თამთა ჩაჩანიძე
07.01.2025

2025 წელი ისევ აქციით დაიწყო და ხელისუფლების მოლოდინი, რომ პროტესტი საახალწლო დღეებში ტრადიციულად მინელდებოდა, არ გამართლდა - სიცივისა და სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, გამოსვლები ისევ გრძელდება და რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, ყოველ საღამოს იკეტება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, ეს პროცესები კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება და კვანძის გახსნას მაშინ უნდა ველოდოთ, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

31 დეკემბერს 23:00 საათიდან პროტესტანტებმა რუსთაველზე დაანოსებული „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" გრძელი საახალწლო სურფით აღნიშნეს. მაგიდები გაშლილი იყო თავისუფლების მოედნიდან სასტუმრო „თბილისი მერიოტამდე", სასტუმროსთან კი პატრული იყო მობილიზებული. გამოსვლები იყო შემდგომ დღეებში და შობის ღამესაც. თბილისის გარდა, აქციები მიდის სხვა ქალაქებშიც - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, პოლიტიკურ პროცესებზე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება, რომელიც წელს შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. მათი აზრით, თუ ახლანდელი სტატუს კვო შენარჩუნდა, გაზაფხულის შემდეგ ოპოზიცია შეიძლება დილემის წინაშე დადგეს - გააგრძელოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, თუ ადგილობრივი არჩევნებისათვის დაიწყოს მზადება.

ამის პარალელურად კი დაიწყება ნამდვილი საინფორმაციო ომი „ოცნებასა" ოპოზიციას შორის და ორივე მხარე შეეცდება საქართველოსადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომის ჩამოყალიბებაზე მოახდინოს გავლენა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ საინფორმაციო ომის ნაწილია, ერთის მხრივ, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებიც და მეორეს მხრივ, ხელისუფლების მხრიდან პროტესტი მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებისაგან თავის შეკავებაც.

სადამდე გაგრძელდება აქციები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება, რადგან ოპოზიციისთვის მთავარი აქციების უწყვეტობაა. მისივე შეფასებით, აქციები „თითქოს ერთი შეხედვით თვითორგანიზებადია, მაგრამ ორგანიზატორები ჰყავთ და გარკვეული ფულადი რესურსიც ჩადებულია".

„ეს აქციები 2025 წელსაც გაგრძელდება. ოპოზიციამ თავიდანვე დააანონსა, რომ მთავარი იყო აქციების უწყვეტობა, რადგან მათ სხვა არაფერი დარჩათ დასავლეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ მათ რაღაც მხარდაჭერა გააჩნიათ. ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, პრინციპში, დასავლეთს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიციები დაეფიქსირებინა.

„ვნახეთ მათი განცხადებები, სადაც ხაზგასმით ამბობენ, რომ ჩვენ ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთო. ყველა განცხადებებში, დოკუმენტებში - ვერბალურსა თუ ოფიციალურში - სწორედ ესაა ხაზგასმული და როგორც ჩანს, მათთვის ხალხი ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ აქციაზე გამოდიან და პროტესტის დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა, არ შეიძლება მათ არ იცოდნენ, რომ ეს ხალხი, თუნდაც მათი რაოდენობიდან გამომდინარე, არ შეიძლება წარმოადგენდეს მთელ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ რადგანაც ამ ხალხის პოზიციები მათ პოზიციებს ემთხვევა, ისინი ამ შემადგენლობას მიიჩნევენ ქართველ ხალხად და ის პოზიციები, რასაც ისინი აფიქსირებენ, მათთვის ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„ჩემი აზრით, ეს თავისთავად მცდარი მიდგომაა, მაგრამ თავის თავში შეიცავს გარკვეული ტიპის პროვოკაციასაც, რადგან ე.წ. ფერადოვანი რევოლუციების სცენარები ყოველთვის ასე იწყება ხოლმე, როდესაც პასიონარული უმცირესობა თავისი აქტივობით, მოძრაობით და ა.შ. ცდილობს შექმნას ილუზია ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს.

„აქედან გამომდინარე, ეს აქციები თითქოს ერთი შეხევდვით თვითორგანიზებადია, მაგრამ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ მათ ორგანიზატორები ჰყავთ. აქციებში გარკვეული ფინანსური რესურსებიცაა ჩადებული და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს აქციები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ან თავის მიზანს მიაღწევენ და ხელისუფლებას აიძულებენ დასავლეთის ზეწოლით ახალი არჩევნები დანიშნოს, ან თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ეს აქციები თავისთავად ჩაიფერფლება, როგორც არაერთხელ მომხდარა. გვახსოვს წინა წლებიდან გამომდინარე, რომ პერმანენტული აქციები თანდათანობით მიილევაა ხოლმე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მოვლენები ჯერჯერობით პროტესტანტების სასარგებლოდ ვითარდება, „ქართული ოცნება" კი, მისი თქმით, დაბნეულია, თუმცა ჯერ კიდევ მაინც 20 იანვარს ელოდება და დათმობაზე არ წავა.

„ჯერჯერობით მოვლენები წინააღმდეგობის სასარგებლოდ ვითარდება, ვინც წინააღმდეგობას უწევს „ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების მითვისებას და შენარჩუნებას. ამას კარგად დაემატა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის გადადება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქუჩაში დგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რომ არა ქუჩაში დგომა, ეს ქალბატონი თამამად ჩამოვიდოდა.

„აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება" დაბნეულია და ჯერ კიდევ იმედი აქვს და მაინც 20 იანვარს ელოდებიან. ამ ფონზე, მათ გარკვეული სიმშვიდის შენარჩუნება მოუწევთ 20 იანვრამდე, რათა მეტი პროვოკაცია არ გამოიწვიონ. ამიტომ დაელოდებიან ამ პერიოდს და მერე შეიძლება რაღაცა მოიმოქმედონ - დარბევები, ან მსგავსი ღონისძიებები დაიწყონ.

„ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ისინი 20 იანრამდე უკანდახევას აპირებენ. უშალოდ 20 იანვარსაც არაფერი მოხდება, მაგრამ მაინც რაღაც იმედები აქვთ. შეიძლება, მაგალითად, ორბანმა ან სხვებმა რაღაც იმედები ჩაუსახეს, მაგრამ 20 იანვარს გამოჩნდება, რომ არაფერი სიახლე არ იქნება და მოტყუვდნენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როდის დადგება გარდამტეხი პერიოდი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აეწყობა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს მმართველი პარტიის ურთიერთობები. ეს კი შეიძლება გამოჩნდეს უფრო ზამთრის ბოლოს, ან გაზაფხულის დასაწყისში.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აეწყობა ხელისუფლებისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები. შესაბამისად, თუ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის მზადაა ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთღან, ანუ „ქართულ ოცნებასთან", ეს უკვე ერთგვარი სიგნალი იქნება, მათ შორის ევროკავშირისთვისაც, რომ მათ თავიანთ ამჟამინდელ მიდგომებს გადახედონ.

„ეუთოს საპარლამენტიო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმებაც სწორედ ამ ძალების ზემოქმედების შედეგია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოპოზიციის, ცალკეული ევროპელი მაღალჩინოსნების, თუ ევროდეპუტატების წერილების თუ მოწოდებების საფუძველზე ის ამ ვიზიტს არ გააუქმებდა. სავარაუდოდ ამაში უფრო გავლენიანი ძალები ჩაერივნენ.

„ვფიქრობ, რომ ეს აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაცია არ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებასთან", - განაცხადა მან.

კითხვაზე, ანუ გარდამტეხი იქნება თუ არა მაინც 20 იანვარი, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„20 აინვარს ასეთ თარიღად ნუ ავიღებთ. ამ დღეს მარტო ინაუგურაცია შედგება, რომლის შემდეგაც უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, სანამ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გაერკვევა, თუ რა ხდება საქართველოში - მოაგროვებს ინფორმაციას არა მარტო წინამორბედ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, არამედ სხვა წყაროებიდანაც და ახლაა სწორედ ის მნიშვნელოვანი მომენტია, თუ ვინ გაიმარჯვებს საინფორმაციო ბრძოლაში - „ქართული ოცნება", თუ ოპოზიცია და რომელი უფრო წინსმწრებად მოახერხებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„აქ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმუშავებენ როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის ლობისტური ჯგუფები, რომელიც ნამდვილად ჰყავთ ორივეს. ეს მრავალკომპონენტიანი პროცესია და 20 იანვრის შემდეგ, ალბათ, გარკვეული ხანი უნდა გავიდეს, ორი-სამი თვე მაინც და სავარაუდოდ, ალბათ გაზაფხულისთვის, ან შეიძლება ცოტა უფრო ადრე გაირკვეს რა დამოკიდებულება აქვს ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ასევე ფიქრობს, რომ კვანძის გახსნას უფრო გაზაფხულზე უნდა ველოდოთ.

„სანქციები არ მოიხსნება, უფრო გამყარდება და ყველზე ეფექტური და შთამბეჭდავი იქნება, თუ 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია შემდგომ სანქციებს გამოაცხადებს. მე ტრამპისგან არ ველოდები არც არსებული სანქციების უკან წაღებას, მაგრამ არც ახალი სანქციების დაწესებას. თუმცაღა, თუ აღმოჩნდა, რომ მის გუნდში შეიკრობა ხალხი, ვინც იტყვის, რომ დემოკრატია სულს ღაფავს, დამატებითი სანქციებია საჭიროო და თუ ტრამპისგან მეტი სანქციები წამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი („ქართული ოცნება") მიხვდებიან, რომ უნდა დათმონ რაღაც, მანამდე არ მგონია, რომ დათმონ.

„თუ ახალ არჩევნებს გაზაფხულამდე არ მივაღწიეთ, გაზაფხულისთვის უკვე მკაფიოდ გამოიკვეთება ადგილობრივი არჩევნების კონტურები. რა თქმა უნდა, („ოცნებას") ათასჯერ ერჩივნა, რომ ეს არჩევნები ახლა არ ყოფილიყო, მაგრამ რაკი არის, ვერ გადაახტებიან. ამიტო ეს უნდა გაიარონ და შესაბამისად ემზადებიან. მათ უნდათ დრო მაქსიმალურად ისე „შეჭამონ", რომ მერე მომავალი ნაბიჯი ადგილობრივ არჩევნებს დაუკავშირონ.

„ამიტომაც, ბუნებრივია, გაზაფხულზე საზოგადოების აღშფოთება უფრო გამოიკვეთება, იმის მოლოდინში, თუ რას ვშვრებით ჩვენ - ადგილობრივ არჩევნებზე მივყვებით „ქართულ ოცნებას", თუ ახალი არჩევნებისკენ მივდივართ.

„ზაფხული მკვდარი სეზონია, რასაც ადგილობრივი არჩევნები მოჰყვება. მერე უკვე ოპოზიციას მოუწევს იმაზე მსჯელობა - მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში. „ოცნება" ხელისუფლებას ხელახლა მიითვისებს და მერე სამი წელი არაფერი აღარ იქნება საქართველოში. ამიტომ გაზაფხულის პერიოდია გადამწყვეტი და ხელსაყრელი, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მიმართ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×