ევროკავშირში, შესაძლოა, „მსურველთა კოალიცია" ჩამოყალიბდეს, რომელშიც ის სახელმწიფოები შევლენ, ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ორშაბატს ევროკავშირი ვერ შეძლებს სანქციებზე შეთანხმებას. რამდენად რეალურია გერმანულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია და რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამასა?
„ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან, ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს „ცივი ომის" გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა რეალურია და ევროპის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია:
„ნებისმიერი სანქციის განხორციელება რეალურია, მთავარია მონდომება. მთავრი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა მას არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს - ეს ასე არაა".
როგორც გერმანული „შპიგელი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და უნგრეთის მიერ მათი დაბლოკვის შემთხვევაში, გეგმა „ბე"-ზე მუშაობს. მათივე ცნობით, იგეგმება „მსურველთა კოალიციის" ჩამოყალიბება, სადაც შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც სანქციებს ემხრობიან. ამის ინიციატორები კი „ვეიმარის სამკუთხედის" ქვეყნები არიან - გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი.
გერმანული გამოცემის წყაროების თანახმად, სანქციებთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინიციატივა 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება გაჟღერებული. ამას ევროკავშირის დონეზე თავის კოლეგებთან გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრი, ანა ლურმანი წარადგენს.
წყაროების ცნობით, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციები საქართველოს მოსახლეობას არ შეეხოს. „ვეიმარის სამკუთხედის" სათადარიგო გეგმა ძირითადად საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებისათვის პერსონალური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
„შპიგელის" ინფორმაციით, უნგრეთის გარეშე მოქმედების გეგმა „ვეიმარის სამკუთხედის" ფარგლებში გერმანიის ევროპის მინისტრმა ანა ლუჰრმანმა, პოლონეთის ევროპის მინისტრმა ადამ შლაპკამ და საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა განიხილეს.
აღსანიშნავია, ამგვარი პრეცედენტი უკვე არსებობს. დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა 3 სახელმწიფომ - ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ - გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და აღმსარულებელი ხელისუფლების 9 წარმომადგენელს.
შესაძლო შედეგები
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუკი ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციები მართლაც დაწესდა, ეს მნიშნელოვნად გააუარესებს საქართველოს ურთიერთობას როგორც ამ ქვეყნებთან, ისე ზოგადად ევროკავშირთან ეს ურთიერთობები ფაქტობრივად „ცივი ომის" რეჟიმში გადავა.
„თუ ეს მართლა განხორციელდა, რასაკვირველია, ამას მხოლოდ ნეგატიური პოლიტიკური შედეგები მოყვება. საქართველოს და ევროკავშირს შორის დაზიანებულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. შესაბამისად, ეს ურთიერთობები შევა ისეთ ღრმა კრიზისში, რომ შემდეგ ამ პროცესის შემობრუნება ძალიან რთული და ხანგრძლივი იქნება.
„არ ვიცი ეს ინფორმაცია ვინ გაავრცელა და რამდენად სწორად მოიტანეს ქართულ მედიამდე, მაგრამ თუ, დავუშვათ, ეს მოხდა, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები შესაძლოა სერიოზულად გაუარესდეს.
„მეორე საკითხია რა სანქციებზეა საუბარი. თუ ეს არის ეკონომიკური ტიპის და ფინანსური სანქციები, ალბათ ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პროგრამები ისედაც შეჩერებულია.
„თუ მათ დაასანქცირეს მთავრობის მეთაური, მინისტრები და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო დაბალ დონეზე გადავა. ფაქტობრივად, განულებაზე შეიძლება იყოს საუბარი. შენ თუ ასანქცირებ კანდიდატი ქვეყნის მთავრობის მეთაურს, წევრებს, პარლამენტარებს და ა.შ., თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მათ ურთიერთობები დაღმავალი მიმართულებით მიჰყავთ. ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს „ცივი ომის" გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
პაატა ზარეიშვილის აზრით კი, თუ ევროპა მყისიერ ზომებს მიიღებს, „ქართული ოცნება" დათმობაზე წავა.
„როგორც ჩანს, ევროპაში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მთელი ხალხის ნების გამოხატულებაა. რეალურად კი ეს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა. საზოგადოება შუაზე გახლეჩილი არაა. არსებობს ევროპის მომხრე ადამიანები და მეორე მხარეს არაფერი არ უნდა, მათ არაფრის გაკეთების მოტივაცია არ აქვს და რასაც ეტყვიან, იმას ეთანხმებან.
„ევროპამ ეს უნდა დაინახოს - რომ საქართველოში არის ერთი მოტივაცია და ეს არის ევროპის სურვილი, ხოლო მეორე მხარეს არის ძაალაუფლების შენარჩუნების სურვილი „ქართული ოცნების" მხრიდან. ვინც „ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს, მას პირველ რიგში თავისი პენსია და სოციალური დახმარება ადარდებს და არა ის, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ეს ყველაფერი ევროპამ უნდა გაიგოს. ან ევროპა იქნება, ან საშინელი განუკითხაობა, რასაც „ოცნება" ახორციელებს.
„მთავრი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს - ეს ასე არაა.
„ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება ახალ არჩევნებზე უნდა წავიდეს. შეიცვლება ცესკოს ადმინისტრაცია. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, სადაც ეჭვი აღარავის შეეპარება პროცედურებში. ვინც გაიმარჯვებს - ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ გაყალბების მიმართ ეჭვები აღარ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".