თამთა ჩაჩანიძე
08.01.2025

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც "ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა" "დიფ სთეითის" ქსელის წევრია".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე "დიფ სთეითი" "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს "მშვიდობისთვის სჯის" სანქციებით, თუმცა "ქართველ ხალხს ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებენ".

ამასთან, განცხადებაში ნახსენებია ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, "რომელსაც დააინიცირებინეს მეგობარი აქტი", რომელსაც "ოცნება" "მტერ აქტს" უწოდებს. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის" მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში „დიფ სთეითის" მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება" დაახლოებით 2030 წლმდე.

ოპოზიციამ აღნიშნულს "პარანოიდული განცხადება" უწოდა და განაცხადა, რომ ეს შედეგია იმისა, რომ 20 იანვარიც მოდის და რეალურად ხვდება "ოცნება", რომ აშშ მათ მიმართ არაფერს შეცვლის და "მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა" და „დიფ სთეითის" ქვეშ მოექცა".

"ოცნება" კი აცხადებს, რომ სანქციები გამოყენებულია მხოლოდ იმისთვის, რომ "ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს".

"უკვე პრობლემები გაჩნდა, მათ შორის მათ მომხრეებშიც, ამასთანავე პროტესტის ტალღა არ წყდება და იძულებულები არიან რაღაც რეაგირება მოახდინონ. რეალური რეაგირება მათ არ შეუძლიათ, ამიტომ ამ განცხადებით კმაყოფილდებიან, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადად მაინც ტავტოლოგიაა",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

"დიფ სთეითი" , ანუ ე.წ. ღრმა სახელმწიფო "ქართული ოცნების" მიერ არაა მოგონილი. ამ ყველაფერს ამბობდნენ და ამბობს რესპუბლიკური კონსერვატიული ძალები, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ეს ვაშინგტონში, ან ბრიუსელში რეგისტრირებულ პარტიას არ ნიშნავს, ეს არის ძალიან დიდი მახინჯი კონგლომერატი, ძალიან დიდი ფულიანი და გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ ბისნესმენებისგან შექმნილი, რომლებიც შეკრებილნი არიან, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში და რომელთა მიზანია, რომ მთავარია იყოს ომი, უბედურება, სისხლისღვრა და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე ფულის კეთება",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

რა მიზანი აქვს მმართველი პარტიის განცხადებას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ განცხადების მიზანია, რომ "ოცნებამ" საკუთარი მომხრეების დაკარგვა შეანელოს.

"დიფ სთეითში" იგულისხმება მთელი დასავლეთი, ჯერჯერობით ტრამპის გამოკლებით, ივანიშვილი და ტრამპი ერთად ებრძვიან ამ "დიფ სთეითს" და არ ვიცი როგორ იქნება საქმე. ზოგადად ეს განცხადება პასუხია იმ შემოტევაზე, რასაც "ქართული ოცნება" ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იღებს და ერთგვარი თავის მართლება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

"უკვე პრობლემები გაჩნდა, მათ შორის მათ მომხრეებშიც, ამასთანავე პროტესტის ტალღა არ წყდება და იძულებულები არიან რაღაც რეაგირება მოახდინონ. რეალური რეაგირება მათ არ შეუძლიათ, ამიტომ ამ განცხადებით კმაყოფილდებიან, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადად მაინც ტავტოლოგიაა და ერთი და იგივე პასაჟი რამდენჯერმე მეორდება.

"ყველაზე საინტერესო, რომელიც "ძალიან მომეწონა"ის იყო, რომ თურმე "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ 2030 წლისთვს ევროკავშირი "დიფ სთეითის" პრობლემას როგორც იქნება დაძლევს. "ოცნებაც" ხომ გვპირდება, რომ 2030-ში გავხდებით ევროკავშირის წევრი, როგორც ჩანს, "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ბრძოლა ამ დროისთვის დასრულდება და მერე ღირსებით ევროკავშირის წევრი გავხდებით.

"რეალურად კი ეს თავის მართლებაა, რომ საკუთარი მომხრეების დაკარგვა შეანელონ. 20 იანვრამდეც ბევრი აღარ დარჩა და შემდეგ უკვე ვნახავთ რა და როგორ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ცდილობენ, რომ ამ დრომდე როგორმე გადასწიონ ეს პრობლემა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტერმინოლოგიები, რაც განცხადებაშია მოხსენიებული, "ქართული ოცნების" მოგინილი არაა და პარტია კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებას.

"პარტიული დისციპლინა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს. აქ არაფერი დასაძრახი და შემაშფოთებელი არაა, როგორც ამას "ქართული ოცნების" ოპონენტები წარმოაჩენენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები საერთოდ არ იცნობენ პროგრესული და ლიბერალური დემოკრატიის ელემენტარულ ანა-ბანას.

"მმართველი გუნდი განცხადებებს აკეთებს კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტების რჩევებს ითვალისწინებს ხოლმე ის ე.წ. ექსპერტების საუბრები ძალიან სასაცილოა. "დიფ სთეითი", ანუ ღრმა სახელმწიფო და ა.შ. ეს ტერმინები "ქართული ოცნების" მიერ მოგონილი არაა, ესაა ძირძველი პოლიტიკური ჟარგონის საკითხები, რომლებიც დასავლეთში მოიგონეს.

"როდესაც ქართული ოპოზიცია მიმდინარე ტენდენციებს ჩამორჩენილია, ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელმაც იცის რა არის დემოკრატია, რა პოლიტიკური ტერმინოლოგია.

ამას მმართველი გუნდი ყოველთვის მიჰყვება და უსწრებს კიდეც წინ. როდემდე უნდა უცადოს ქართველმა ამომრჩეველმა ჩამორჩენილ ოპოზიციას? თუნდაც მათ მიერ ახალი წლის დღეებში გამართული შოუ, როგორი სასაცილო და ტრაგიკომიკურია.

"როგორც აღვნიშნე, ტერმინოლოგია "გლობალური ომის პარტია","ომის წამქეზებელი პარტია", "დიფ სთეითი" , ანუ ე.წ. ღრმა სახელმწიფო "ქართული ოცნების" მიერ არაა მოგონილი. ამ ყველაფერს ამბობდნენ და ამბობს რესპუბლიკური კონსერვატიული ძალები, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.

ეს ვაშინგტონში, ან ბრიუსელში რეგისტრირებულ პარტიას არ ნიშნავს, ეს არის ძალიან დიდი მახინჯი კონგლომერატი, ძალიან დიდი ფულიანი და გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ ბისნესმენებისგან შექმნილი, რომლებიც შეკრებილნი არიან, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში და რომელთა მიზანია, რომ მთავარია იყოს ომი, უბედურება, სისხლისღვრა და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე ფულის კეთება.

"ეს არ არის საჯაროდ დარეგისტრირებული პარტია, ეს საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელთა შესახებაც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განაცხადა. ეს არსებობდა და სამწუხაროდ მომავალშიც იარსებებს. დონალდ ტრამპი და ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ამას უნდა გაუმკლავდნენ იმიტომ, რომ არ იყოს დიქტატი ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.

"ამის გამოა, რომ უკრაინაში ომია, გლობალურად პრობლემებია და აშშ-ს წარმავალ დემოკრატიულ პარტიაზე ზეგავლენას ახდენენ და ა.შ. სწორედაც ტრამპი მედროშეა, რომ ეს აღმოფხვრას, მას მოკავშირეები ჰყავს ევროპაში და ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც ამ სიმახინჯეს აღმოფხვრის, "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" და რესპუბლიკელები ერთ პოლიტიკური დღის წესრიგში არიან, მაგრამ იდეოლოგიურად რასაც ტრამპი ამბობს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, ამასვე ამბობს "ოცნებაც", რაც ე.წ. რუსეთუმეობას არ ნიშნავს",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

რა წერია "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში

„ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

"უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის" მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.

"უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის" ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.

"ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის" განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს" ან „დიფ სთეითი" გაანადგურებს ამერიკას".

ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი" ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა" შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა" ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის" პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა.

უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის" ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.

"საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს.

სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის" ხელით,

კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას.

ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის" თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

"ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა - რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს.

"კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

"ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.

"ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის" ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში" იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით - „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია". ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს" თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

"ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა" გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს.

ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი" ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის" სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.

"ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის" კარნახით უწევთ მოქმედება.

"თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით" - ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.

"საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

"გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია.

ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.

"გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი - „ომი არის მშვიდობა, მონობა - თავისუფლება, ხოლო უმეცრება - ძალა". ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.

"უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.

"ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი" საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი" შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით - „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად" და „დიფ სთეითის" დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო.

ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი" თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის" ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

"შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.

"პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის" მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.

"ევროპაში „დიფ სთეითის" მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა - „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია". ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის" უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.

„დიფ სთეითის" ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.

"იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის" პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.

"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი",-აღნიშნულია განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×