პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი, გამოიყენეს წყლის ჭავლი - საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზეა საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეებსა პოლიციელებს შორის რამდენიმე მწვავე დაპირისპირება მოხდა.
სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლებისა და სხვა საგნების სროლა, პოლიციამ კი უკან დაუბრუნა სროლით. ისმის აფეთქების ხმებიც.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ბზიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
„თავ-პირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის. დაწყნარდი რა, გელაპარაკები. კამერების წინ უნდა გამოაჩინო შენი სახე. არ გრცხვენიათ?" - მიმართა ბზიშვილს ვაშაძემ, რასაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ასე უპასუხა: „გესმის, შენ? შენი პათოსის არავის ეშინია", რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ მათ თავიანთ „თავზე ზედმეტი არ უნდა აეღოთ".
„რა ჩემი პათოსის არ ეშინია, მალე გნახავთ შეშინებულებს, მოხვალთ მერე და იტყვით, მაპატიეო, ჰოდა ზედმეტს ნუ იღებთ თქვენს თავზე, ჟურნალისტებს როგორ ურტყამდით ბიჭო", - განაცხადა ვაშაძემ, რაზეც ბზიშვილმა მას უთხრა, რომ მშიშარა იყო.
„რა მშიშარა ვარ, მოდი, თუ მაგარი ხარ", - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, ამორალურია, ის, რასაც პოლიცია აკეთებს. მან სამართალდამცავებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. უწყება აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.
საკანონმდებლო ორგანოს წინ ხალხი 29 ნოებმერს 19:00 საათიდან შეიკრიბა, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში პოლიცია კვლავ მობილიზდა, პროტესტის სიახლოვეს განლაგდა სპეცდანიშნულების რაზმი, ათობით ავტობუსით, მიკროავტობუსით. პროტესტის დაწყებისას გამოჩნდა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.
პარალელურად აქციები იყო რეგიონებშიც, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში. როგორც სოცქსელებში წერენ, ხალხმა ბათუმის შესასვლელი და რამდენიმე ქუჩა გადაკეტა. ბათუმის მერიის აივნიდან კი აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.
მანამდე კიდევ ერთი, ჟურნალისტების აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, პროტესტის მონაწილეებმა აქციაზე დარბევისას დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „საპოლიციო შენაერთები განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ".
„28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს.
"ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი", - ნათქვამია სოლიდარობის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.
29 ნოემბრის აქციის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მოუწოდა პროტესტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
„აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.
„აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.
„ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას.
„გვსურს საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
„აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს", - აღნიშნა დარახველიძემ.