თამთა ჩაჩანიძე
08.01.2025

ცნობილია დაახლოებით როდიდან შეუწყდებათ ქართული დიპლომატიურ პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა. ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ოფიციალური პირები 10 იანვარს განიხილავენ, 24-ში კი დღის წესრიგში დადგება საკითხის დამტკიცება.

სანქცია მინიმუმ 15 ქვეყნის თანხმობას საჭიროებს, ამის ბერკეტი დღეს ევროკავშირს აქვს და დიდი ალბათობით უკვე თებერვლიდან ამოქმედდება აკრძალვა.

ევროკავშირის გეგმებზე "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საუბრობს.

"ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს. ამის შემდეგ, 24 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა", - წერს იოზვიაკი.

ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

"ოცნება" აცხადებს, რომ ეს მათთვის დაბრკოლებას არ შეუქმნით და ჩვეულებრივი პასპორტებითაც შეძლებენ გადაადგილებას ვიზით, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვიზის აღების დროსაც ძალიან ფრთხილები იქნებიან ევროკავშირის ქვეყნები და გამონაკლისების გარდა ვიზების გაცემისგან თავს შეიკავებენ. თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ეს რეალურად დაბრკოლებას არ შექმნის.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპ პასპორტების თაობაზე უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე რეალურად შემზღუდავი.

"ეს აკრძალვაც არაა, უფრო მოგზაურობაში ხელის შეშლაა, რადგან მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტითაც შეუძლიათ. ესაა დაბრკოლება, ხელის შეშლა და ძირითადად პოლიტიკური მიზნით შემუშავებული ჟესტი სწორედ იმისთვის, რომ მერე ოპოზიციამ იძახოს, რომ აი ევროპა ზურგს გვაქცევს, ვკარგავთ და აბა ვისაც ევროპა გინდათ, საპროტესტო აქციებში შემოგვიერთდითო.

"უნგრეთს ეს პოზიცია მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით კი არა, არამედ ზოგადად აქვს, ორბანმაც განაცხადა, რომ სოროსის გავლენა ამერიკაზე ტრამპის არჩევის მერე დაიკარგა, მაგრამ ბრიუსელზე დარჩაო (როგორც მერე დააზუსტა, სოროსი კრებითად გამოიყენა, როგორც სიმბოლო გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის).

"ამ ჯგუფს, ვისაც ულტრალიბერალებს ეძახიან და კონსერვატორების დაპირისპირების არენაა ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო.

"ვინაიდან საქართველო კონსერვატორების ბანაკში მოიაზრება, იგივე ორბანის მეგობრად, ამიტომ ურტყამენ საქართველოსაც. მით უმეტეს, რომ საქართველოზე დარტყმა მხოლოდ ქვეყანაზე დარტყმა არაა,

„ულტრალიბერალებს არ უნდათ, რომ ისეთი საკვანძო ადგილი როგორიცაა კავკასია კონსერვატორების გავლენის სფერო გახდეს და უნდათ, რომ თავიანთ გავლენის ზონად დაიტოვონ, ამიტომ მიდის ეს ბრძოლა",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირისგან დამატებითი სანქციების მოლოდინი, საყვარელიძემ გვითხრა:

"რა თქმა უნდა, თუმცა რა ტიპის სანქციებია მოსალოდნელი, ამაზე საუბარი ძნელია. რადგან გარკვეული სანქციების დაწესებისთვის კონსენსუსი არ დგება, არ გამოვრიცხავ ქვეყნებმა ინდივიდუალურ დონეზე მიიღონ შეზღუდვები",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიპ პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ჩვეულებრივი პასპორტითაც გაუჭირდებათ გადაადგილება, რადგან ვიზების აღებისას იმის დამალვა შეუძლებელია, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელები არიან და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნები "ძალიან ფრთხილები იქნებიან" და გამონაკლის შემთხვევების გარდა ვიზებს არ მისცემენ.

"ეგენი ამბობენ, რომ ჩვენ წითელი პასპორტებიც გვაქვს და იმით წავალთო, ეგ არ გამოვა, რადგან იმ პროექტში, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა, პირდაპირ წერია დიპლომატიური პასპორტების მფლობელებსო, ანუ მაგის დამალვა შეუძლებელია, რომ შენ ხარ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი, ამიტომ მათ ნებისმიერ შემთხვევაში ვიზების აღება მოუწევთ და ისე წასვლა.

„ვიზების მიღება კი გაუჭირდებათ, რადგან სანქცირებულები არიან და შეზღუდული იქნება ევროკავშირში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის მოძრაობა, ამ შემთხვევაში ვიზის გაცემაზეც უკვე ძალიან ფრთხილი მიდგომა იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ მათ ძალიან ოფიციალური საქმე ექნებათ ევრკავშირში, ან ვიზიტი ჯანმრთელობასთან იქნება დაკავშირებული.

"ეს რა თქმა უნდა უსიამოვნო ფაქტია, ადამიანები, რომლებიც პრივილეგიებს არიან შეჩვეულები, თავისუფლად მოძრაობენ მთელს სამყაროში, ახლა თავიანთი მოთხოვნილებების შეზღუდვა მოუწევთ და გარანტორებული არ ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება, ყოველ შემთხვევაში მათთვის ეს უკვე პრობლემური გახდება.

"ევროკავშირის საბჭოს შეკრებაა და შესაძლოა ეს ელჩების დონეზე იყოს, ანუ ევროკავშირის წვერი ქვეყნების ელჩები, რომლებიც ბრიუსელში არიან შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაამტკიცებლად მზადაა, აუცილებელი არაა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მინისტრებმა მიიღონ - ელჩების დონეზეც შეიძლება დაამტკიცონ ახლა ეს საკითხი.

"ამ გადაწყვეტილების წინააღმდგი უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, შეიძლება ჩეხეთიც არ დაეთანხმოს, მაგრამ ეს ძალიან მაღალი ვარაუდია. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 ქვეყანა ნამდვილად გროვდება და ეს საკითხი გავა",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".

ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.

ამ სიაში არიან: უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - მეუღლეებითურთ;

უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები; უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის 50-მდე თანამშრომელი; მინისტრები და პარლამენტარები;

გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს რამდენიმე იერარქი; სახალხო დამცველი და სხვები.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×