„ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა - დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, - ასე პასუხობენ პარტია „ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან დაზიანება ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მიიღო. ასევე, ვრცელდება ცნობები, თითქოს მმართველ პარტიაში სერიოზული დაძაბულობაა, რაზეც ჯერჯერობით განცხადება „ოცნებას" არ გაუკეთებია.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი „მთავარ არხთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა.
„ირაკლი ღარიბაშვილიც და თეა წულუკიანიც პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. პარტიაში დაპირისპირებაა. ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს გარეთ არ გამოდის, თუმცა, რამდენადაც ვიცი, მას არანაირი ასოცირება აღარ უნდა იმ პროცესებთან, რაც მიმდინარეობს, თეაც ზუსტად იგივე აზრზეა, ჩემი ინფორმაციით... პარტიაში ძალიან ბევრს აქვს ჭმუნვა. კარგადაც ჩანს, რომ არც გამოდიან და, არც კომენტარს აკეთებენ, როცა ყველაფერი კარგად არის, ვიცით, ჩამწკრივებულები, როგორ დალაგებულ ტექსტებს ლაპარაკობენ", - თქვა ბაჩიაშვილმა.
ასევე, ბაჩიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, „ოცნების" წევრი ირაკლი ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში იყო.
„ირაკლი ღარიბაშვილი იყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ამერიკულ ჰოსპიტალში - რამდენადაც ვიცი, საღ-სალამათი გამოვიდა იქიდან", - თქვა ბაჩიაშვილმა.
მანამდე, მან „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში იყო მისული.
„გავრცელდა ხმები, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი რას უკავშირდება ეს, თუმცა საიდუმლოებით მოცული ამბავია", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
„მთავარი არხის" ინფორმაციითივე, განხეთქილებაა ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძის შორის. ასევე, როგორც არხმა განაცხადა, ღარიბაშვილმა არაფორმალურად უკვე დატოვა „ქართული ოცნება". მის მიმართ გაკეთდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მან ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილი ბიზნესში წასვლას აპირებს.
ყოფილმა პრემიერმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა განაცხადა, რომ პარტიის შიგნით ფიზიკური დაპირსიპირება მიდის: „ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს".
მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ქართული ოცნების" ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობას განაგრძობს.
„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთწოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება.
ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს", - განაცხადეს პარტიაში.