თამთა ჩაჩანიძე
30.11.2024

ქვეყანაში პროტესტი თანდათან მწვავდება, რისი გაშუქებაც მედიას უმძიმეს პირობებში უწევს. 28-30 ნოემბრის აქციებზე პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებსა და ოპერატორეზე ძალადობის კონკრეტული ფაქტებიც მოხვდა. დაშავებული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები მიზანმიმართულად გამეტებით ურტყამდნენ და მიწაზე ათრევდნენ, რომ დაზიანებები სწორედ სახისა და თავის არეში მიეღოთ.

„ჭიჭინაძის ქუჩაზე ცემა-ცემით ამატარეს. თვალში საცემი ის იყო, რომ როგორც კი ხელი წამავლეს, მაშინვე დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი და ეს რომ გაიგეს, მითხრეს - ჰოდა, ჟურნალისტი რომ ხარ, მაგიტომო", - იხსენებს ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული ჟურნალისტი.

„რეზონანსი" კოლეგებს სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს და მიგვაჩნია, რომ ყველა არაკანონიერი ქმედება გამოძიებული უნდა იყოს.

29 ნოემბერს ჟურნალისტების აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე. პროტესტის მონაწილეებმა აქციაზე დარბევისას დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპოლიციო შენაერთები განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ.

„28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში.

„საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს.

„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ, ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი", - ნათქვამია სოლიდარობის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

შს მინისტრის მოადგილე ალესანდრე დარახველიძე „ძალიან სამწუხაროს" უწოდებს ჟურნალისტების დაზიანების ფაქტებს. ამბობს, რომ უწყება არაა უფლებამოსილი, რომ თავიანთი თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიძიოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი (არ ყოფილა) და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, მაგრამ იყო გარკვეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დაზიანება.

„მოგეხსენებათ, შსს არ არის უფლებამოსილი, რომ თავისი თანამშრომლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიძიოს და განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულებზე პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული, რომ თუნდაც მოქალაქე იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, არც მსგავსი ტიპის დანაშაულს არ იძიებს შსს, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია. მე როგორც ვიცი, მათ გაავრცელეს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა მე რომ სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სტატისტიკაზე, დეტალურ ინფორმაციაზე გესაუბროთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ „განსაკუთრებით დაინტერესდება" იმ ფაქტებით, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან. ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუღებელია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანისთვის.

აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები

29 ნოემბრის აქციაზე მძიმედ დაშავდა „ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, მან ინგოროყვას კლინიკა შაბათს დილით დატოვა ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმებით. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. რაც შეეხება ინციდენტს, კადრებში, რომლის გადაღებაც „ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.

„ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი. უშვერი სიტყვებით აგინებენ ჟურნალისტებს. სიგნალი გაგვეთიშა, რადგან გატაცებულია გადამღები ჯგუფი. არ ვიცით სად მიჰყავთ", - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ „ტვ პირველის" 29 ნოემბრის აქციის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში.

მწვავე დაზიანება მიიღო 28 ნოემბრის აქციის გაშუქებისას „ფორმულას" ჟურნალისტმა გურამ როგავამ. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელი როგავასკენ გარბის და გამეტებით, მიზანმიმართულად ურტყამს. როგავა ინერციით ბორდიურზე ეცემა, რის შემდეგაც თავისა და ტუჩის არეში დაზიანებით დასისხლიანებული დგება და იქ მყოფი მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია პირველად დახმარებას უწევენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ითხოვენ.

როგავაზე თავდასხმის ამსახველ კადრებს მათ შორის თავად ტელეკომპანია „ფორმულა" ავრცელებს.

„ფორმულას" ჟურნალისტს გურამ როგავას თავს სპეცრაზმელი დაესხა. სპეცრაზმელი, რომელიც ჯერ წაქცეულ მოქალაქეს ურტყამდა ფეხს, შემდეგ გურამ როგავასკენ გაიქცა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. ეს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრებიდან უტყუარად დგინდება. გურამ როგავამ დაზიანება თავის არეში მიიღო. ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი", - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.

როგავა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 28 ნოემბრის ღამით კლინიკაში გადაიყვანა, მისი მკურნალი ექიმის ცნობით, ჟურნალისტს აღენიშნება სახის ძვლებისა და კისრის მეშვიდე მალის მოტეხილობა, დასჭირდა კისრის ფისაქტორი,რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა ატაროს, ის კლინიკაში ორშაბათამდე რჩება.

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახისა და ნეირო ქირურგის მიერ, ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - ამბობს ექიმი.

„საფუძვლიანი ეჭვები მაქვს, რომ მუქარა გუშინ შეასრულეს, რაც მესმოდა წინასაარჩევნო პერიოდი, როცა ჩემი გადაცემა დავიწყე და როცა „ოცნების" საარჩევნო შეხვედრას ვაშუქებდი", - აცხადებს ინგოროყვას კლინიკაში მყოფი როგავა.

აქციაზე ასევე დააკავეს და სასტიკად სცემეს „პუბლიკის" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. იგი მრავლობითი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მან საავადმყოფო შაბათს დილით ეტლით დატოვა. აქვს მრავლობითი მოტეხილობა, გაუკეთდა ცხვირის ოპერაცია და დაუნიშნეს წილითი რეჟიმი. იგი „ტვ პირველთან" მომხდარზე საუბრობს.

„გამიკეთდა ცხვირის ოპერაცია, მრავლობითი მოტეხიულობა მქონდა. ახლა საავადმყოფოდან მწერენ, მაგრამ ჯერჯერობით რამდენიმე დღე მაინც წოლითი რეჟიმი მაქვს და შემდეგ უნდა გადავემოწმო ტვინის შერყევა ხომ არ განმივითარდა.

„ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიდექი ვმუშაობდი და ძალიან მალევე გამოცვივდნენ ნიღბიანი პირები (როგორც მივხვდი, მოქალაქეების დასაკავებლად). სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი, უბრალოდ ცოტა დაბლა ვიდექი. უკან დახევა ვცადე, მაგრამ რაღაცნაირაც უცებ ვიღაცამ შემითრია.

„წამებში აღმოვჩნდი ნიღბიანი პირების ალყაში, საპატრულო პოლიცია არ იყო. მაშინვე ცემა დამიწყეს, ძირითადად სახის არეში - ხელებით, მუხლებით, ფეხებით. მერე დავეცი, მარტო მაგას ვეუბნებოდო, რომ ჟურნალისტი ვარ, კამერას ვაჩვენებდი, მაგრამ კამერებიც წამართვეს, ბეიჯიც მომწყვიტეს, აირწინაღიც, ბოლოს ჩაფხუტიც და ჭიჭინაძის ქუჩაზე ცემა-ცემით ამატარეს.

„თვალში საცემი ის იყო, რომ როგორც კი ხელი წამავლეს, მაშინვე დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი და ეს რომ გაიგეს მაგაზე მითხრეს - ჰოდა, ჟურნალისტი რომ ხარ, მაგიტომო", - განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ალექსანდრე ქეშელაშვილმა.

პროფესიულ საქმინაობაში ხელი შეუშალეს „პუბლიკის" კიდევ ერთ ჟურნალისტს ნათია ამირანაშვილს, გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება, ამავე ონლაინ გამოცემის ჟურნალისტი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ფიზიკურად იძალადეს მათ ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე, ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე. „თავისუფლების" კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს, მუცელში ხელი ჩაარტყეს, მიწაზე დაგდების შემდეგ - წიხლი.

ასევე ვრცელდება ცნობები და ვიდეო კადრები სხვა ჟურნალისტების დაშავებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ:

მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა „OC Media", სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;

ნანუკა ქაჯაია, „ტელეკომპანია პირველი" - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

დავით ბიჭიკაშვილი, „ტელეკომპანია პირველი" - ფიზიკურად გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;

გიორგი შეწირული, „ტელეკომპანია პირველი" - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;

ანა მდივანი, „ტელეკომპანია პირველი" - სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;

ნიკო კოკაია, „ტელეკომპანია პირველი" - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;

გივი ავალიანი, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი"/„ბათუმელები" - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

გიორგი გოგუა, „პროექტი 64" - პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;

ირაკლი მანაგაძე, ონლაინ გამოცემა „ექსპრესნიუსი" - სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

დავით ბეჟანიშვილი, „პირველი არხი" - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;

დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი" - დაშავდა აქციის გადაღებისას;

გიორგი გოგინაშვილი, „მთავარი არხი" - დაშავდა აქციის გადაღებისას;

იულია კალაბანო - „ჯემნიუსის" ფოტორპორტიორი - ფოტოების გადაღებისას, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ჩაარტყეს წიხლი;

ნინო წვერავა, „სტუდია მონიტორი" - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;

ნინო შუბითიძე, „სტუდია მონიტორი" - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.

ნინო ლორჩოშვილი, „აჭარის ტელევიზია" - დაშავდა აქციის გაშუქებისას;

პროფესიული საქმიანობისას დაშავდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი წყლის ჭავლით.

დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ფოტოში ჩანს, რომ მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. ის ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

რას ამბობს „ქართული ოცნება"

როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, „არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს კანონდარღვევის გარეშე" და „განსაკუთრებით დაინტერესდება იმ ფაქტებით, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან".

„ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. სისტემური, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა იყო. იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, შეკრების დაშლის დროს დაშავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები.

„ჩემი მოწოდებაა ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს. გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე საჭირო იქნება რეაგირება. როდესაც არის ამ მასშტაბის ძალადობა, ბუნებრივია, მაღალი რისკია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაზიანდნენ, მათ შორის ჟურნალისტები. სამწუხაროა, სამომავლოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს. თუმცა, სისტემური, მასშტაბური ძალადობის დროს პირობებში რთულია ასეთი ფაქტების სრულად არიდება.

„ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის განსაკუთრებით თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან", - აღნიშნა პრემიერმა 29 ნოემბერს.

„რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ „ფორმულას" ჟურნალისტ, გურამ როგავაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა არავინ უნდა დაუშვას.

„ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მეგი ნარსავიძეზე („ტვ იმედის" ჟურნალისტი) თავდასხმა არაფერი იყო ამასთან შედარებით. საუბარია, გურამ როგავაზე („ფორმულას" ჟურნალისტი). არ ვიცი ასე უნდა მიმაჩნდეს თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ისიც ამორალურია და ესეც არის ძალიან ცუდი რამ. ამას არ უნდა უშვებდეს არავინ. რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს.

„ამ შემთხვევას მე პირადად აბსოლუტურად ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის მხრიდან. ამ შემთხვევაში პირდაპირი მიმართება იყო და ზუსტად ვიცი რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე, თუნდაც რაც საჯარო და ღია წყაროებში იძებნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საერთაშორისო გამოხმაურება

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით, მათი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს.

„დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ აღმაშფოთებელია ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო; „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. შვედეთი ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×