თამთა ჩაჩანიძე
12.12.2024

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს შორის "საინტერესო საუბარი შედგა და ამის გაგრძელებაა საჭირო". თავად პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი".

მაკრონი-ივანიშვილის საუბრის შემდეგ, ინფორმაციები გაავრცელეს, როგორც "ქართულმა ოცნებამ", ისე საფრნგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რის მერეც ქართული თარგმანი თბილისში საფრანგეთის საელჩომ "ფეისბუქ" პოსტზე გამოაქვეყნა. სადაც განცხადების დასკვნით ნაწილში მაკრონმა "მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით".

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე "შარლ მიშელი 2" მოსალოდნელი არაა და ჯერჯერობით არ ჩანს იმის წინაპირობა, რომ ევროკავშირიდან მაკრონის გარდა, სხვა რომელიმე ლიდერი ჩაერთოს პროცესში.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კრიზისის გამუხვტივის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია.

რას ნიშნავს მაკრონის მოწოდება "ინკლუზიური დიალოგისკენ"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობებიდან გამომდინარე, დიალოგის საჭიროება ამოტივტივდა, თუმცა, მაკრონი არ აპირებს იყოს "შარლ მიშელი 2".

"მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი-ივანიშვილის დიალოგში მეამბოხეებსა და ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემა თითქოს ამოტივტივდა, მე მაინც მგონია, რომ ძირითადი მიზანი ეგ არ იყო, ანუ მაკრონი არ აპირებს იყოს "შარლ მიშელი 2" და ძირითადი მიზანი მგონია, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით. გინდ ერთი და გინდ მეორე მხარეს რაც ითქვა, ის სათქმელი ერთ საათს არ საჭიროებდა, არადა ვიცით, რომ საუბარი ერთი საათი გაგრძელდა.

"ესე იგი რაღაც სხვა თემებზეც იყო ლაპარაკი, რომელიც არ ვიცით, ამიტომ გაბედულად პროგნოზების გაკეთება გადამეტებულია, მათ შორის პროგნოზი იმის მიხედვით, რაც ინფორმაციებში გადმოიცა, რომ აი, აპირებს, რომ შიდა კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმაროს. არ გამოვრიცხავ, რომ საუბრის თემა ყოფილიყო არა შიდა, არამედ გარე კონფლიქტის მოგვარება, რომ საქართველოს დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მაკრონია.

"შეიძლება გვქონდეს მაგის იმედი, მაკრონმა მიიჩნიოს, რომ დასავლეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს და ჩატეხილ ხიდს გაამთელებს. დასავლეთთან დაპირისპირება ერთ-ერთი მდგენელია იმ დაპირისპირებისა, რომელსაც საქართველოს შიგნით ვუყურებთ. თუ ის დაპირისპირება მოიხსნა, ესეც შემსუბუქდება.

"რაც შეეხება სხვა ევროპელი ლიდერების გამოჩენას, ალბათ ეს სხვები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ შეიცვლება კლიმატი ზოგადად დასავლეთში. მაკრონიც ალბათ თავისი პიროვნული ინიციატივით ალბათ არ დაიძვრებოდა ივანიშვილისკენ, ალბათ ზოგადი პოლიტიკური კლიმატი იყო განმსაზღვრელი.

"შეიძლება შარლ მიშელის ფუნქციები აიღოს ნებისმიერმა ლიდერმა დასავლეთიდან, ოღინდ ეს არ ნიშნავს ისეთ აქტიურ და კონკრეტულ მიქმედებებს, როგორიც მიშელს ახასიათებდა, გამორიცხული არაა, დასავლეთის ქვეყნებმა თუ გამოაცხადეს, რომ მივესალმებით საქართველოს არჩევნების შედეგებს და ვაღიარებთო, ჩაწყნარდეს ყველაფერი და დაძაბულობა მოიხსნას. უფრო მეჩვენება, რომ დამაწყნარებელი განცხადებების პერსპექტივა უფრო აქვს მაგ პროცესს, ვიდრე ისეთი მოქმედებისა, როგორიც მიშელს ჰქონდა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისთვის ფრანგული მხარის განცხადება უფრო ახლოა სიმართლესთან, ვიდრე "ქართული ოცნების" რისი მიხედვითაც დიალოგზე მოწოდება იქნებოდა, ამასთან მაკრონის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება, რომ ივანიშვილი დაფიქრდეს. მოსალოდნელი მეორე ზარიც, ზაქარეიშვილის თქმით, ამაზე მიუთითებს.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ დიალოგისკენ მოწოდება აუცილებლად იქნებოდა. მე მგონი სიმართლესთან ის ინფორმაცია უფრო ახლოს იყო, რომელიც ფრანგულმა მხარემ გაავრცელა. არჩევნების კონტექტიდან გამომდინარე "ქართული ოცნება" სანდო არაა, სამაგიეროდ, ქართველი ხალხის მოტყუება ევროპული და ფრანგული მხარის ინტერესებში არაა. ისინი საქართველოში არ მოდიან, ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, ამიტომ მათ არ სჭირდებათ რაღაც სისულელეები მოიფიქრინ და მერე თავი იმართლონ, რადგან საქართველოს წინაშე არანაირად არ არიან ვალდებულები.

"მაგ ფონზე, ჩემთვის დამაჯერებელია მაკრონის განცხადება - მოწოდება იქნებოდა დიალოგზე, შეშფოთება იქნებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ივანიშვილი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, არანაირი ფიგურა არაა, რომ წამყვანი სახელმწიფოს პირველი პირი მას ურეკავდეს, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, შეიძლება დაურეკოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესაც კი არ ურეკავს საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარე.

"ეს უპრეცედენტო ამბავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ურეკავს, რომელიც ხელისუფლებაშიც კი არაა ლეგიტიმურად. ეს მილოცვა არ ყოფილა, მილოცვა, რომ სდომებოდა პრემიერ-მინისტრს დაურეკავდა, თან მილოცვას "ოცნება" თავადვე გამოსდებდა. აშკარად ჩანს, რომ ეს პრობლემური და შეშფოთების ზარი იყო და უფრო მეტი არ დაიწერა, ვიდრე დაიწერა.

"მგონია, რომ ივანიშვილს ძალიან მკაცრი გაფრთხილება ექნებოდა და უნდა დაფიქრდეს.ის რომ "ოცნებამ" გაავრცელა, რომ თანახმაა მაკრონი, რომ კიდევ ილაპარაკონ, ეს მეტყველებს, რომ ივანიშვილმა აიღო ვადა, რათა იფიქროს და დაფიქრდეს იმ სიტყვებზე, რაც მაკრონმა უთხრა. ის, რომ მაკრონი ხელმეორედ დაურეკავს, ეს ნიშნავს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში პროცესები საფრანგეთისთვის, რომ საფრანგეთს და ზოგადად ევროკავშირს საქართველოს დაკარგვა არ უნდათ.

"მაკრონი ევროკავშირის ხელმძღვანლობას ყველაფერს ეტყვის. ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ზარი, სადაც აისბერგის ზედა ნაწილი ჩანს მხოლოდ და ქვედა ნაწილში იქნბოდა მკაცრზე მკაცრი გაფრთხილება თუ რა მოელის სწორედ მას, თუ სიტუაცია კონსტიტუციის შესაბამისად არ შეიცვლება. ისინი რაღაც განსაკუთრებულს არ მოითხოვენ, ისინი ამბობენ, რომ ნუ ლანძღავთ ევროკავშირს და რაც კონსტიტუციაში გიწერიათ ის შეასრულეთ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ამ პრპოცესში ევროკავშირის სხვა ლიდერებოც ჩაერთვნენ, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

"არ მგონია, ალბათ ეს ვალდებულება მაკრონმა აიღო თავის თავზე, თანაც ალბათ ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის გაგრძელება იყო. ალბათ იქ შეთანხმდნენ, რომ სჯობდა განხორციელებულიყო მაკრონის ზარი ივანიშვილთან და ვნახოთ რა გამოვა აქედანო. გამოვიდა ის, რომ ივანიშვილმა ყურმილი აიღო, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია",- განაცხადა მან.

ამბობს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა შეიცვალა და არაა გამორიცხული, რომ "შარლ მიშელი 2"-ის ტიპის გადადგმა მოინდომონ, თუმცა მანამდე არჩვნების ლეგიტიმაციის საკითხი უნდა გაირკვეს დასავლეთიდან.

"ევროკავშირში ხელმძღვანელობა შეიცვალა და არაა გამორიცხული, რომ მართლა მოინდომონ ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ შეიძლება ხელშეკრულება უფრო მკაცრი და უფრო მდგრადი შეიძლება იყოს, ვიდრე შარლ მიშელის შეთახმების დოკუმენტი, რადგან იციან, რომ "ოცნება" გადამგდებია. მაგრამ ვიდრე აქამდე მივა საქმე, მანამდე უნდა გაირკვეს ლეგიტიმურია თუ არა "ქართული ოცნების" ყოფნა ხელისუფლებაში, რამდენად ღირს მათთან თანამშრომლობა, როგორც შემდეგი ნაბიჯებისთვის თანამშრომლობა.

"პირველი ნაბიჯი იქნება ლეგიტიმურად სცნონ თუ არა,დასავლეთში ყველა მოუწოდებს გადაიხედოს არჩევნების შედეგები. ალბათ უფრო საუბარი იქნება არა იმდენდ დიალოგზე, არამედ დიალოგზე ლეგიტიმაციის განსაზღვრიდან გამომდინარე",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

რას აცხადებენ მაკრონი-ივანიშვილის საუბარზე მხარეები

"საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელიც 11 დეკემბერს შუადღით 14:00 საათისთვის "ფეისბუქზე" დაპოსტეს.

თუმცაღა, მალევე გასჯაროვდა ელისეს სასახლის განცხადება, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" ამავე დღის 17:00 საათისთვის დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს",- ვკითხულობთ დამატებით განცხადებაში.

თავი მხრივ საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გავარცელა მაკრონის განცხადების თარგმანი, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ".

"საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.

"მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.

"მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.

"მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა",- წერია თბილისში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ დონეზე საუბარი, მისასალმებელი და კარგია.

„ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იმარჯვებს რომელიმე მხარე, არ არის სწორი და რელევანტური. აქ მთავარი თემა არის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელ რეგიონში იქნეს შენარჩუნებული. ამაში ევროკავშირიც არის დაინტერესებული, საფრანგეთიც და მისი პრეზიდენტიც. რა საკვირველია, პირველყოვლისა საქართველოა დაინტერესებული. ამ თემებზე იყო საუბარი 1 საათი. ძალიან ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე. საინტერესო საუბარი შედგა და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული.

"მაგალითად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს, რომ არ შეჩერდეს დაპირისპირება, გადატრიალების მცდელობები, რბევა და ფიზიკური დაპირისპირება. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, რაც მისასალმებელი და კარგია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემასთან დაკავშირებით ვოლსკიმ განმარტა, რომ ამ საუბართან დაკავშირებული ყოველგვარი სპეკულაცია, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, უადგილო და არარელევანტურია.

"ზარი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან არ გულისხმობდა რეჟიმის მხარდაჭერას - ეს გულისხმობდა რეჟიმისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენას", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. მისი თქმით, კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი კარგად ესმით პარიზში,ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს ყველაფერი ესმით როგორც პარიზში, ასევე ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. წარმოიდგინეთ ხვალ ასობით ათას თბილისელს და არა მხოლოდ თბილისელს, პოლიციის გამოძახება რომ დასჭირდეს, უბრალოდ არ გამოიძახებს, რადგან ნდობა არის ნული," - განაცხადა მელიამ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×