ანუ 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ/ რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით.

დოკუმენტის თანახმად, საქარველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში.

„უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით", - აღნიშნულია დოუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში შეზღუდული პროგრესი იყო კარგი მმართველობის განმტკიცებაში.

„პოლიტიკური პოლარიზაცია ზღუდავს ინსტიტუციურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო პროცესებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

რა თქვეს ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის ელჩმა

ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

ამავე კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

"საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს, პირიქით. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

"ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით - ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

"ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

"უცხოური გავლენის შესახებ" კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. "ოჯახური ღირებულებების" კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს," - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კი აცხადებს, რომ წელს საქართველომ უკან დაიხია.

„ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთ არჩევნების ჩატარებას შეეხება. საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა.

"დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვამთ, ამიტომ ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დგება თუ არა მწვავე კრიზისის წინაშე საქართველო

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაფართოების დოკუმენტიდან გამომდინარე, საქართველოს პერსპექტივა ევროინტეგრაციისა და შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ცუდია.

"პერსექტივა ძალიან ცუდია, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჯერ ერთი გამოიძიებენ, ან მისცემენ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი რაიმე კომისიამ გამოიძიოს. მეორეც, "ოცნება" ამ კანონებს არ გაიწვევს და საბოლოო ჯამში ჩვენ ამ პოლიტიკურ კრიზისში ვიქნებით. პარტიებიც პარლამენტში არ შევლენ და ამ მდგომარეობაში გარკვეული პერიოდი ვიქნებით.

"ამის პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობიდან პერმანენტული ზეწოლა იქნება და დავრჩებით იმ რეჟიმში, რომელშიც ახლა ვართ, პრაქტიკულად საერთაშორისო დახმარების გარეშე და სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლასაც გაგვიუქმებენ. დაელოდებიან "ქართული ოცნებიდან" როგორი რეაქცია იქნება და თუ უკან არ დაიხია, ვიზლიბერალიზაციას აუცილებლად გააჩერებენ.

"როდის შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ეს ნაბიჯები, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ პროცესი როგორ წავა, არასამთავრობოებს და პარტიებს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვთ, მათ შორის ფარულობის ამბავი, რომელიც ყველა უბანზე დარღვეული იყო. ასევე იყო უამრავი სხვა დარღვევა და ძალიან დიდი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ ყალბი, სხვისი პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმებს.

"ასე, რომ ამ დარღვევების მთელი კასკადია, რომელიც გამოძიებული უნდა იქნას. ამას რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" არ გააკეთებს, რომ გამოიძიონ და ეს ყველაფერი კრიზისში შეგვიყვანს",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ და ევროკავშირი საკადრო ცვლილებების პირასაა და სანამ პროცესი არ დალაგდება კრიზისი გაგრძელდება.

"როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკა ახლა საკადრო ცვლილებების პირასაა და როგორ გაგრძელდება თითოეული მათგანის პოლიტიკა, იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც ამ ორგანიზაციების საჭესთან დადგებიან, ჯერჯერობიოთ არ ვიცით ვინ დადგება.

"კრიზისული პერიოდი გაგრძელდება აშშ-ს არჩევნებამდე და მერეც, ამ ყველაფერს სადღაც ერთი-ორი თვე დასჭირდება, რადგან გინდ აშშ-ს და გინდ ევროკავშირის დღევანდელი შემადგენლობის ლაპარაკი სანდო არაა.

"კოჭლ იხვებს" უწოდებენ ხოლმე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თანამდებობაზე პერსპექტივის გარეშე არიან, როგორც ბაიდენი და მათ სიტყვას ფასი არა აქვს ხოლმე. ანალოგიურად ამათ სიტყვას ფასი არ აქვს, ეს თვითონაც იციან და ამიტომ ძალიან თამამები და გაბედულები არიან ხოლმე. ეს ადამიანები იკბინებიან, ოღონდ გადამწყვეტ ნაბიჯებს ვერ გადადგამენ",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×