თამთა ჩაჩანიძე
29.11.2024

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები გაიფიცნენ, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა გადადგომის შესახებ განაცხადა. "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი გაფიცულებს ეუბნება, რომ "უფრო დამაჯერებელი იქნება თუ თანამდებობებს დატოვებენ და მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებიან". გახარიას გუნდი და სხვა ოპოზიციონერები კი, საჯარო მოხელეებს "ხმის ამოღებისკენ" მოუწოდებენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა "საგარეო" კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი! ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები... ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით", - წერს ნინო წილოსანი.

„გახარია საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ უმძიმესი იქნება "რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი".

„საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ.

„ჰოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები, მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის". ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით",- წერს ნათია მეზვრიშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, 29 ნოებრის შუადღის მდგომარეობით ხელმომწერთა რიცხვი 131-ს შეადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან".

ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი გადადგომის შესახებ სოციალურ პლატფორმა იქს-ზე წერს.

„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ", - წერს ელჩი.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტი და სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი, ჯიპა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესს აჩერებენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაფიცვები მასობრივად ვერ მოხერხდება თუ არ შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტები.

„ძალიან კარგი იქნება თუ პროცესმა სისტმური ხასიათი მიიღოს, მაგრამ ჯერჯერობით არ ველოდები, რადგან არც ოპოზიციაში და არც სამოქალაქო სექტორში შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობა არ ჩანს. დღეს 19:00 საათზე რომ აქცია დაანონსდა, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ სპონტანური გამოსვლებით "ქართულ ოცნებას" არ ეშინია, საერთოდ სასაცილოდ არ ჰყოფნით, აგერ ადამიანებს უკანონოდ არბევენ, წუხანდელი დარბევა, თავისი მორიგი სისასტიკით გამაოგნებელი იყო. „ოცნებას" ახალი არაფერი არ აქვს, ერთადერთი ახალი ისაა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო განსაკუთრებული ნადირობა. რატომ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები უფრო ეფექტირად ავრცელებდნენ ინფორმაციებს და ამაზე უცხოელები რეაგირებენ. ჟურნალისტების დარბევით, კიდევ უფრო მეტ კანონებს არღვევენ, ისინი შეგნებულად მიდიან კანონების დარღვევაზე, რათა ტერორი შემოიტანონ მოსახლეობაში.

„გუშინდელი აქცია იყო ტერორისტული შეტევა საზოგადოებაზე. იმის ჩვენება, აი, ხომ ხედავთ ჟურნალისტებს რას ვუშვრებით, მეტი გელოდებათ დანარჩენებსო. „ქართულ ოცნებას" ხალხის გამოსვლის მართლა ეშინია, ამიტომაა, რომ შეშინებული სხვას აშინებს აქეთ. მე მგონი საჭიროა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კარგად დაფიქრება თუ როგორ წარმართონ ეს უნიკალური ენერგია, რაც გუშინ ხალხში ვნახეთ, ისინი სპონტანურად გამოვიდნენ, არავის არ დაუძახია, შეიძლება ზოგიერთმა ჯერ კიდევ არ იცის, რა მოხდა წუხელ. ამ ფონზე, საჭიროა მეტი სისტემურობა თუ როგორ ვხარჯავთ იმ ხალხის უნიკალურ ენერგიას, ვისთვისაც მიუღებელია სახლში ჯდომა, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა.

„გაფიცვები მასობრივი ვერ იქნება თუ არ შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტები. ყველა ქალაქში უნდა იყოს სერიოზული საგაფიცვო კომიტეტი, იმ ადამიანების რაოდენობა უნდა იყოს აღწერილი, ვინც მზად არის აქციებში მიიღოს მონაწილეობა. 900 ათასმა კაცმა ოპოზიციას ალალად მისცა ხმა, ამას დავამატოთ ის, ვინც 5% ვერ გადალახა და ისინი, ვისაც "ქართული ოცნება" არ უყვარს და ხმა მაინც მისცა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, შეეშინდა, დააშინეს, მოისყიდეს, დაემუქრნენ, გადააგდეს და ა.შ. ვინ არჩევნებზე არ მივიდა, ის არც ოპოზიციის ამომრჩეველია, მაგრამ "ქაღთული ოცნების" ამომრჩეველი ნამდვილად არაა. "ოცნების" ამომრჩეველი აბსოლუტური უმრავლესობა არაა, პირიქითაა.

„საპროტესტო მუხტის ძალიან დიდი მასაა და „ქართული ოცნება" ამას კარგად ხედავს და იცის და უნდათ ეს ენერგია არ გაერთიანდეს. ოპოზიციოამ უნდა მოახერხოს ამ ენერგიის გაერთიანება. ამიტომ საჭიროა, რომ 900 ათასი კაციდან 100 ათასი იპოვონ, ვინც მზადაა, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული იყოს. ამ საგაფიცვო კომიტეტების მართვა მოხდეს. მთელი საქართველოს პარალიზება მოხდეს, ხან ერთ ქალაქში, ხან მეორე, რობოკოპები ბევრი არ ჰყავთ, რომლებსაც მხოლოდ დარბევა შეუძლიათ და მეტი არაფერი",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში „ბუნტი ატეხეს", „ნაცმოძრაობის დროინდელი კადრებია".

„თუ ადრე ნაცლექტორები (მათი ვინაობა უკვე კარგა ხანია ცნობილია) ფარულად აქეზებდნენ სტუდენტებს საპროტესტო აქციებისკენ, ეხლა უკვე სოცქსელებით ღიად მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ.

„სხვათა შორის, მე არ მიკვირს რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოჩნდა ის საჯარო უწყება, სადაც თანამშრომლებმა ბუნტი ატეხეს. ნაცმოძრაობის დროიდან დატოვებული კადრების ფურუნკული გასკდომას ელოდა.

„უახლოეს დღეებში ალბათ მოხდება სხვა საჯარო უწყებების დაწმენდაც (როგორც მაგალითად ლომჯარიას კადრებისგან სახალხო დამცველის აპარატის).

არ ვაპირებ სიტუაციის გამარტივებას. ის რთულია და ნურც ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობისგან ველოდებით პოზიციების შერბილებას. პირიქით, ვიდრე მათი აგენტი ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტია, შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ფაქტორი (სხვა მექანიზმებთან ერთად) აქ ხელისუფლების დასამხობად.

„არ ვიცი რა გეგმები აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს და გეგმავს საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც მას ხმა მისცა. აპირებს საკუთარი არჩევანის აქტიურად (!!) დაცვას, თუ არა?!" - წერს ანჯაფარიძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×