საპროტესტო მუხტის 12 დღის განმავლობაში ამ დონეზე შენარჩუნება საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა და 14 დეკემბერს, მაშინ, როცა დაანონსებულია საპრეზიდენტო არჩევნები ახალი წესით პარლამენტის შენობაში, არანაკლები ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ, რომელთა აზრითაც, ხელისუფლება პერიოდულად თავადვე „სთავაზობს მუგუზალს" ოპოზიციას საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად.
სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ისინი 9 დეკემბერს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ მორიგ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ საპროტესტო რესურსები ამოწურა და „ნაცმაიდანი" ჩავარდა. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მთავარი მკვებავი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგია. მათი შეფასებით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო „ომის პარტიამ" თბილისის ქუჩებშ წამოიწყო მცირე ომი, თუმცა მათი ეს მცდელობა ჩავარდა.
ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მართლაც სცადა არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღის აგორება და ამ მხრივ განსაკუთრებით დატვირთული იყო ახალი პარლამენტის შეკრების დღე - 25 ნოემბერი. თუმცა, ეს გამოსვლები არც ისე მასშტაბური გამოდგა. საზოგადოების ნაწილის რეალური უკმაყოფილება და შესაბამისად, მასშტაბური გამოსვლები კი 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი შეარჩია და საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე თავად ამბობს უარს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის ინიცირებაზე.
ამის შემდეგ აგორებული პროტესტის პირველ დღეებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმაზე საუბრობდნენ, რომ ამ ყველაფერს ერთგვარი დადებითი ეფექტიც ჰქონდა უფრო მძიმე მოვლენების პრევენციის თვალსაზრისით. მათი თქმით, არსებობდა სარწმუნო ინფორმაცია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ოპოზიცია არეულობებს გეგმავდა და უმჯობესი იქნებოდა მათი „საპროტესტო რესურსი" ოქტომბრის ბოლოს დაწყებულ აქციებზე გახარჯულიყო.
ეს პროტესტი უკვე 12 დღეა გრძელდება და ხელისუფლებაც პერიოდულად აკეთებს განცხადებებს, რომ „ნაცმაიდანი" ჩავარდა. ასეთი განცხადებები გაკეთდა 9 დეკემბერსაც.
რას ამბობს „ოცნება"
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ომის პარტიამ" რუსთაველის გამზირზე ომის მცირე იმიტაცია მოაწყო, თუმცა, სახელმწიფოს დაზიანების რესურსი „რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს".
„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს. მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია. ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის სერიოზული რესურსი.
„მათ რუსთაველის გამზირზე მოაწყვეს ომის იმიტაცია. ომის პარტიამ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე.
„თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის" მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში.
„რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია. გუშინ შს სამინისტრო საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია, აქაც იყო ძალადობის რიგი შემთხვევები. იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე. იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული. რეალურად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს.
„ახლა გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია 4 პარტია, 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო" რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. პროტესტი რუსთაველის გამზირზე შინაარსისგან არის დაცლილი. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება. ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ ისინი და ისინი არიან ამ ძალადობის მიმართ ლოიალურად განწყობილები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ოპოზიციის მარცხი არჩევნებზე.
„ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება - უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ.
„ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება, გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ეს იმედგაცრუებაა ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს.
„ჩვენ ეს გვესმის, თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მცირდება თუ იზრდება პროტესტის მუხტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მუხტი კლებისკენ არ მიდის. განსაკუთრებით მასშტაბურ გამოსვლებს კი იგი 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევნების და 29 დეკემბერს ინაუგურაციის დროს პროგნოზირებს.
„მუხტი კლებისკენ არ მიდის. ამ განცხადებებს სპეციალურად აკეთებენ, რომ ადამიანებმა რწმენა დაკარგონ, რომ თითქოს არაფერი არ გამოვა. ვხედავთ, პროტესტი არ წყდება, გამოსვლები ყოველ დღეა და რესურსი ნამდვილად არ დახარჯულა. მემგონი თავად „ოცნება" ხარჯავს რესურსს, რადგან სპეცდანიშნულების ძალები რომ აღარ ჰყოფნით, მერე უკვე „ტიტუშკებს" აგზავნიან.
„თუ ოპოზიციამ ამოწურა რესურსი, მაშინ რატომ აცხადებენ ახლა, რომ ფეიერვერკების გამოყენებაზე რეგულაციები იქნება და ნიღბით სიარულს აკრძალავენ? რესურსი რომ ამოწურული იყოს, მაშინ იფიქრებდნენ - იარონ და გააპროტესტონ, შეიკრიბებიან და დაიშლებიანო.
„როცა გაზაფხულის აქციები იყო და მერე „რუსული კანონი" მაინც რომ მიიღეს, მაშინ ამას ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაემთხვა და პლიუს ის, რომ ბევრი ფიქრობდა, რომ გადამწყვეტი არჩევნები იქნება და თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, შესაბამისად რუსულ კანონებსაც გააუქმებდნენ, რაც ევროინტეგრაციაში ხელის შემშლელია. მაგრამ ახლა უკვე ვხედავთ, რომ პრობლემის გადაჭრის ყველანაირი ცივილური ფორმა ამოიწურა.
„ბრძოლა გრძელდება და უფრო მეტი ხალხი გამოვა გარეთ. ეს პრობლემები, რაც „ქართული ოცნების" მმართველობასთანაა დაავშირებული, ნელ-ნელა ყველა ადამიანზე აისახება, მათ შორის იმათზეც, ვინც „ოცნებას" აძლევდა ხმას.
„14 დეკებმერს ხალხმრავალ აქციას ველოდები, პარლამენტთან უფრო მეტი ადამიანი მივა. ალბათ უფრო დაძაბული იქნება სიტუაცია 29 დეკემბერს, როცა ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა შედგეს და შემდეგ დღის წესრიგში დადგება მისი ორბელიანების სასახლეში შესვლა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ასეთი „შეჯიბრის ტონით" გაკეთებული განცხადებები „ოცნებისთვის" უკუშედეგის მომტანია.
„სტრატეგიული თვალსაზრისით, მემგონი სწორი არაა იმის ძახილი, რომ ამოეწურა რესურსი ოპოზიციასო. გასაგებია, უნდათ, რომ თავიანთ მომხრეებში მეტი ოპტიმიზმი გააჩინონ და თუ იმას რესურსი ამოეწურა, ესე იგი ბათქა-ბუთქი შეწყდება. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ დავაკვირდებით, ასეთი განცხადებების მერე - „ამოეწურა რესურსი", „ოპოზიცია თუ აგრესიული არაა, მაშინ ყველაფერი წყნარად არის" და ა.შ. - ვხედავთ, რომ პროტესტანტები ამ განცხადებებზე რეაქციას იძლევიან, პროტესტის მუხტი იზრდება, უფრო აგრესიულები ხდებიან და ა.შ.
„ეს ხომ შეჯიბრის ფენომენია. ერთი მოკრივე რომ იტყვის - აი, დავამარცხეო, მეორე ძალას იკრებს და წამოხტება ხოლმე. ეს სცენა მახსენდება, რომ შეიძლება დასუსტებულია, მაგრამ ძალას იკრებს. თუკი შეჯიბრის ტონში ასე გააგრძელეს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ეცდება ამათი ნათქვამი გააბათილოს, ეცდება იშოვოს სახსრები.
„ისიც მკაფიოდ ჩანს, რომ ოპოზიციას მარტო ქართულ რესურსებთან არ აქვს წვდომა, უცხოეთის რესურსებიც შეუძლია შემოიტანოს.
„ასეთი გაღიზიანების სტრატეგია წამგებიანია და აძნელებს პასუხს იმაზე, რეალურად დამთავრდა თუ არა რესურსი. თუკი მეორე მხარე კედელთანაა მიყენებული, იმასაც ხომ თავის გულშემატკივარი ჰყავს? ის ეცდება საპასუხოდ წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომაც პროცესი არ ნელდება და ერთ ეტაპზე თუ შენელდება, მეორე ეტაპზე წამოიწევს.
„14 დეკემბერსაც მუხტი ალბათ გაიზრდება, რადგან პოლიტიკოსებს თარიღებთან თამაში უყვართ ხოლმე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რა არის პროტესტის მთავარი მკვებავი იდეა
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პროტესტის მთავარი მკვებავი არის თავად ხელისუფლების კონკრეტული გადაწყვეტილებები და ქმედებები.
„ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. ყაველაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებენ და აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ჩერდება - ბუნებრივია, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. რა თქმა უნდა, პირველ სესიაზეც უნდა მისულიყო უფრო მეტი ადაიანი, მაგრამ სამუშაო დღე იყო და შესაძლოა, ამანაც შეუშალა ხელი.
„თუმცაღა დღეს პროტესტის მთავარი მკვებავია როგორც ერთის მხრივ კობახიძის განცხადება, ისე ყაველაშვილის კანდიდატობა, ასევე გაყალბებული არჩევნები და მერე უკვე ეს ძალადობა, რასაც „ოცნება" მიმართავს. მთავარი მიზეზი თვითონ „ქართული ოცნების" მმართველობაა, ეს ყველაფერი გროვდებოდა ჯერ კიდევ 2012 წლიდან.
„კობახიძემ რაც არუნდა განაცხადოს, რომ თითქოს ევროინტეგრაციის გზას არ გადაუხვიეს, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. პროცესი დაწყებულია და არ შეჩერდება. ჯერ ერთი, „ტიტუშკებს" რომ აგზავნი საცემად, რა ევროინტეგრაციაზეა საერთოდ საუბარი?!", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, პროტესტი მთავარი მკვებავი იდეა „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების სურვილია. „ოცნება" კი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, თუ ხელისუფლების უმაღლეს პირთა ცალკეული განცხადებებით, თავადვე ახდენს საპროტესო მუხტის ხელოვნურად გაღვივებას.
„ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ მუხტი როცა დააკლდება ოპოზიციას, ხელისუფლება მუგუზალს სთავაზობს ხოლმე. პროტესტის მთავარი მკვებავი არის იმის სურვილი, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს. გვახსოვს, გაზაფხულზე მიზეზი „გამჭვირვალობის კანონი" იყო და იქაც სიტუაცია ლამის აფეთქებამდე მივიდა. იქ რაღა იყო მოტივი? - ის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდესო. ლაიტმოტივად მისდევს ხოლმე ყველა ტიპის სხვა მიზეზი. დანარჩენი საკითხები გამოდის საბაბი, რეალური მიზეზი არის ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".