არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ საგამოძიებო მოქმედებებისთვის დაბარებული პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. იურისტები ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში, გარკვეული რეაგირება იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია, მისი იძულება გამორიცხულია, აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია: „ის არ არის რიგითი მოქალაქე, ის ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია."
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „პროკურატურის საქმეა აღნიშნულ საკითხზე გამოიძიოს და მისი მოვალეობა არაა მტკიცებულებები წარადგინოს".
„მინდა ვთქვა, რომ პროკურატურის მოთხოვნაზე ჩემი პასუხი: ის, რომ წარვადგინო მტკიცებულებები, რომელიც ამტკიცებს ჩემს განცხადებებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არ არის მართებული (რელევანტური), რადგან პროკურატურა უნდა აწარმოებდეს საკუთარ გამოძიებას, ამისთვის არსებობს ის. მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს პრეზიდენტმა არ უნდა წარმოადგინოს. არასამთავრობო ორგანიზაციები, დამკვირვებლები ყოველდღე წარადგენენ უამრავი რაოდენობის მტკიცებულებას და უფრო და უფრო აჩვენებენ, რამდენად მასშტაბური, მასიური, სისტემური იყო არჩევნების გაყალბება. უამრავი სხვადასხვა ფორმა იქნა გამოყენებული, რაც გაიმეორა ბატონმა ბორელმა პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარში. ასე რომ, პროკურატურას შეუძლია ბატონ ბორელსაც ჰკითხოს, რომ მოვიდეს და წარმოადგინოს მტკიცებულებები, მაგრამ მოდით, ამაზე ნუ ვიხუმრებთ.
„ვფიქრობ, პროკურატურამ ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გამოიძიოს, რაც მაგიდაზე აქვს. მან არ უნდა დაიწყოს ფიქრი პრეზიდენტზე პოლიტიკურ თავდასხმებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიჰყვება ბატონი მედვედევიდან მიღებულ მითითებებს. ყველამ თავისი სამუშაო უნდა გააკეთოს. ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმეა ის, რომ გავაგრძელებ და ნამდვილად არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164(3)-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მუხაშავრიას აზრით, ძალიან უცნაურია, როდესაც პროკურატურა პრეზიდენტს იბარებს.
„პროცედურულად ასე ხდება - ამის შემდგომ პრეზიდენტი პროკურატურამ მეორედაც უნდა მიიწვიოს ყველა წესის დაცვით, ანუ უწყებას გაუგზავნიან. თუმცა თუ არ გამოცხადდება, მერე შეიძლება პროკურატურამ იშუამდგომლოს სასამართლოში იძულებით წარმოდგენაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად იმუნიტეტი აქვს და ხელშეუხებელია, მისი იძულება გამორიცხულია. ის არ არის რიგითი მოქალაქე, ის ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია.
„თვითონ, პროკურატურიდან დაედოთ პატივი, მიბრძანებულიყვნენ და ეთქვათ, რომ რაღაც კითხვები გვაქვს და იქნებ გვიპასუხოთ. თუმცაღა თავად ის ფაქტი, რომ გამოძიებას პრეზიდენტის გამოკითხვით იწყებენ, ძალიან უცნაურია, რადგან პირადად სალომე ზურაბიშვილი დამკვირვებლად არცერთ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა და არცერთი დარღვევა არ აღმოუჩენია. მან სხვებისგან ინფორმაცია მოაგროვა და ეს სხვებიც არ არიან დამალული და ყველამ კარგად იცის. რბილად, რომ ვთქვათ, ეს ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო. შესაბამისად, ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც ადეკვატური რეაგირება მოახდინა, რადგან რომ გავაჩეროთ მოქალაქეები, 10-დან 9-ს საგამოძიებო სამსახურების სამართლიანი მოვალეობის შესრულების არ სჯერა, მით უფრო იმ პოლიტიკურ თემაზე, როგორიცაა არჩევნები", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვადის გასვლის შემდეგ, არც დაკითხვას და საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი თანამდებობას, რომ დატოვებს, ამის შემდეგ მის დაკვითხვას აბსოლუტურად არანაირი აზრი არა აქვს. მერე პოლიტიკურ სამარეში იქნება ჩაწოლილი და რა მნიშვნელობა ექნება საერთოდ რამეს? მას სასირცხვილოდ ერთადერთი რაღაცაც ეყოფა, ანუ ქართულ პროკურატურას რომ არ მიმართავს და რაღაც საერთაშორისო გამოძიებას რთავს, ეს აბსოლუტური აბსურდია", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".