ნატალია ჯვარიძე
11.12.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი განხილვის საგანი გახდა, რადგან მხარეებმა თითქოს სხვადასხვა ინფორმაციები გაავრცელეს, რასაც „ოცნების" მხრიდან დამატებითი ახსნა გახდა საჭირო. საუბარს ანალიტიკოსები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს უკავშირებენ. ზოგიერთი მათგანი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეა იყო და მომავალში საფრანგეთის როლი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პროცესებში გაიზრდება.

„შესაძლოა ტრამპმა მაკრონს სთხოვა, რომ მიეხედა ამ საქმისთვის, რადგან სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა და ტრამპის მიდგომაა - ევროპა უნდა გახდეს პოლიტიკურად ევროპის საქმეებში უფრო აქტიური და მთლად ამერიკის შემხედვარე არ იყოს. აქედან გამომდინარე, მე ამას არ გამოვრიცხავ და არც იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაში საფრანგეთის როლს უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად ვიხილავთ", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საფრანგეთში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მაკრონისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და გადაწყვიტა სიტუაციაში გარკვევა:

„მე ვფიქრობ, მაკრონის საფრანგეთში ზურაბიშვილთან შეხვედრა და მასთან საუბარი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და მაკრონმა, როგორც ტიპიურმა ევროპელმა ლიდერმა, მოისურვა თავად გარკვეულიყო სიტუაციაში".

მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა.

მათივე თქმით, საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება.

„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად.

„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამასთან, განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია.

„მან კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და დაადასტურა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად იქნება დამოკიდებული იმ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული ან მიღებული იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო".

ამასთან, როგორც საფრანგეთის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს".

ამასთან, „ოცნების" ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს", - ნათქვამია „ოცნების" მიერ გავრცელებულ დამატებით ინფორმაციაში.

საფრანგეთის როლი მომავალში

დავით ზურაბიშვილის აზრით, საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოჩნდა, რომ მაკრონს „ოცნების" მიმართ მაინცდამაინც სასურველი პოზიცია არ აქვს.

„ფრანგული მხრის გამოქვეყნებულ განცხადებაში ძალიან კარგად ჩანდა მაკრონის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც ახლა საქართველოში მიდის, რომ დაპატიმრებულია უამრავი ადამიანი, საჭიროა მათი გათავისუფლება, ევროინტეგრაციის გზისკენ დაბრუნება და ა.შ. ანუ მაკრონს „ქართული ოცნების" მიმართ მაინცდამაინც სასურველი პოზიცია არ აქვს.

"ვინაიდან ამას წინ უძღვოდა სალომე ზურაბიშვილის, დონალდ ტრამპის და ემანუელ მაკრონის ერთმანეთთან შეხვედრა და საუბარი, გამორიცხული არაა ტრამპს მაკრონისთვის ეთხოვა, რომ მიეხედა ამ საქმისთვის, რადგან სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა და ტრამპის მიდგომაა - ევროპა უნდა იყოს ევროპის საქმეებში უფრო პოლიტიკურად აქტიური და მთლად ამერიკის შემხედვარე არ იყოს. აქედან გამომდინარე, მე ამას არ გამოვრიცხავ და არც იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებაში საფრანგეთის როლს უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად ვიხილავთ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ვინაიდან საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს წარმომადგენელს ამდენი ხანი ესაუბრება, ეს უკვე თავად არის მნიშვნელოვანი ფაქტი.

„ვფიქრობ, საუბარი მაკრონის ინიციატივით რომ შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს და მის შეხვედრას მაკრონთან, სადაც ზურაბიშვილმა მაკრონს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მისეული ვერსია მიაწოდა. გასაგებია, რომ ეს ცალმხრივი და მუქ ფერებში დახატული სურათი იქნებოდა, რასაც პრინციპში, სალომე ზურაბიშვილიც არ მალავდა და ასეთ ჭრილში აწვდიდა ინფორმაციას იმ ევროპელ ლიდერებს, ვისაც ის შეხვდა, მათ შორის დონალდ ტრამპს. ამიტომ, ვფიქრობ, ზურაბიშვილთან შეხვედრა და მასთან საუბრი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და მაკრონმა, როგორც ტიპიურმა ევროპელმა ლიდერმა, მოისურვა თავად გარკვეულიყო სიტუაციაში. ასევე, საუბარი რომ 1 საათამდე გაგრძელება, მიუთითებს იმაზე, რომ მაკრონი დაინტერესებული იყო გაეგო, რა მოხდა რეალურად საქართველოში, რას აპირებს საქართველო და მისი ამჟამინდელი ხელისუფლება და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. როცა საფრანგეთის პრეზიდენტი 1 საათს უთმობს ისეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიცაა საქართველო, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალბათ როგორც შეთანხმდნენ, რომ შემდეგი კონტაქტი შედგება, ჩვენ გავიგებთ რაზე იყო საუბარი იმის მიხედვით, თუ რა ითქმევა 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მომდევნო დღეებში რა განცხადებები გაკეთდება და ა.შ.

"რთულია ახლა იმაზე მსჯელობა იმოქმედებს თუ არა ეს საუბარი 16 დეკემბერს, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვერაზე, როდესაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცით რა საკითხები განიხილეს, როგორი იყო ეს საუბარი - კეთილგანწყობილი თუ არაკეთილგანწყობილი, შეთანხმდნენ რაღაცებზე თუ მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ, საქართველოს მიმართ მოსალოდნელ სანქციებზე, თუ რა პოზიციას დაიჭერს საფრანგეთი? ამის მერე ირიბად შეგვეძლება ვიმსჯელოდ ამ საუბარმა რაღაც გარკვეული შედეგი გამოიღო თუ ვერა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×