ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება დასავლეთის მიერ არჩევნების აღიარება-არაღიარებისათვის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს. ჭიანურდება თუ არა მისი გამოქვეყნება და როგორი იქნება საბოლოო დასკვნის შინაარსი, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის მოლოდინი მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ქვეყანაში ვითარების უკიდურესად გამწვავებას დაემთხვა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, გარკვეულწილად გავლენას ახდენს როგორც გამოქვეყნების ვადებზე, ისე ნაწილობრივ მის შინაარსზეც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
პირველადი დასკვნის შემდეგ, ეუთო/ოდირს ვადა სამი თვე აქვს, პირველადი დასკვნა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ მოცემულობით ბოლო თარიღი იანვრის ბოლოა, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საბოლოო დასკვნა ყველა შემთხვევაში წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.
თავად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სპიკერი კატია ანდრიუში აცხადებს, რომ ანგარიში 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. „მითების დეტექტორის" წერილის საპასუხოდ იგი წერს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო ანგარიშზე მუშაობა არ დასრულებულა, არ გამოქვეყნებულა და არც ტექსტი გაუგზავნიათ ვინმესთვის.
„ქართული ოცნება" ამბობს, რომ ეუთო/ოდირი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და სანდოობის მქონე ორგანიზაციაა და წინასწარ საუბრობენ იმაზე, რომ გაითვალისწინებენ საბოლოო დოკუმენტში აღნიშნულ შეფასებებს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ამ დასკვნას უკვე აზრი დაეკარგა, რადგანაც მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება უკვე ხალხში ჰკარგავს ლეგიტიმაციას.
ანალიტიკოსებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ეს დასკვნა ვერც საპროტესტო მუხტს დააცხრობს ქვეყანაში, რადგანაც ახლანდელი პროტესტი პირველ რიგში უკავშირდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებას და 26 ოქტომბრის არჩევნებს.
თუმცა, მათივე შეფასებით, ეს დასკვნა მნიშნელოვნად შეიძლება აისახოს პარლამენტში გასული ოპოზიციონერების გეგმებზე, რომლელთა ნაწილსაც უკვე დაწერილი აქვს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის განცხადება.
გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, ეუთო/ოდირზე ამჟამად სერიოზული ზეწოლა ხორციელდება სწორედ საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით. ამის ფონზე განსაკუთრებით ნიშანდობლივია „ქართული ოცნებისადმი" კრიტიკულად განწყობილი ზოგოერთი ევროპარლამენტარის პოციცია, რომელიც ეუთოს მიუკერძოებლობას აქედანვე ეჭვქვეშ აყენებს.
მოლოდინები
მმართველ პარტიაში საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ.
„ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას ადასტურებს.
„შენიშვნების მიუხედავად, მთავარი, რაც დასკვნაში ვიხილეთ, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეეძლო, თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. ამის მიუხედავად, გარკვეული ძალები ცდილობენ, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ, ეუთო/ოდირის დასკვნა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებები იყოს მიჩუმათებული, რათა ისევ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ.
„არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ ცდილობენ, მიჩქმალონ ყველაფერი, რაც ხელს უწყობს და ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა. ახლა 21-ე საუკუნეა, 2024 წელია და თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აღარ არის ეს 2004-2012 წლები, როცა მართული იყო ყველა მასობრივი საშუალება, რითიც შეიძლებოდა, ადამიანებს ინფორმაცია მიეღოთ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ხელში ეჭირა. ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად ნახონ, რა არის რეალობა.
„რეალობა ერთია - ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების" გუნდის სასარგებლოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ბავშვების, ოჯახის ღირებულებების სადარაჯოზე და ღირსეულად ცდილობს, ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ მწვავე ქუჩის პროტესტების ფონზე ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა, რადგან ქვეყანა კრიზისშია. ორიოდე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის ანგარიშს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირი „დამთავრებულია".
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, არავინ აღარ ელოდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დასავლეთში „ქართული ოცნების" ოპონენტები კი იმაზეც საუბრობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიუკერძოებლობა უკვე საეჭვოა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ „ოდირი" არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.
რატომ აჭიანურებს ეუთო/ოდირი და რა შინაარსის იქნება დასკვნა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურება დიდი ალბათობით იმას უკავშირდება, რომ ეუთო/ოდირი არა მხოლოდ მათ მიერ მოპოვებულ, არამედ სხვა სადამკვირვებლო მისიების მასალებსაც სწავლობს.
„რადგან საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, როგორც ჩანს, ისინი არა მარტო თავიანთ მოპოვებულ მასალას სჯერდებიან, არამედ იმ მასალებსაც სწავლობენ, რაც სხვა დამკვირვებლებმაც მოიპოვეს და რაზედაც ოპოზიცია ლაპარაკობს. მთლიანობაში დოკუმენტი ორგვერდიანი ვერ იქნება. როგორც ჩანს, საკმაოდ ვრცელ დასკვნას ამზადებენ და გარკვეულწილად თავს ამიტომაც იკავებენ. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური შემადგენელიც იყოს, თუმცა, თუ ეს იქნება, იქნება ძალიან მცირე დოზით.
„შინარსობრივად როგორი იქნება, ამის თქმა ძნელია, რადგან პირველად დასკვნაში რაცაა, ის ერთი ნაწილია, რაზედაც დღეს ხელისუფლება აპელირებს - რომ მშვიდობიანად ჩატარდა და ა.შ. - რაც ამ დოკუმენტში აღნიშნულია, ეს გასაგებია. თუ 2020 წლის არჩევნებს შევადარებთ, თვისობრივად შესაძლოა ახლა უფრო მძიმე სურათი გვქონდეს და როგორც ჩანს, სწორედ ამის კვლევას ემსახურება, რომ ჯერ დასკვნა გამოქვეყნებული არაა", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქვს ეჭვიც და ინფორმაციაც, რომ ეუთო/ოდირზე დიდი ზეწოლა მიდის. შესაბამისად, მოლოდინი არჩევნების აღიარება-არაღიარებაზე 50/50-ზეა.
„რამდენადაც ვიცი, გამოცხადებული იყო, რომ საბოლოო დასკვნა დეკემბრის შუა რიცხვებში, ან დეკემბრის ბოლოსკენ გამოქვეყნდება. პირველადი დასკვნის შემდეგ ეუთო/ოდირს სამი თვე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო შეფასება გამოავქყენოს. შესაბამისად, ვადა მას ჯერ კიდევ აქვს. როგორი იქნება შეფასება, ამას პრინციპში ყველა ელოდება - ხელისუფლება, ოპოზიცია, გარე პარტნიორები.
„მაქვს ეჭვი და მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ახლა ეუთო/ოდირზე ძალიან სერიოზული ზეწოლა მიდის. ვიცით იქ პირველ ვიოლინოს ვინ უკრავს და ყველაზე უფრო დიდი გავლენა ვის აქვს იმისათვის, რომ საბოლოო შეფასებაში არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს. ეუთო/ოდირი ამ ზეწოლას რამდენად გაუძლებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ მასზე ზეწოლა მიდის, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.
„შესაბამისად,ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში საპარლამენტო არჩევნების აღიარება-არაღიარების ალბათობა დაახლოებით 50/50-ზეა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რადგან ეუთო/ოდირს სამთვიანი ვადა აქვს, რადმენად შეიძლება, რომ საბოლოო დასკვნა წელს არ გამოქვეყნდეს, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„არ შეიძლება, აუცილებლად ამ წელს უნდა გამოაქვეყნოს და დიდი ალბათობით ეს დეკემბრის შუა რიცხვებს არ გადასცდება".
როგორი ეფექტი ექნება დასკვნას
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეუთო/ოდირმა რა დასკვნაც არ უნდა დადოს, ის შიდა პროცესებზე - აქციებზე, პრეზიდენტისა და ოპოზიციის პოზიციებზე - გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ეს პროტესტი, რაშიც ყველა ჩამოთვლილი მონაწილეობს, უკავშირდება დიდწილად პრემიერ კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას და არა 26 ოქტომბრის არჩევნებს.
„ეუთო/ოდირმა როგორი დასკვნაც არ უნდა დადოს, აქ ამ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს. აქ პროცესები თვისობრივად სხვა ჭრილში გადავიდა - არჩევნები გაყალბდა თუ არა, ეს თემა უკვე მოძველდა და ათვლის წერტილი 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებიდან დაიწყო, რომ ევროკავშირთან ურთიერთიობას წყვეტს. დღეს ვინც გამოდის, მათთვის არჩევნები დამატებითი არგუმენტია, რომ „ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვალოს და ამიტომაც ვუბრუნდებით ხელახალი არჩევნების თემას.
„ძირითადი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ევროკავშირთან ყველანაირ ურთიერთობებს ვწყვეტთო და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ თუ ევროპასთან ურთიერთობას წყვეტ, რუსეთ-ჩინეთის ორბიტაზე მიდიხარ და ამ პროტესტის მონაწილეა ოპოზიციაც, ოღონდ არა როგორც წარმმართველი ან მაორგანიზებელი ძალა.
„ეს პროტესტი უცნაურია. ამ 30 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ ყოფილა. თვითორგანიზებული აქციაა, რისი ალაგვმაც ხელისუფლებას უჭირს. თავადაც უჭირს თქვას, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალები აორგანიზებენ. ამის საშუალებას პროტესტანტები ხელისუფლებას არ აძლევენ. არადა ათი დღეა პროტესტი გრძელდება, უფრო იზრდება და თეტრალური თუ სხვა სფეროებში შედის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მედიცინის და სხვა სფეროები შეუერთდებიან. პროტესტი გაგრძელდება და ამის კონტროლს ხელისუფლება ნადვილად ვეღარ შეძლებს.
„ზურაბიშვილი და ოპოზიცია პროტესტში მაშინ ჩაერთვებიან, როცა რეალურად დღის წესრიგში ახალი არჩევნების თემა დადგება. მინიმუმ უნდა ვივარაუდოთ, რომ იანვრის ბოლოსთვის ყველაფერი ნათელი გახდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუჩის აქციები დროებით შეწყდება, ეს არ ნიშავს, რომ პროტეტსი ჩაქრა. შესაძლოა ახალ წლებზე შეჩერდეს და გაზაფხულზე ახალი და უფრო დიდი ძალით იფეთქებს.
„ეუთო/ოდირის დასკვნას დასავლეთის პოზიციაზე უფრო ექნება გავლენა, ვიდრე აქ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესზე. თუმცა, არჩვენები ახლა მეორე პლანზე გადავიდა, რადგან დღეს უკვე ყველა იმ დარღვევებზე ლაპარაკობს, რაც თბილისში ხდება - ამ დასისხლიანებულ ახალგაზრდებზე, საშინელ კადრებზე.
„საქართველოში ესეც პირველად ხდება, რომ მიტინგზე ხალხი ყოველდღე მიდის. ასეთი რამ ეროვნული მოძრაობის დროსაც არ ყოფილა. ამიტომ დღეს წინა პლანზე ადამიანის უფლებები მოდის, თუნდაც იგივე დასავლეთისთვის და მერე არჩევნები.
„ადამიანის უფლებების დარღვევა განიხილება, როგორც არჩევნების შედეგი და არა პირიქით, აი, ამ კონტექსტშია ეს თემა და ეს „ქართული ოცნებისთვის" ძალიან მძიმე განაჩენია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას გავლენა ექნება როგორც დასავლეთის პოზიციაზე, ისე ქვეყნის შიგნით აქციებზე და ასევე ოპოზიციასა და პრეზიდენტის პოზიციაზეც.
„ვნახეთ, რომ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ოთხეულს, მოუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მომდევნო სესიაზე, რომელიც პარლამენტში ახლა გაიმართება, კენჭი უნდა უყაროს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებმაც განცხადებები შეიტანეს.
„რა განცხადებებიც ჩემი თვალით ვნახე, რამდენიმე დეპუტატმა, განსაკუთრებით „ლელოს" წევრებმა, განგებ ისე დაწერეს, რომ ისინი განხილვად დოკუმენტად მიჩნეული არ იქნას. მაგალითად, ასეთი განცხადება იყო, რომ „მივმართეთ თვითმარქვია პარლამენტსო". ხომ გასაგებია, რომ ეს იურიდიულად გამართული დოკუემნტი არაა. მათ ამით ვირეშმაკული ხერხი იხმარეს და უკან დასახევი გზა დაიტოვეს.
„თუკი ეუთო/ოდირმა არჩევნები აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ა.შ., ვერცერთი ოპოზიციური პარტია ამ დასკვნის წინააღმდეგ უკვე ვეღარ წავა.
„კი ამბობენ, რომ ჩვენ ეს დასკვნა არ გვაინტერესებსო, მაგრამ საქმე ასე არაა, ვალდებული არიან გაითვალისწინონ და თუკი საზოგადოება გაიგებს, რომ არჩევნები აღიარებულია, ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ლეგიტიმაცია დაეკარგება. მეორეც - დასავლეთის მხრიდან მათი მხარდაჭერა, რასაც ახლა წამდაუწუმ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამასაც ლეგიტიმაცია დაეკარგება.
„თუკი ეუთო/ოდირმა არჩევნები აღიარა, მაშინ ვერცერთი დასავლელი ლიდერი თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ საპირისპირო განაცხადოს. იგივე შეიძლება ითქვას სალომე ზურაბიშვილზეც, მას საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს. ასე რომ, ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და იმაზე, თუ 16 დეკემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთან მიმართებაში რა განცხადებები გაკეთდება. მათ უკვე თქვეს, რომ საქართველო განხილვის ცენტრალური საკითხი იქნება. ეს პროცესები მოახდენენ გავლენას როგორც საპროტესტო აქციებზე, ისე ოპოზიციური პარტიის მოქმედების გეგმაზე.
„ამ სიტრუაციაში ყველაზე პრაგმატულად გახარიას პარტია იქცევა, რომელიც ჯერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებებს არ წერს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".