„ქართულმა ოცნებამ" ნაცმოძრაობის გასამართლების პროცესის დაწყება დაანონსა, რაზედაც ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში საუბრობდენ პარტიის ლიდერები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, და იმ საკითხების ჩამონათვალს მიაწერდნენ, რისთვისაც სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 9 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები".
თავად ენმ-ს წარმომადგენლები მდინარაძის განცხადებას ახალი რეპრესიების ანონსს უწოდებენ „სანქციების და პროტესტის საპასუხოდ".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესის დაწყება „ოცნების" ამომრჩევნების დაკვეთა იყო.
„მამუკა მდინარაძის განცხადება ნამდვილად გასაკვირი არაა. გასაკვირი ისაა, რომ დღემდე ნეცრეჟიმის ე.წ. პოლიტიკოსები ბედავენ და ხმას იღებენ პატრიოტიზმზე, სამშობლოს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაზე. „ოცნების" მხარეს მილიონ 120 ათასი ამომრჩეველია, რომელიც ფიქრობს, რომ უფრო ხისტი და დროული ნაბიჯებია გადასაგმელი. ეს იყო „ქართული ოცნების" ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაცპარაზიტების საქმიანობას ბოლო მოეღოს.
„რაც მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა, კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, დაგვიანებული, რადგან ამას არ სჭირდება საპარლამენტო, საკონსტიტუციო უმრავლესობა, საქართველოს მტრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდნენ. ქვეყნის მოღალატეების მიმართ ამა თუ იმ კანონებს ხისტად იყენებენ, ეს ხდება საფრანგეთში, ამერიკაშიც და სხვაგანაც და ამაზე ინსინუაციები სასაცილოა. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, იქნება ეს აგვისტოს ომის თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე," - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს გამოძიების პროცესი, აბაშიძემ გვითხრა:
„მე, როგორც „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, ისევე როგორც ვერ გაუსწრებს წინ მოვლენებს, ვერც ბიძინა ივანიშვილი, ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც სხვა ლიდერები, ეს ყველაფერი არის პროკურატურის გამოძიების საქმე. გამოძიება დაგვიანებულია, მაგრამ ურემი ჯერ არ გადაბრუნებულა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, გინდა აგვისტოს მოვლენების და გინდა 2007 წლის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო", - უთხრა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ „ოცნებას" საგამოძიებო პროცესის დაწყებით ერთადერთი მიზანი აქვს, შექმნას მტრის ხატი, რითაც საქმეს უფრო გაირთულებენ.
„ქვეყანას ვერანაირად ვერ მართავენ, „ოცნებას" ერთადერთი მიზანი აქვს - მტრის ხატს ეძებენ, უნდათ რომ რაღაც სათქმელი ჰქონდეთ. ამოიჩემებენ „ნაცმოძრაობას" და მის წინააღმდეგ დაიწყებენ აბსოლუტურად უაზრო წუწაობას, რომელიც არაფერ შედეგს არ მოიტანს - თუ აკრძალავენ, ამომრჩეველი სხვა პოლიტიკურ ძალას მისცემს ხმას, ბევრი გაბრაზდება, არავის არ მოეწონება ეს და კიდევ მეტად გაირთულებენ საქმეს.
„ეს მათი მხრიდან სრული უდღეურობა, უსუსურობა და სიბეჩავეა. ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ, სიღარიბე იზრდება, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა, ვერ ლაპარაკობს ამაზე და ამიტომ იგონებენ ამ ზღაპრებს. ამას ლაპარაკობენ წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში. ადგილობრივი არჩევნები მოდის, ბუნებრივია, ემზადებიან და ამიტომ არჩევნებისთვის სჭირდებათ არა რაღაც წარმატება და რაღაც გარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ მტრის ძებნა - ყველაფერი ამას ემსახურება.
„ეს, რა თქმა უნდა, დევნაა და საზოგადოებას არ მოეწონება. ნაცმოძრაობა დღეს არაფერი არაა და ესენი პრაქტიკულად აცოცხლებენ, რადგან სჭირდებათ და ქმნიან ილუზიას, რომ აი, რაღაც საშინელება მოდის. ენმ-მ 10% აიღო, მეტი ვერა, არაფერს არ წარმოადგენენ და ესენი მკვდარს აცოცხლებენ, ამით კი თვითონ ცოცხლობენ თავს. იარსებებს „ნაცმოძრაობა" - იარსებებს „ქართული ოცნება", თუ „ოცნება" ენმ-ს „მოკვლას" მოახერხებს, თავადაც მოკვდებიან, ამიტომ ისინი არ მოკლავენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, დასავლეთიდან რა რეაქცია შეიძლება ამას მოჰყვეს, ზაქარეიშვილმა დასძინა:
„ამათ სჭირდებათ კიდეც, რომ საქართველო გარიყული იყოს, ეს მათი ამოცანაა, მათ ევროკავშირი არ უნდათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მივიღოთ ევროკავშირისგან არაფერი. დასავლეთი კიდევ მეტად გააკრიტიკებს, მაგრამ „ოცნების" პრობლემაა ახლა ისაა, რომ როგორმე ადგილობრივ არჩევნებამდე მივიდნენ, ერჩივნათ ადგილობრივი არჩევნები არ ყოფილიყო, მაგრამ არის და ვერ ასცდებიან. თუ თავისი გაიტანეს, მერე სამი წელი ბაირამობა ექნებათ, მერე შეიძლება „ნაცმოძრაობაც" აღადგინონ, ყველას მოეფერონ, დავარცხნონ, ახალი პარტიები თავად მოიგონონ და ა.შ." - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
მდინარაძის განცხადება და გამოხმაურებები ენმ-დან
მამუკა მდინარაძის თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.
„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს.
„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სტეიტის" წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სტეიტის" მიერ იმართება. ეს არის „დიფ სტეიტის" მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სტეიტის" მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სტეიტისგან".
„2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია: პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში; ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
„ამ სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
„სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.
„დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა მდინარაძემ.
ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე კი წერს, რომ ეს არის ახალი რეპრესიების ანონსი.
„რეჟიმს წინა ხელისუფლების „შემსწავლელი" საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოუცხადებია.
„ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეიზნფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება - რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება.
პროპაგანდაც ასე მუშაობს: არარეალისტური, ბანალური სტატუს-კვოს, მიმდინარე ბოროტების არსთან შემგუებლობის ნორმალიზება და ყურადღების გადატანის მცდელობა. რეჟიმის საცოდაობაც ეს არის: ისევ ძველი, გაცვეთილი სტრატეგია სანქციების და პროტესტის საპასუხოდ - ახალი რეპრესიების ანონსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პროტესტით და პოლიტიკური ხედვებით- რეჟიმის შემდეგ რა იქნება საქართველოს გამოწვევები უსაფრთხოების, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. რა იქნება ჩვენი ახალი საზოგადოების მთავარი საყრდენები და როგორ გავაძლიერებთ ქვეყანას ყველა მიმართულებით", - წერს დეკანოიძე ფეისბუქზე.
რას ამბობდა ივანიშვილი გასულ წელს
ბიძინა ივანიშვილი შარშან, არჩევნების წინ რეგიონალურ ტურნეს ფარგლებში ყველა შეხვედრაზე აცხადებდა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რისთვისაც „ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდოდა, ენმ-ს გასამართლება იყო.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის" გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას, უკვე ორი ათწლეულია, არ ასვენებს.
„ნაციონალურ მოძრაობას" ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომლებიც არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, 2024 წელს აგვისტოში წინასაარჩევნოდ.