„ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის პრემიერი, აცხადებენ, რომ თუ ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებების გახსნაზე შეთავაზება იქნება, დღესვე დათანხმდებიან. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს „ოცნების" მხრიდან ერთგვარი შანტაჟი და ფარისევლობაა. სხვების აზრით კი, ეს არის გუშინდელი განცხადების ახსნა-განმარტება.
„ეს შანტაჟია, რადგან ევროკავშირი მზადაა მოლაპარაკებების პროცესი გახსნას, თუ „ქართული ოცნება" პირობებს შეასრულებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პირობების შესრულების გარეშე ევროკავშირი არ მიიღებს", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ეს ასევე, ელჩების მიმართ გარკვეული დემარშია.
„ჩემი აზრით, ამ ბრიფინგზე კობახიძემ უფრო დეტალურად განმარტა ის, თუ რეალურად რა ითქვა გუშინ. გარდა ამისა, ეს იყო დემარში ელჩების მიმართ, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი სიგნალია ევროკავშირისადმი და არა მგონია, ამან ევროკავშირთან ურთიერთობას პოზიტივი შესძინოს".
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოაწერს ხელს.
„ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იგივეს იმეორებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. როგორც მან აღნიშნა, ისინი საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებენ, მაგრამ თუ ბრიუსელი თავად დადებს მაგიდაზე, ნებისმიერ დროს ხელს მოაწერენ.
„ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!
კიდევ უფრო მოკლედ: ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ
მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!", - განაცხადა მდინარაძემ.
ასევე, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც განაცხადა: „შეთავაზება თუ იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ"
„ჩვენ საკმაოდ სერიოზული და კარგი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ მოლაპარაკებების თემის ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება და საქართველოს მუდმივი რყევა დაუშვებელია. სწორედ ამის თაობაზე იყო განცხადება გაკეთებული. პროცესი მიმდინარეობს, საქართველო ასოცირებული წევრია და ქვეყანა მაჩვენებლებით სხვა კანდიდატ ქვეყნებს წინ უსწრებს. რასაკვირველია, ჩვენ 2028 წლისთვის ყველა მიმართულებით მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებები გავხსნათ, იქამდე დაშვებული არ უნდა იყოს, რომ როგორც კანდიდატის თემა, ასევე მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იყოს გამოყენებული. ამაში არავითარი ანტიევროპული არ არის. რასაკვირველია, ეს არის საქმიანი შეთავაზება. თუ სხვა შეთავაზება იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ, მით უმეტეს, მონტენეგროს, რომელსაც 12 წელია მოლაპარაკებების რეჟიმი აქვს გახსნილი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, „ოცნებამ" იცის, რომ ევროკავშირი მზად არ იქნება მოლაპარაკების გასახსნელად, თუ პირობებს არ შეასრულებენ.
„ეს შანტაჟია, რადგან ევროკავშირი მზადაა მოლაპარაკებების პროცესი გახსნას, თუ „ქართული ოცნება" პირობებს შეასრულებს. ევროკავშირის ყველა წევრმა ოდესღაც გაიარა ეს გზა, იქ ყველა პირობების შესრულების შემდეგ შედიან. ევროკავშირმა საქართველოს საკითხი დაუყენა, თუ შენ ევროკავშირში შემოსვლა გინდა, მაშინ ჩვენი წესებითა და სტანდარტებით უნდა შემოხვიდეთო. არსებობს 9 დათქმა, რომელიც „ოცნებამ" უნდა შეასრულოს. ამასთან, ხელისუფლებამ მიიღო 2 კანონი, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ხელისუფლებამ ევროკავშირი მტრად გამოაცხადა და მიიღო ის კანონი, რომელსაც რუსულ კანონს ვეძახით. ასევე, დაარღვია ქვეყანაში თანასწორობა, ანუ შემოიღეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. საქართველოში ასეთი პროპაგანდა ჯერ არ ყოფილა, მოიგონეს, შეთხზეს და ევროკავშირის მთავარი პრინციპი, თანასწორობა დაარღვიეს. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და პირობები უნდა შესრულდეს, თუ გვინდა ევროკავშირში შესვლა. უკრაინა ომშია და მაინც შეასრულეს თავისი პირობები, მათ არ დაუწყიათ ლანძღვა-გინებები და არც არაფერი დაურღვევიათ.
„ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ პირობების შესრულების გარეშე ევროკავშირი არ მიიღებს. შესაბამისად, ძალიან ფარისევლობენ და ევროკავშირს აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც თვითონ აწყობთ. მათ უნდათ არადემოკრატიული მეთოდებით და ოლიგარქიული მმართველობით შევიდნენ ევროკავშირში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, დამატებითი ახსნა-განმარტებები გამოიწვია იმან, რომ ვიღაცეებმა ვერ გაიგეს, რა ითქვა რეალურად გუშინ, ან ზოგმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენა .
„მგონია, რომ პრემიერის მხრიდან დამატებითი ახსნა-განმარტება მოჰყვა იმას, რაც წინა განცხადებამ გამოიწვია. პრემიერმა კიდევ ერთხელ აუხსნა იმ ადამიანებს, რომლებმაც პირველადი განცხადება ვერ გაიგეს, ან ვიღაცეებმა სათავისოდ უთარგმნეს და მერე გაავრცელეს, როგორც ვნახეთ ამას ჰქონდა ადგილი, რომ ვითომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია. ასე რომ, ჩემი აზრით, ამ ბრიფინგზე კობახიძემ უფრო დეტალურად განმარტა ის, თუ რეალურად რა ითქვა გუშინ. გარდა ამისა, ეს იყო დემარში ელჩების მიმართ, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი სიგნალია ევროკავშირისადმი და არა მგონია, ამან ევროკავშირთან ურთიერთობას პოზიტივი შესძინოს
ეს უფრო განმარტება იყო, ვიდრე შეთავაზება, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრინებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა, პირობები დასვა, ამ პირობების შეუსრულებლობის შედეგად არის გაჩერებული პროცესი და ვიდრე ეს დათქმები არ შესრულდება არა მგონია პროცესი ადგილიდან დაიძრას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".