„ქართული ოცნება" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს, რომლითაც საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხი გამარტივდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც თავად საპარალამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, „გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".
უშუალოდ რას გულისხმობს საჯარო სექტორის რეორგანიზაციის საკითხის გამარტივება და რა არგუმენტით აპირებს „ქართული ოცნება" განახორციელოს კანონში ცვლილებები, ამ კითხვებით „რეზონანსი" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილთან და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება" 2028 წლამდე არ მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის ინიცირებას, სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომელთა ნაწილი „ოცნების" პოზიციას საჯაროდ გაემიჯნა. ამის შემდეგ კი პრემიერმა განაცხადა: „კარგია, რომ სისტემა თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი".
ამასთან, ნიშანდობლივი იყო „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებაც, რომ რეორგანიზაციის გაიოლებით უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სექტორის „გაჯანსაღება".
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას", - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ გადაწყვეტილებას არასასურველი საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან სასამართლო დავებისა და ფინანსური კომპენსაციების გადახდის თავიდან აცილების სურვილს უკავშირებს.
„შეიძლება გაიოლდეს სამსახურდან გაშვება, რათა კანონმა აღარ შექმნას იმის საფუძველი, რომ მერე კომპენსაციაზე იყოს ლაპარაკი. გაიოლება იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მოხსნა ყოველთვის შეიძლება, უბრალოდ მერე რა მოჰყვება - ეგაა მთავარი", - განაცხადა „რეზონანსთან" საყვარელიძემ.
რა სავარაუდო ცვლილებას ამზადებს "ოცნება"
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, არსებობს რისკი, რომ ადამიანი საჯარო სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე მუშაობდეს, ან გარკვეულ დახურულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი და „რთულ მდგომარეობაში ცააყენოს ქვეყანა". მისი თქმით, „ოცნება", სავარაუდოდ, სწორედ ამის პრევენციაზე საუბრობს.
„მდინარაძის წინადადებას, რომ ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას, მეორე გამონათქვამს მივამატებდი, კობახიძის მიერ არაერთხელ გამოთქმულს, რომ არავითარი კოჰაბიტაცია, სტრუქტურები უნდა გათავისუფლდეს „ნაციონალებისგანო". სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები იმიტომ გადადგებიან ხოლმე, რომ არ ეთანხმებიან იმ კურსს, რასაც ხელისუფლება მიჰყვება. ჩვენთანაც ახლა ვხედავთ, რომ ვიღაცეები გადადგნენ, ნაკლებად წონიანი ფუგურები, მაგრამ გადადგომა გამოაცხადეს.
„ე.ი. ნორმალური ურთიერთობის შემთხვევაში, თუ არ იზიარებ იმ პოლიტიკას, რასც ახორციელებს შენს ზემოთ მდგომი (და ეს კერძო სტრუქტურებსაც ეხება), დაწერ განცხადებას წახვალ და მერე ქუჩიდან გააპროტესტებ. თან იმუშავო და თან გააპროტესტო, ცოტა გაუგებარია. ასეთი გაუგებრობების შემთხვევაში, კიდევ ერთი რისკია, რომ შეიძლება ადამიანი საჯარო სექტორში იყოს, გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდეს, ფლობდეს იმ ინფორმაციას, რაც ხელისუფლებას გააჩნია და თუკი ის ამ ხელისუფლების მიმართ მტრულადაა განწყობილი, შესაძლოა უკვე საქმით განახორციელოს მტრობა და ქვეყანა დააყენოს რთული სიტუაციების წინაშე. ამას საბოტაჟი ჰქვია.
„რადგან გამოვლინდა, რომ საჯარო სექტორში შეიძლება მუშაობდეს ხალხი, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ (და საპროტესტი აქცია, ხომ იმიტომაა, რომ ხელისუფლებას ხელი შეუშალოს), მაშინ, რა თქმა უნდა, მათთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესია, თუ ეს ადამიანები ცალკე იქნებიან.
„შინაარსობრივად ჩემთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, მაგრამ თავად საკითხის ასე დაყენება - რომ არ აღმოჩნდეს, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს გაათავისუფლებენ, ეს მემგონი მართებული არაა, რადგან გათავისუფლებამდე საქმე არც უნდა მივიდეს და თვითონ საჯარო სამსახურში მყოფმა პირმა, თუ არ ეთანხმება, განცხადება თავად უნდა დაწეროს და წავიდეს.
„შეიძლება გაიოლდეს სამსახურდან გაშვება, რათა კანონმა არ შექმნას იმის საფუძველი, რომ მერე კომპენსაციაზე იყოს ლაპარაკი. გაიოლება იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მოხსნა ყოველთვის შეიძლება, უბრალოდ მერე რა მოჰყვება - ეგაა მთავარი", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, როგორ აისახება კანონში ახალი შესაძლო ცვლილებები საზოგადოების განწყობასა და თავად საჯარო სექტორის მუშაობაზე, საყვარელიძემ გვითხრა:
„საჯარო სამსახურში მყოფი თანამშრომელი თუ საპროტესტო აქციაზე დგას, ესე იგი მას ხელისუფლების მიმართ უკვე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, თუკი სხვა შეხედულება გაქვს, შეგიძლია პარტია შექმნა, ან რომელიმე არსებულ პარტიას დაუჭირო მხარი და ამით შეცვალო ხელისუფლება. საპროტესტო აქციებში, საბოტაჟსა და ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც ძალადობრივ მოქმედებას გულისხმობენ... ძალადობაში მარტო იარაღს ვვარაუდობთ ხოლმე, მაგრამ ყველაფერი ძალადობაა, რაც მეორე მხარეს აიძულებს ისე მოქმედებას, როგორც შენ გინდა. თუკი დოკუმენტაციას და ინფორმაციას შეცვლი, ეგეც ძალადობაა. ასეთი ძალადობის გამოყენების შესაძლებლობა ალბათ რომ არ ჰქონდეს, მაგაზე იქნება ცვლილებები, ასე ვვარაუდობ. მაგრამ ეს დიდ ტრაგედიად არ მეჩვენება სწორეედ იმიტომ, რომ ადამიანები, ვინც სახელმწიფო პოლიტიკას არ ეთანხმებიან, ისინი იმ სახელმწიფო დაწესებულებაში არ უნდა მუშაობდნენ.
„წესით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. თუკი პოლიტიკური განსხვავება არ იქნება იმის საფუძველი, რომ ადამიანმა გააფუჭოს საქმე. თუკი საქმეს გააფუჭებს, წესით ის ისედაც უნდა გათავისუფლდეს.
„თუკი თქვენ ეწევით იმის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო არ ვარგა, სახელწიფომ უნდა გიხადოთ ფული? ბიუჯეტის ფიულია, მაგრამ პოლიტიკა ხომ „ოცნებისაა"? სახელმწიფო სამსახურში დატოვებაც ხომ „ოცნების" ნებაა?", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".