"ქართული ოცნება" აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით ორი თვეა ხშირად აკეთებს განცხადებებს, თუმცა ბოლო პერიოდში რიტორიკა შეცვლილია. პარტიის პოლიტსაბჭოს 8 იანვრის განცხადებაში კონკრეტულად 20 იანვარი ნახსენები არაა, თუმცა ნათქვამია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის უზრუნველყოფა "ტრამპის მიერ "დიფ სტეიტის"მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია".
"20 იანვრის ეშინია რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი",- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გააკეთა. 23 დეკემბერს კი "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ""ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".
"პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სტეიტის" მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში",- ნათქვამია 8 იანვრის "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკის მიხედვით, 20 იანვარი ათვლის წერტილად ჰქონდათ აღებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინაუგურაციიდან თუნდაც ერთი კვირის მერე, მალევე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთებოდა.
"მე ასე წარმომიდგენია, თუ "ოცნების" ლიდერების რიტორიკას გავყვებით, რომ მათ 20 იანვარი აღებული ჰქონდათ ერთგვარ ათვლის წერტილად, ანუ როდესაც უკვე ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგებოდა, ახალი ადმინისტრაცია დაკომპლექტდებოდა, რასაც დრო სჭირდება. 20 იანვარი დასახელებული იყო გარდამტეხ თარიღად, რომ ამის შემდგომ პერიოდში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არაერთ თვეს, გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ანუ ეს ის ურთიერთობები არ იქნებოდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო.
"რა თქმა უნდა, აბსოლუტური გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ, აი, 20 იანვარს ინაუგურაცია შედგება და მეორე-მესამე დღეს, ან ერთი კვირის შემდეგ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაღაც რევოლუცია და გადატვირთვა მოხდება, რა თქმა უნდა, არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ამის თქმის უფლებას თავს არ მისცემს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის გათვლა "ოცნებაში" ისეთ სცენარებზე, როდესაც შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ გააგრძელოს ისეთი პოლიტიკა, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშია, ანჯაფარიძემ გვითხრა:
"წესით "ოცნებაში" ყველა სცენარი უნდა ჰქონდეთ გათვლილი, მათ შორის ძალიან პესიმისტურიც, ძალიან ოპტიმისტურიც, საშუალოდ პესიმისტურიც და საშუალოდ ოპტიმისტურიც. შესაბამისად, "ოცნებისთვის" ძალიან დიდი ფუფუნება იქნებოდა, რომ მათ პა-სეანსების დალაგება არ დაეწყოთ და არ გაეთვალათ ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის ყველაზე ნეგატიურიც კი, ამაზე მუშაობა ალბათ მიდის მათ ექსპერტულ გუნდში.
"ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ მოვლენებს კი არ მისდიოს კუდში, ვთქვათ დონალდ ტრამპი, ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი რას იტყვის და საქართველოს შესახებ რა ნაბიჯებს გადადგამს, არამედ წინმსწრებად, პრევენციულად იმოქმედონ შესაძლო ნეგატიურ გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ახლა კონგრესში ჯო უილსონის და მისი დემოკრატი კოლეგის ორპარტიული აქტია წარდგენილი, რომელსაც ადრე მეგობარი აქტი ეწოდებოდა და ახლა სულ სხვა რამ დაერქვა და იქიდან მთელი რიგი პუნქტები, რაც საქართველოს დახმარებას ითვალისწინებდა, ამოღებულია.
"ახლა "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია უნდა ეცადოს, რომ კონგრესში ეს აქტი არ გავიდეს. ან თუ კონგრესში გავიდა, სენატმა არ დაამტკიცოს, ესაა სწორედ წინმსწრებად მოქმედება და რა განცხადებას გააკეთებს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსთან მიმართებაში, ამას ჩვენ საკმაოდ გვიან გავიგებთ. საქართველო ამჯერად აშშ-ის პრიორიტეტთა პირველ რიგში არ შედის, პრიორიტეტთა სიაშია: უკრაინა, ჩინეთი, ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ლოდინის რეჟიმში უნდა იყოს, რადგან ადრე თუ გვიან საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ პოლიტიკა ჩამოყალიბებული იქნება და შესაბამისად, საქართველო და მისი ხელისუფლება ამას რაღაცნაირად ისე უნდა შეხვდეს, როგორც ამას ვაშინგტონში ელოდებიან.
"ვაშინგტონში ელოდებიან, რომ საქართველო კვლავ დარჩება აშშ-ს ინტერესების ერთგული რეგიონში, კვლავ დარჩება სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ისინი ამაში დაარწმუნოს, რადგან წინა ადმინისტრაციის დარწმუნება ვერ მოხერხდა და სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის პროგნოზით კი, ტრამპი "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში 20 იანვრის მერე მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, რის მერეც "იტყვიან, რომ "დიფ სტეიტთან" ბრძოლაში ტრამპმა ვერ მიაღწია წარმატებას".
"ეს განცხადება ისეა გაკეთებული, რომ თითქოს იმედები ჯერ კიდევ არსებობს და ტრამპის იმედზე ჯერ კიდევ არიან და რომ ის "დიფ სტეიტთან" ბრძოლის პროცესშია, ევროპის შემთხვევაში თითქოს ეს ბრძოლა უფრო ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ბრძოლაშია. თავისი ამომრჩეველი, რომ დაარწმუნოს, რომ თითქოს შანსი ჯერ კიდევ არის.
"ჯერ ამბობდნენ, რომ ტრამპი მოვა, ყველაფერი დალაგდება, მერე ამბობდნენ, რომ ტრამპის იმედი ბოლომდე არ უნდა გვქონდესო და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდესო და ახლა გარკვეულწილად ამომრჩევლისთვის რომ გაეცათ პასუხი, ეს მოიფიქრეს. 20 იანვრამდე ელოდებიან, რომ იქნებ ტრამპმა საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალოს.
"თუმცაღა, მიმაჩნია, რომ ტრამპი "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში მკაცრ პოლიტიკას გაატარებს და 20 იანვრის მერე როცა ნათელი გახდება პოზიცია, მერე იტყვიან, რომ "დიფ სტეიტთან" ბრძოლაში ტრამპმა ვერ მიაღწია წარმატებას, ჩვენ სულით და გულით გვინდოდა, რომ ტრამპს ამ ბრძოლაში გაემარჯვა, მაგრამ დამარცხდა და ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედზე უნდა ვიყოთო.
"იმ განცხადებით, რაც 8 იანვარს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, თითქოს თავის ამომრჩეველს უთხრა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი და უკან არ ვიხევთო, თუმცა, ტრამპის პოზიციის მერე "ოცნება" შესაძლოა რაღაც დათმობაზე წავიდეს, ამერიკას სანქციების მექანიზმი არ აუმოქმედებია, ისევე, როგორც ევროკავშირს და ამიტომაც ჯერ ყველაფერი წინაა და ბრძოლა საჭირო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".