ნატალია ჯვარიძე
06.12.2024

სოხუმის რეჟიმს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან რუსეთი აიძულებს დათმობაზე წასვლას.

„რუსეთი აფხაზურ საზოგადოებას ამ ფორმით აიძულებს დათმობაზე წასვლას. აფხაზურ საზოგადოებაში ახლა სერიოზული მსჯელობა მიდის, დაემორჩილონ თუ არა რუსებს და გადასცენ საკუთრებაში მათი ქონება, თუ შიგნით რაღაც რესურსები მოძებნონ. მგონი ახლა იქ მიმდინარეობს რესურსების გამონახვის ძებნა, რათა ეს ვალი რაღაც პერიოდის განმავლობაში გადაფარონ".

ვლადიმერ დელბას თქმით, ხაზინიდან მთელი თანხა რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის გადახდაზე მიდის.

„დღემდე რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხელფასი საჯარო სექტორის არც ერთ თანამშრომელს არ აუღია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებ ძალოვან სტრუქტურაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე. დღეს ისინი დაფინანსების გარეშე არიან როგორც ხელფასის, ისე, რა თქმა უნდა, სხვა სავალდებულო ხარჯების კუთხით.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევის კონსოლიდაციას ელექტროენერგიის შესაძენად სახსრების გამონახვაზე, მაშინ, ალბათ, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ხელფასს არ გადავიხდით", - აღნიშნა დელბამ.

1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური და ეკონომიკური დახმარების ფარგლებში სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომელიც მასწავლებლების, ექიმებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის დამატებით გადახდებს ხმარდებოდა. ასევე, შემოდგომა-ზამთრის ენერგოდეფიციტის დროს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციული ხარჯებით მიწოდება დაიწყო. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილებები იმის შემდეგ მიიღო, რაც აფხაზეთმა „რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები" არ შეასრულა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზები საკმაოდ გაღიზიანებულები არიან რუსეთის ქმედებებით და ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევენ.

„ჯერჯერობით აფხაზი ხალხი მზად არაა რუსეთს დაუთმოს. აფხაზეთში ასე ამბობენ, რომ სამხედრო ბაზებისთვის რუსეთი ფულს არ იხდის, ეს სამხედრო ბაზები მათ სჭირდებათ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს წინააღმდეგ, კეთილი ინებონ და გადაიხადონო. აფხაზური ეკონიმიკა მთლიანად მიბმულია რუსულ ეკონიმიკაზე. მთელი ფული, რაც აფხაზეთში რუსეთიდან შედის, ისევ რუსეთში ბრუნდება სხვადასხვა პროდუქტების ყიდვის ფორმით. ანუ აფხაზეთში სერიოზული მსჯელობა მიდის და სულ არ არის პრორუსული განწყობები. ისინი ამის გამო საკმაოდ გაღიზიანებულები არიან. იმედია გამოსავალს იპოვიან. ასე რომ, ამ ეტაპზე აფხაზები ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე არიან და არ აპირებენ რუსეთს დაემორჩილონ. არ ვიცი აქედან რა გამოუვათ, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×