16 დღეა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება და მისი მონაწილეები დიდ აქციას 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების დღესაც აანონსებენ. არჩევნების პროცედურა პარლამენტის შენობაში დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე - 5 საათის განმავლობაში გაიმართება, შესაბამისად ამ პერიოდში შენობის გარეთ ხალხმრავალ აქციას ელოდებიან ანალიტიკოსებიც და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პროტესტი საღამოს საათებშიც გაგრძელდეს.
პარალელურად, ფეისბუქ-ჯგუფმა „ანტი-მაიდანი" 14 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე „ნაძვის ხის ანთება" დაანონსა. პოსტი 13 დეკემბრითაა დათარიღებული ბანერზე წარწერით - „მშვიდობისათვის, ვიკრიბებით 14 დეკემბერს 19 საათზე ერთად ავანთოთ ნაძვის ხე". ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ აქცია 19 საათამდე გაგრძელდა და ნაძვის ხის ანთებაც არ გადაიდო, მაშინ სერიოზული დაპირისპირებების რისკია.
„ვიკრიბებით 14 დეკემბერს, 18 საათიდან, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. დროა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი მშვიდობა, ერთმანეთის თანადგომა და ღვთისა და ერის წინაშე განუზომელი მადლიერებაა. ამისათვის სიცოცხლის და მარადისობის სიმბოლოს, ნაძვის ხეს ავანთებთ, რითაც ხაზს გავუსვამთ იმას, რომ, არაჯანსაღი მენტალობის ადამიანები, რომელთა თავებშიც ჩასასვენებელი სარიტუალო სასახლის დაწვა, ჩვენი ახალგაზრდების, ბავშვების ტვინის გამორეცხვა და მათი ფარად გამოყენება ჩაისახა, ვერასდროს მობრუნდებიან ამ ქვეყნის ხელისუფლებაში!
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყველას, რომ ასი ათასი მოწამის ქალაქში აღარასდროს დაბრუნდება ის ავად-სახსენებელი ძმათა მკვლელი ომი და სიყვარულით შევეგებებით ქრისტეს-შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მობრძანდით, გელოდებით ყველას ძვირფასო მეგობრებო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ პარლამენტთან აქცია შვიდ საათამდე არ დაიშალა, პრობლემა არ იქნება, თუ ნაძვის ხის ანთებას გადადებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში, „ეს უკვე ნაძვის ხის ანთება კი არა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება" იქნება.
„არჩევნები არის დილით 9-იდან 14:00 საათამდე, საპროტესტო აქციაც ალბათ ამ პერიოდში იქნება. არაა გამორიცხული, რომ პროტესტი გაგრძელდეს. თუ ასე მოხდა და იქ ის ხალხი მივიდა, ვინც ნაძვის ხე უნდა აანთოს, არ გამოვრიცხავ, რაღაც სეიოზული დაპირისპირება იყოს.
„თუ პროტესტი არ დასრულდა, ქალაქის მერიამ ეს თემა უნდა გადადოს. ეს „ანტი-მაიდანის" თემა არაა, ანტიმაიდანიც და მაიდანიც ხელისუფლების გამოძახილია. ნაძვის ხეს „ანტი-მაიდანი" კი არ აანთებს, ქალაქის მერია აანთებს და პასუხისმგებლობა იმ პროცესზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, ქალაქის მერიას ეკისრება და არა „ანტი-მაიდანს".
„ესაა მნიშვნელოვანი, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამაც უნდა გაიაზროს. ვნახოთ, აბა, როგორ წარიმართება ჯერ არჩევნები და შემდეგ რა სიტუაცია იქნება შვიდი საათისთვის.
დაძაბულ ვითარებას ველოდები და მგონია, რომ ხვალ მთელი პარლამენტის შენობა იქნება გავსებული პოლიციელებით, რობოკოპებით და ყველაფრით. ხვალ ხელისუფლება შეეცდება, ისეთი ილუზია შექმნას, თითქოს მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას და პარლამენტში შევარდნას აპირებენ. ამიტომ პრევენციულ ზომებს მიიღებს.
„თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ იქ აქცია არ დაიშალა, სჯობს, ნაძვის ხე ცოტა მოგვიანებით აანთონ, როცა მანიფესტაცია დაიშლება. შაბათ-კვირას რომ აანთონ, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ხელისუფლება ჯინაზე დაიწყებს საქმიანობას, ეს უკვე ნაძვის ხის ანთება კი არა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი იმედოვნებს, რომ 14 დეკემბერს პროტესტი მშვიდობიანად ჩაივლის.
„ხვალ ორივე მხარე შეიკრიბება, ოღონდ სხვადასხვა ადგილზე (ერთი პარლამენტში, მეორე პარლამენტთან), ალბათ პროტესტს გამართავენ და მერეც გაგრძელდება, დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი, არც მეორე მხრიდან ძალა გამოყენებული არ იქნება. თუ ერთი მხრიდან არ იქნა, მეორე მხრიდანაც არ იქნება, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ხვალინდელი დღე ძალადობის გარეშე ჩაივლის.
„ჩემს მოლოდინს ჩემი სურვილი ერევა და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, თორემ სამწუხაროდ გამორიცხული არაფერია, მათ შორის არაა გამორიცხული, სიტუაცია დაიძაბოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
როგორ აირჩევენ პრეზიდენტს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 14 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურებზე საუბრობს.
„პირველად ჩვენს ისტორიაში, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ, გერმანულ წესს, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ივე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ივე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არიან გადანაწილებული. ამ 300 წევრისგან დღეის მოცემულობით, „ქართულ ოცნებას" ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს"; 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას"; 15 წევრი ჰყავს „ლელოს", 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას; 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს.
„შესაბამისად, „ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ჰყავს 69 წევრი. 300-იდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების", 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან.
ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და „ქართულმა ოცნებამ" აითვისა ეს კვოტები. ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.
„რაც შეეხება პროცედურას, არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში იქნება. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა არის ღია და სახელობითი, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები. შემდე უკვე ცესკო სხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული. ცესკოს სხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება საბოლოო შედეგი. ხვალ მედიისთვისაც იქნება სპეციალური რეჟიმი. ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაცია მედიაზე. ამიტომ ყველა მედიას, მათ შორის უცხოურ მედიასაც, ვისაც აქვს ინტერესი დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ აპარატთან ჰქონდეს კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. არ იმოქმედებს წლიური აკრედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.