ნატალია ჯვარიძე
12.12.2024

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, ვინც კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ცნობებს. დიდი შესვენების შემდეგ მან მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2-თან" ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მმართველი გუნდი დატოვა. ღარიბაშილმა აღნიშნა, რომ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი ხელმწერა არ არის. როგორც მან თქვა, მას საკუთარი წესები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს.

„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზპგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გახსოვთ, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, მითუმეტეს კრიზის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, მე დავტოვე პარტია.

„ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ის მის კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა.

„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე, მმართველი პარტიის თავმდჯომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები".

ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აარიდა თავიდან ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.

„ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, თავს როგორ ესხმოდნენ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს. როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტო,ატით ესროდნენ. დღეს იგივეა ფაქტობრივად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის მოეწონაის, რაც ჩვენ ვიხილეთ.

ეს ყოვლად მიუღებელია. პოლიციელზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. მე მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს და სპეცრაზმელს. მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აარიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.

საზოგადოებამ ასევე ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ. და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანების იქ დგომა, რომლებიც შესაძლოა გულწრფელად აპროტესტებენ და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ყველა ასე ვთქვათ, კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ მედიასივრცეში გავრცელებული ცნობები ემსახურება „ქართული ოცნების" ამომრჩევლებში ნეგატიური განწყობის შექმნას.

„მერამდენეჯერ გავრცელდა მედიასივრცეში ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს განხეთქილება აქვს პარტიასთან. მე პირადად სათვალავი ამერია. გამოვიდა ეს ადამიანი და ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.

„ირაკლი ღარიბაშვილი, რომ პარტიიდან წასულიყო გამოვიდოდა და იტყოდა, მე მივდივარ პარტიიდანო და დაასახელებდა მისთვისაც და საზოგადოებისთვისა მისაღებ მიზეზს, როგორც ეს გააკეთა 2015 წელს, როცა პრემიერობის თანამდებობა დატოვა.

„ასე რომ, ეს ყველაფერი არის ინფორმაციული ხმაური, რასაც ქმნის ოპოზიციური მედია. ეს არის მათი საინფორმაციო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, აპრობირებული დასავლეთში, შეიძლება მათ ასწავლეს ტრენინგებზე, სემინარებზე და უთხრეს, რომ საჭიროა. ეს იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" ამომრჩევლებში შექმნან ასეთი ნეგატიური განწყობა, თითქოს პარტიაში რაღაც განხეთქილებაა და ა.შ.", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×