"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. წარდგენას უძღვოდა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ყაველაშვილი "თავისი ბუნებით და ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება".
გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მიაჩნიათ, რომ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტისთვის შეუსაბამოა, "ქართულ ოცნებაში" კი დარწმუნებულები არიან, რომ ყაველაშვილი გუნდის იმედებს გაამართლებს. ანალიტიკოსებს რაც შეეხება, მათთვის ყაველაშვილის კანდიდატურის წამოყენება მოულდნელი იყო.
53 წლის მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელია, წარმოშობით ბოლნისიდანაა, 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი და 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში ცარიელია ველი განათლების შესახებ.
ახალი წესით საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში გაიმართება, ინაუგურაცია კი, 29 დეკმბერს შედგება.
კენჭისყრის პროცედურა
2024 წლიდან პრეზიდენის პირდაპირი არჩევნები აღარ ჩატარდება. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
კოლეგიაში შედის, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი - 150 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 დეპუტატი. დანარჩენ 109 წევრს, ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იმ პროპორციულობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.
დიდი ალბათობით, ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაში არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში მოხვედრილი 61 დეპუტატი. გარდა ამისა, კოლეგიაში ალბათ ასევე არ იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვედრილი 8 ოპოზიციონერი დეპუტატიც.
უფრო მეტიც, რეგიონალური საკრებულოებიდანაც ოპოზიციის კვოტით ალბათ ამ არჩევნებში არავინ მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებით უკვე გამოვიდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია.
თუ ეს ბოიკოტი მართლაც შედგა, სავარაუდოდ, ხმოსანთა კოლეგიაში მმართველ პარტიას გაუჭირდება როგორც მინიმუმ ახალი პრეზიდენტის პირველივე ტურში არჩევისთვის საჭირო ხმების მოგროვება. ასეთ შემთხვევაში, ხმოსანთა კოლეგიაში გარანტირებულად იქნებიან პარლამენტიდან „ოცნების" 89 დეპუტატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი პარტიის 13 წარმომადგენელი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, რაც, საერთო ჯამში, 122 ადგილია. შესაბამისად, რეგიონალური საკრებულოებიდან შესაბამისი კვოტით მმართველ პარტიას ხმოსანთა კოლეგიაში კიდევ მინიმუმ 78 ადგილის მიღება დასჭირდება, რათა პრეზიდენტის პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო 200 ხმა შეგროვდეს.
თავად პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს, თითოეულ დელეგატს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი წევრი და ხმაც ერთს მისცეს. პრეზიდენტის ასარჩევად 200 ხმა არის საჭირო და თუ პირველ ჯერზე ამ რაოდენობის ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, სადაც გადავლენ ორი საუკეთესო შედეგის მქონე პრეზიდენტობის კანდიდატები. აქ კი პრეზიდენტის ასარჩევად 150 ხმაც საკმარისი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.
რა თქვა ივანიშვილმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყაველაშვილს "განსაკუთრებული წრადგება არ სჭირდება".
"პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი.
"მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის "დინამოს", "ვლადიკავკაზის ალანიას", "მანჩესტერ სიტის", წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილის ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 29 დეკემბრიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის "მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები".
„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.
"ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყაველაშვილმა კი "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების" თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას",- განაცხადა ყაველაშვილმა.
რა კრიტერიუმით აარჩია "ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ყაველაშვილის დასახელება მისთვის სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელიც კი იყო, მისი თქმით. ჩანს, რომ წინა ორი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეძებდნენ ისეთ კანდიდატს, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები არ ექნებოდა და იქნებოდა მორჩილი და დამჯერი.
"ყაველაშვილის კანდიდატურა იმდენად მოულოდნელია, რომ შეფასება ცოტა რთულია. ალბათ ათასი კაცი რომ დამესახელებინა, მათში ყაველაშვილი ვერ მოხვდებოდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ასე გადაწყვიტა და გვყავს პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი. წინა ორი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, "ოცნება" ცდილობდა შეერჩია ისეთი კანდიდატი, რომელსაც არ ექნება პოლიტიკური ამბიციები, იქნება მორჩილი, დამჯერი და იმ პოლიტიკის მქადაგებელი და გამტარებელი, რაც ბოლო დროს "ქართულ ოცნებას" აქვს. ყაველაშვილის კანდიდატურა სწორედ ამ პრინციპით შეირჩა.
"სხვა კანდიდატურა, რომელიც პრეზიდენტობის სავარძელს შესაძლოა უფრო მოუხდებოდა, როგორც ჩანს ვერ შეარჩიეს და აქცენტი ყაველაშვილზე გააკეთეს, ის იქნება მორჩილი და დამჯერი. ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ფაქტიურად გაუქმდა.
"ნეტა ვინმე არსებობს ქვეყანაში ივანიშვილის გარდა, ვისთვისაც ამ კანდიდატის წამოყენება მოსალოდნელი იყო? მათი გუნდის წევრებისთვისაც კი მოულოდნელი იყო. ასეა თუ ისე, დასახელდა, იქნება სრული მობილიზაცია და რა თქმა უნდა ერთხმად აირჩევენ. "ქართულ ოცნებაში" არავის არ მისცემენ იმის ფუფუნებას, რომ რომელიმე ან სხდომას არ დაესწროს, ან ხმა არ მისცეს. ერთხმად იქნება არჩეული",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ყაველაშვილის კანდიდატურის წამოყენება, თუმცა მიიჩნევს, რომ როცა პრეზიდენტობის რანგში მოგვევლინება, "ძალიან ბევრს გააოცებს".
"ამ კანდიდატურის წარმოჩენა მოულოდნელი ნამდვილად იყო, მაგრამ წინაპირობა იმისა თუ როგორი იქნებოდა ეს კანდიდატი, რამდენიმე დღით ადრე, მამუკა მდინარაძემ მშვენივრად დაახასიათა, რომელმაც თქვა, რომ იქნებოდა პატრიოტი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პროფესიონალი, ერთგული ადამიანი. ბატონი ყაველაშვილი ზუსტად ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელიც შინაურულად ბევრისთვის არის "ყაველა", თუმცა, როცა პოსტს დაიკავებს, ბატონი პრეზიდენტი იქნება.
"წინა ორმა კანდიდატურამ - ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა ვერ გაამარლეს, რომლებსაც "ქართული ოცნება" მხარს უჭერდა. ვერ გაამართლეს არათუ მმართველი პარტიის იმედები, არამედ ელექტორატის მოლოდინები და განწყობები, განსაკუთრებით ეს სალომე ზურაბიშვილს ეხება, რომელიც ისტორიაში მოღალატე უსინიდისო პოლიტიკოსად და აგენტოკრატიის მონა-მორჩილად ჩაიწერება.
"ზუსტად მისი ანტიპოდია და ზურაბიშვილისგან რადიკალურად განსხვავდება ბატონი ყაველაშვილი, რომელიც საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი და პრინციპული ადამიანია. მისი პიროვნული ბიოგრაფიიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების დაცვაში, ის უკან არასოდეს დაიხევს, იქნება ეს დასავლური ფრონტი, ჩრდილოელ ოკუპანტთან ურთიერთობისას თუ სხვა ამპლუაში. ამ მხრივ ის ძალიან ძლიერი ადამიანია.
"შეიძლება ბევრისთვის მიუღებელია, ჩვენ კრიტიკას ვხედავთ, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე, მაგრამ როცა პრეზიდენტობის რანგში მოგვევლინება, ძალიან ბევრს გააოცებს თავისი პრინციპული, თანმიმდევრული და რაც მთავარია, მამულიშვილური პოზიციებიდან გამომდინარე. ზუსტად ეს მამულიშვილობა იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არა მხოლოდ "ქართული ოცნების" გუნდისთვის, არამედ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.
"დღეს პატრიოტიზმი ზოგისთვის რაღაც დასაცინ განსაზღვრებად იქცა, მაგრამ სამშობლოსადმი და ტრადიციებისადმი ერთგულება, ის უზენაესი ღირებულებებია, რითიც აქამდე ქართველი ერი მოსულა",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
როგორია პოლიტიკური შეფასებები ყაველაშვილის კანდიდატურაზე
გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას! - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე "ქართული ოცნების" მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას
„გილოცავთ, კალიგულას ცხენის გაპრეზიდენტებას. ბრწყინვალე გარიჟრაჟის წინ ძლიერ უნდა დაბნელდეს", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა „რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა".
„ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა. გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზის, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს-მეთქი.
"დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლამენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა.
"ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა. კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე",- წერს გოცირიძე „ფეისბუქ" გვერდზე.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის "სულით და გულით ქართველი და გარანტი, რომ პრეზიდენტი სხვა ქვეყნიდან წამოსულ ინტერესებს არ მოემსახურება".
"მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ხალხს და სამშობლოს და არათუ გარედან მიღებული დავალებების შესრულებაზეა საუბარი, არამედ ის იქნება მათ შორის, ზეპარტიული ლიდერი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, ამ საუბრებიდან და მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ ის იქნება ზეპარტიული ლიდერი და მაქსიმალურად შეეცდება, რომ იმ გამაერთიანებელ თემაზე ჰქონდეს ორიენტირი, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით", - განაცხადა მდინარაძემ
კითხვაზე, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკას შეეხებოდა, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, როდესაც მსგავს შემთხვევას გაახსენებენ.
„[ანტიდასავლურ რიტორიკას] მიშა ყაველაშვილს კი არა „ქართული ოცნების" თითოეულ წევრს აბრალებენ. მაგრამ, აბა, დამისახელეთ ერთი ანტიდასავლური განცხადება. რომ დაგარტყამენ და თავზე ლაფს გასხამენ, მათი ჭკუით და პასუხს რომ გასცემ, თურმე ეს ანტიდასავლური რიტორიკაა.
"ანუ, თუ გამოვა კუბილიუსი, რას გადავეკიდეთ, მაგრამ სიმბოლო გახდა ასეთი უსამართლო განცხადებების, რაღაც საზიზღრობას იტყვის და შემდეგ გასცემ მკაცრ, ხისტ და როგორიც ეკუთვნის პასუხს, ეს უკვე ანტიდასავლური რიტორიკაა. გურული ბაბუას ანეკდოტი ახსენდება ყველას: „მე დევიწყე ბაბუა თუ...", პასუხს გასცემ და როგორ იკადრე. რწმენის დონეზე აქვთ ატანილი, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენელს, რომელიც უსამართლო განცხადებებს აკეთებს, თურმე პასუხიც არ უნდა გასცე.
"ერთი ანტიდასავლური განცხადება გამახსენონ და მერე ვისაუბროთ ამაზე", - განაცხადა მდინარაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა. კალაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი „მოწოდების სიმაღლეზე იქნება".
„ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული ადამიანი, პატრიოტი კაცია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია და მას წარმატებებს ვუსურვებ",- განაცხადა კალაძემ.