ნატალია ჯვარიძე
08.12.2024

7 დეკემბერი თბილისში მიმდინარე მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზეც კი განსაკუთრებულად დრამატული გამოდგა. ბრუტალურმა თავდასხმამ ჟურნალისტებზე, რომელიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს ამ თავდასხმაში ძალოვნების, ან მმართველი პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობას. ოპოზიცია ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს. საპატრიარქოში კი მიიჩნევენ, რომ პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

ანალიტიკოსებიც რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და ამბობენ, რომ თუ არ შეწყდება დაპირისპირებები, ქვეყანაში სერიოზული ქაოსი დაიწყება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ნელ-ნელა ქუჩებში ტერორისა და ქვეყანაში ქაოსისკენ მივდივართ:

„ნელ-ნელა ქუჩებში ტერორისა და ქვეყანაში ქაოსისკენ მივდივართ. ჯერ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ერთი მოვლენა მეორეს აჩენს და გამორციხული არაფერია. უნდა შეწყდეს სიტყვიერი აგრესია ერთამენეთის მიმართ. გამოსავალი მშვიდობაშია. ყველამ უნდა დაივიწყოს საკუთარი ინტერესები და პოზიციები და უარი თქვან მშვიდობის წინააღმდეგ ქმედებებზე".

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ხელისუფლებას კი გადაწყვეტილი აქვს საგანგებო კანონის მიღება, რომლითაც ქუჩის პროტესტების დროს აქციის და კონტრაქციის მონაწილეების მიერ სახის დაფარვა აიკრძალება.

რა მოხდა ბესიკის ქუჩაზე

„ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა ბესიკის #4-თან 7 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს შავებში ჩაცმული ნიღბიანები როგორ აგდებენ ძირს გიორგი შეწირულს და როგორ ურტყამს რამდენიმე კაცი წიხლებს თავში. ასევე კადრში ჩანს, რომ მაკა ჩიხლაძეს უცნობი ნიღბიანი უკნიდან თავში ურტყამს, ძირს აგდებს და გარბის.

თავად ჩიხლაძე ამბობს, ბესიკის ქუჩაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი ნიღბიანი პირები არ აძლედნენ აქციაზე ჩასვლის უფლებას.

თავმდამსხმელებმა ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა წაიღეს. კადრებს მობილურით თვითმხილველი იღებდა, რომელზეც ასევე, განხორციელდა ძალადობა.

„ვიღებდი მე. თქვენი ოპერატორი წააქციეს, წიხლები ხომ შედგნენ, შემდეგ 6 კაცი წაქცეულ ადამიანზე ზედ ხტუნაობდა და უბრალოდ, თმებში ხელი წამავლო და დამაგდო ძირს. დიდი წინააღმდეგობა არ გავუწიე. იცით, როგორი სიტუაცია იყო? ეს ამხელა ჯგუფი, 30 კაცი იქნებოდა დაახლოებით, ერთ ადამიანის ბრძანებას ემორჩილებოდა. ანუ მისი ხელის მოძრაობაზე მოძრაობდნენ, იხევდნენ უკან, როცა ანიშნებდა და მიდიოდნენ წინ, როცა ის მიუთითებდა. მაშინვე ვთქვი, რომ ესენი არიან სპეცრაზმელები", - ამბობს თვითმხილველი.

პოლიტიკური შეფასებები

ჟურნალისტების თავდასხმას საპატრიარქო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში.

„ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად. მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11)", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა.

„ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ. ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას.

„ასე რომ, ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფების, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები და მათი აქტივის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.

„მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ „ფეიქს" აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცებზე ვილაპარაკოთ, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა, სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ.

„რაც შეეხება იმას, რომ ატეხეს ამბავი, "ფეისბუქში" შევიხედე და უკვე მივხვდი საითაც მიჰყავთ. მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველას ველაპარაკე, ვისთანაც კი შემეძლო ლაპარაკი, არც ერთი არ არის არც პოლიციელი, არც სპეცსამსახურის, სპეცრაზმის წარმომადგენელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მომხდარი დაგმო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.

„ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში", - განაცხადა პრემიერმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კანონის მიღება, რომლითაც „აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა".

„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ძალადობის პრევენციისთვის ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია თავის მხრივ, ხელისუფლებას აბრალებს. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ „დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები".

„რეჟიმი „ტიტუშკების" გამოყენებას იწყებს მაშინ, როდესაც პრობლემა აქვს პოლიციაში, სპეცრაზმში და უნდა, რომ სხვა ჯგუფები ჩართოს იმისათვის, რომ როგორმე ფსიქოლოგიურად გადატეხოს და შეაშინოს ვინმე პროტესტში მონაწილე", - აღნიშნა ვაშაძემ.

შესაძლო ვერსიები

რამაზ საყვარელიძე მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

„რასაკვირველია, გამორიცხული არაა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ორგანიზატორობით მომხდარიყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ხალხზე გაბრაზებულ პოლიციელებს გული მოეოხებინათ, რადგან აგრესია ყოველთვის აჩემს საპასუხო აგრესიას. შესაძლოა აქ ყაჩაღობასთანაც გვქონდეს საქმე. როგორც მახსოვს, თავდამსხმელებმა ტექნიკა წაიღეს. შეიძლება ამის მოტივიც ზუსტად ეგ იყო, რომ ეს ტექნიკა წაეღოთ გაყიდვის მიზნით. იმდენად პოლიტიზირებულები ვართ, რომ ყველგან პოლიტიკას ვხედავთ, შესაძლოა ეს არც იყო და ძალადობა ქურდობისთვის მოხდა. ქვეყანა როცა ირევა, ყველა კრიმინალური პროცესი უფრო ხშირდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური კითხვებიც ჩნდება იმ მხრივ, რომ მაგალითად ვინ გადაიღო ეს კადრები, როგორ ან რატომ და ა.შ. ამიტომ მე თავს ვერ დავდებ იმ ვერსიაზე, რომელზეც აქცენტი გავაკეთე, მაგრამ აქცენტი გავაკეთე სწორედ მაგიტო, რომ მაშინ გავათანაბროდ ვერსიები, თორე მეტისმეტი პოლიტიზირება ისევ ერთმანეთის აგრესიაში გადადის", - თქვა საყვარელიძემ.

ედიშერ გვენეტაძე კი ვარაუდობს, რომ ეს ოპოზიციის მიერ მოწყობილი სცენაა, რადგან სიტუაცია უფრო დაიძაბოს.

„რა თქმა უნდა, ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ განხორციელდება, იქნება ეს ჟურნალისტი, მოქალაქე თუ სხვა. თუმცა, მეორე ამბავი მინდა გითხრათ - ჩემი დიდი გონივრული ეჭვით, ეს ხომ არ არის გაკეთებული იმ ძალების მიერ, რომლებსაც ქვეყანაში დაძაბულობა უნდათ და როდესაც ვერ მიაღწიეს „ნაცმაიდანს", გააკეთეს ახლა ამ ჟურნალისტების მიმართ თავდასხმა?

„ჩემი აზრით, ეს არის საზოგადოების მოსინჯვა, თუ რა რეაქცია ექნებათ ამაზე. ისინი პოლიციას იწვევდნენ იმისათვის, რომ მათ გაესროლათ და ვინმე მათგანი დაღუპულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ ახლა უნდათ ერთი ან მრავალი გვამი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები, ამის გამოცდილება აქვთ.

„ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე დღეში, შესაძლოა საათში ალბათ, უნდა გაირკვეს ვინ ჩაიდინა ეს. ჩემი გონივრული ეჭვით, ეს არის დაკვეთით გაკეთებული და ვფიქრობ, ამის დამკვეთი უნდა იყოს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც აღმა-დაღმა დადის ყოველ საღამოს, 11 საათიდან დილის 5 საათამდე", - აღნიშნავს გვენეტაძე.

რა პროცესებია მოსალოდნელი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თუ არ შეწყდა დაპირისპირებები, უარესი პროცესები დაიწყება, რაზეც პასუხისმგებლობა, მისივე თქმით, ყველას მხარეს ეკისრება.

„ნელ-ნელა ქუჩებში ტერორისა და ქვეყანაში ქაოსისკენ მივდივართ. ჯერ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ერთი მოვლენა მეორეს აჩენს და გამორციხული არაფერია.

„ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ამას ასე მკაფიოდ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავითვისეთ მოდელი - ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა რადგან ხელისუფლებას ეკისრება, ისაა ყველაფრის პასუხისმგებელი. თუმცა, ვინც ხელისუფლებას ებრძვის, ის უკვე მაგ კონცეფციით აღჭურვილი იწყებს წესრიგის მორღვევას. ეს ეტაპები გვახსოვს. ამას კარგად იყენებდნენ ბოლშევიკი რევოლუციონერები - რაც უარესი, მით უკეთესიო. ანუ რაც უარესი იქნებოდა ქვეყანაში, მით უკეთესი იქნებოდა ბოლშევიკებისთვის, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა. ეს პრინციპი - რომ რაც ცუდი ხდება, ყველაფერი ხელისუფლების ბრალია - მერე აჩენს ასეთ ბრძოლის მეთოდებს, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე იწყებს ქვეყნის მონჯღრევას.

„მე თითქოს ზეპირად კი ვამბობ, მაგრამ კონფლიქტზეა ლაპარაკი და კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. ერთი მხარე მართალი და მეორე დამნაშავე თითქმის გამორიცხულია. ამ ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთი პირობა არის, რასაც დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინის მიმართ - რომ შეწყდეს კონფრონტაცია, ცეცხლი, აგრესია ერთმანეთის მიმართ. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერჯერობით სერიოზული ცეცხლი არ არის გაღვივებული. მერე, საბოლოო ჯამში ვინც არ იზრუნებს მშვიდობაზე, მათზე სამუდამოდ შავ ლაქად დარჩება. უნდა შეწყდეს სიტყვიერი აგრესია ერთამენეთის მიმართ. გამოსავალი მშვიდობაშია. ყველამ უნდა დაივიწყოს საკუთარი ინტერესები და პოზიციები და უარი თქვან მშვიდობის წინააღმდეგ ქმედებებზე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ედიშერ გვენატაძის აზრით კი, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან საშიშ ძალასთან და საჭიროა სიფრთხილე.

„მე მინახავს ასეთი შემთხვევები. ეს ხელოვნურად ხდება. ნახეთ რა ხდება, იქაურობას როგორც კი პიროტექნიკა მოსცილდა, მაშინვე ეს ამბავი დაიწყო. რატომ არ ხდებოდა ეს პიროტექნიკის გამოყენების დროს? დაფიქრდეს მკითხველი ამის შესახებ. ეტყობა ხოშტარიასთვის მოსკოვიდან ჩარიცხული ფული არ ჰყოფნით. ტყუილს ხომ არ ვლაპარაკობ? ელენე ხოშტარიას რუსეთიდან ფული ჩაერიცხა, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ამიტომ ახლა სჭირდებათ კიდევ ერთი საკრალური მსხვერპლი, შესაძლოა ბავშვიც მოკლან. არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს, რაც ახლა საქართველოში ხდება, სპეცსამსახურების ლაბორატორებშია დამუშავებული. დაზუსტებულად, რასაკვირველია, არ ვიცი, თუმცა მე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ.

„რა თქმა უნდა, ამასთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ისეთი საშინელი ძალაა, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ოჯახში სათითაოდ მიაკითხავენ და შესაძლოა მცირეწლოვანი ბავშვებიც დახოცონ, უფროსებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

„ესენი არიან „ნეოტროცკისტები", რომელთა ლიდერს, ტროცკის თავის დროზე, როცა რუსეთში გადატრიალება მოახდინეს, გაცხადებული ჰქონდა - მოდი, დავხოცოთ ყველა 15 წელს ზემოთ და დანარჩენები კომუნისტური სულისკვეთებით ავღზარდოთო. ახლა ამათ უნდათ დანარჩენები ლგბტ სულისკვეთებით აღზარდონ. ხომ ხედავთ იქიდან რა გველაპარაკებიან? ვაღიარებთ არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკან გაიწვევთ ორ კანონს, უპირველეს ყოვლისა, „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსო", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×