ნატალია ჯვარიძე
07.01.2025

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას სტუმრობა საქართველოში, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო და შესაბამისად, მის მიერ გადაწყვეტილების შეცვლა უკვე ახალი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. რამ მოახდინა გავლენა პია კაუმას გადაწყვეტილებაზე და რისი მანიშნებელია საქართველოში მისი სტუმრობის გადადება?

თავად პია კაუმამ „ტვიტერზე" თავდაპირველად დაწერა, რომ ვიზიტის გადადება დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ გადაწყვიტა:

„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში".

მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ" პია კაუმას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისადმი მიწერილი წერილი გაასაჯაროვა.

მასში აღინიშნება, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესების ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს.

„საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჩემი წინა მიმოწერის შემდეგ, ბოდიშის მოხდით უნდა გაცნობოთ, რომ ვიზიტი, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, 8-10 იანვარს ვერ შედგება. ეს გადაწყვეტილება არსებული გარემოებების გულდასმით განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაშია ხაზგასმული და როგორც გუშინ, პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციულად იქნა განხილული, საქართველოს საარჩევნო პროცესების ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინ სამუშაო აქვს. ხარვეზების აღმოსაფხვრელად ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი რჩება და მათი განხორციელების მიზნით ჩემს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვიმეორებ", - წერს პია კაუმა.

მისი თქმით, „დაგეგმილი ვიზიტის მიზანი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეკომენდაციების შესახებ მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ხელშეწყობა და დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად ეუთო-ს ერთგულების ხელახალი დადასტურება იყო".

„მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის მზადყოფნას ჩემს დელეგაციასთან თანამშრობლობისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის, რაც აუცილებელია რეალური პროგრესის მისაღწევად, ხელსაყრელი არ არის. თუმცა, ოდირის რეკომენდაციების განხორციელების მხარდაჭერის და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ჩვენი ძალისხმევა მტკიცეა. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება", - ნათქვამია წერილში.

პია კაუმა საქართველოს ხელისუფლებას ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა შესაბამის ძალასთან ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს პრიორიტეტი მიანიჭოს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამ მცდელობებში დახმარებისთვის მზად არის და მზად ვართ უახლოეს მომავალში ეს საკითხი ონლაინ შეხვედრაზე განვიხილოთ", - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

კრიტიკა და კომპლიმენტები

პია კაუმა, ეუთოს დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია და „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ძლიერმა საქართველომ" პია კაუმას წერილითაც კი მიმართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, „ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ".

მოგვიანებით „გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამაც მიმართა პია კაუმას და მოუწოდა, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

პია კაუმას საქართველოში ჩამოსვლის გეგმას საერთაშორისო გამოხმაურებებიც მოჰყვა. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ტვიტერზე" დაწერა, რომ „დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო". კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი კი 8-10 იანვრის ვიზიტს „უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებად" აფასებდა.

მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ პია კაუმამ გეგმები შეცვალა, შეიცვალა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართ განცხადებების ტონიც.

„ამ გადაწყვეტილების გამო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მადლობელი ვარ. ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს. საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება!", - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდის რეაქციას, „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ვიზიტის გაუქმების რეალური მიზეზი ბულინგია.

„პია კაუმას ვიზიტის დაბულინგების შემდეგ გაუქმება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეუთო ოდირი არჩევნების კიდევ ერთი აღიარების დემონსტრირებას ახდენდა და მას თავს დაესხნენ. თუმცა, მის ბოლო განაცხადშიც მხოლოდ რეკომენდაციების განხილვაზეა საუბარი, რაც ოპოზიციას და მის პატრონებს არ აწყობთ. ქვეყანა შიგნიდან ვერ არიეს და გარედან დაიწყეს შანტაჟის გაძლიერება. ვერ გატეხეს საზოგადოების უმრავლესობა, ვერ დაშალეს ხელისუფლება და მთლიანად მმართველი გუნდი. არჩევნებში ვერ დაადებინეს საკუთარ მორჩილ აქაურ აგენტურას სასურველი შედეგი და „ეს არ ითვლებაო". საზოგადოება, თუ კარგად დააკვირდება პროცესებს, უფრო გაუადვილდება ომის საფრთხის არსებობის დანახვა, ის, რაც ჯერ კიდევ არსად გამქრალა და მეგობრებსა და მტრებს ადვილად განასხვავებს ერთმანეთისგან", - წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

რას ნიშნავდა ეს ვიზიტი და რამ შეაცვლევინა გეგმა პია კაუმას

ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი ეუთოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება იქნებოდა და შესაბამისად, „ქართული ოცნება" ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა.

„მე ასე მგონია, რომ პირველ რიგში ქალბატონმა კაუმამ გაითვალისწინა თვითონ ოპოზიციისა და ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, რომლებიც ვიზიტის გადადებას თხოვდნენ, ვინაიდან აღნიშნული ირიბად ნიშნავდა საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებას. ანუ არჩევნების კი არა, არამედ იმის, რომ „ქართული ოცნება" დღეს არის მოლაპარაკების მხარე.

„ოპოზიციის გარკვეულწილად ჰქონდა შეშფოთებისა და უკმაყოფილების საფუძველი. კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის ვიზიტი ასე პირდაპირ არჩევნების აღიარებას არ ნიშნავდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ხვდება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკვე ნიშნავს ე.წ. ხელისუფლების ირიბად აღიარებას. თან იმის ფონზე, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან" რაღაც კონტაქტები იქონიოს და ხელი ჩამოართვან.

„აქედან გამომდინარე, ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა დადებითად ვერ აისახებოდან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რადგან „ქართული ოცნება" ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და იტყოდა - ასეთი დელეგაციის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაღიარებენო. ასე რომ, ეს ვიზიტი აბსოლუტურად უდროო იქნებოდა.

„თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, ეუთო არაა დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, რადგან სხვებთან ერთად მისი წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი და კიდევ რამდენიმე ტოტალიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას შედარებით თბილი ურთიერთობა აქვს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძემ კი „რეზონანსთან" საუბრისას პია კაუმას წინა განცხადებები გაიხსენა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობდა.

„მაშინაც, როცა კაუმა თბილისში იყო და ქართულ თემაზე რეაქციები ჰქონდა, ამ ქალს არ დაუმალავს, რომ მისი შეფასებით, არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. მას აქვს ნათქვამი, რომ მართებული არაა სხვა ქვეყნიდან უკარნახონ საქართველოს, არჩევნები ნორმალური იყო თუ არა. ნათქვამი აქვს, ამ ზომის გაყალბებაზე ლაპარაკი ალბათ ცოტა გადაჭარბებულიაო და ამიტომ მიაჩნია, რომ დარღვევები შეიძლება იყო, მაგრამ შედეგები იგივეა, რაც ოფიციალურად დაიდო.

„არ მგონია, რომ ჩვენი ოპოზიციის წერილების გამო გადადო ეს ვიზიტი, ვინაიდან ოპოზიცია მხარეა. მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო თვითონ ევროპელი პარლამენტარების და პოლიტიკოსების მოწოდებების გამო მოხდა. სავარაუდოდ, რაღაც დამატებითი ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ხდება ხოლმე ასე პოლიტიკაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×