ნატალია ჯვარიძე
10.01.2025

დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, პრემიერი კობახიძე ჩინეთის ელჩს ხვდება. ზოგი ამაში ერთ რიგით დიპლომატიურ შეხვედრას ხედავს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს ერთგვარი გამოწვევაა, რადგან "ოცნების" ხალხს დასავლეთში არავინ ხვდება.

„ჩინეთთან ურთიერთობები საჩოთირო არასდროსაა. ჩინეთი ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყანაა, რომელთანაც ისევე აუცილებელია ურთიერთობა, როგორც მსოფლიოს ყველა დანარჩენ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ამით „ქართული ოცნება" ცდილობს ხალხს დააჯეროს, თითქოს ჩინეთი ხელისუფლების აღიარების „თამაშში" ჩართულია:

„ელჩთან შეხვედრა არაფერს ნიშნავს, გარდა გაღიზიანებისა. ასე დემოსტრაციული შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ მათ ეევროპიდან და ამერიკიდან არავინ ხვდება და ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ამ სპექტაკლში, ხელისუფლების აღიარებულობაში ჩინეთი ჩართულია. რეალურად კი, ჩინეთს დღემდე არაფერი მიულოცია, მათ შორის არც ე.წ. პრეზიდენტისთვის".

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე დაუშვებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

„კობახიძის ჩინეთის ელჩთან შეხვედრა ცალსახად მიზანშეუწონლად და ყოვლად დააუშვებლად მიმაჩნია, ვიდრე კრიზისი არსებობს და ვიდრე საქართველო არ ჩამოყალიბებულა ევროპის მიმართულებით და ამერიკის კონტექსტებიდან გამომდინარე. თუმცა „ქართულ ოცნებას" პირიქით მიაჩნია. ეს არის გამომწვევი ნაბიჯი. საერთოდ არ იყო საჭირო ასე საჯაროდ ამის გაკეთება. ჩვენ ჩინეთს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, არ ვჭირდებით. ჩვენ გვჭირდება სალაპარაკოდ, რომ ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რათა დავმალოთ რუსეთთან სწრაფვა. მათ უნდათ დააბალანსონ და გადაფარონ ანტიევროპული, ანტიკონსტიტუციური, ნატოსა და ევროოკავშირის წინააღმდეგ ნაბიჯები. ამით ამბობენ, რომ აი, ჩვენ რუსეთთან კი არ მივისწრაფვით, ჩინეთთანაც ვთანამშრომლობთო. ეს არის მცდელობა შექმნან ილუზია, რომ მარტო ევროპასთან კი არ თანამშრომობენ, არამედ ყველასთან.

ჩინეთს საქართველო არაფერში სჭირდება. აქ არანაირი ცივილიზაციური ბმა არ არსებობს - არც ენობრივი, არც რელიგიური, კულტურული და ა.შ. მათ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ, ოღონდ ისიც ძალიან ვიწრო. რაკი არსებობს აბრეშუმის გზის სარტყელი, რაც ჩინეთს აქვს, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი მათთვის მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნების" ჩინეთთან გადადგმული ნაბიჯი არის იმისთვის, რომ რაღაცნაირად დააბალანსონ და გადაანაწილონ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესები, რაც ბლეფია. შეუძლებელია რუსეთმა ჩინეთი ისე შემოუშვას, როგორც მისთვის მისაღები იქნება. კავკასიაში დიდიხანია სხედან ირანი, თურქეთი და რუსეთი. შესაბამისად, ჩინეთისთვის სრული გაუგებრობა და უაზრობაა, როცა სხვები არიან. ამიტომ ეს ჩინეთისთვის არაფერს ნიშნავს.

ელჩთან შეხვედრა არაფერს ნიშნავს, გარდა გაღიზიანებისა. ასე დემოსტრაციული შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ მათ ეევროპიდან და ამერიკიდან არავინ ხვდება და ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ამ სპექტაკლში, ხელისუფლების აღიარებულობაში ჩინეთი ჩართულია. რეალურად კი, ჩინეთს დღემდე არაფერი მიულოცია, მათ შორის არც ე.წ. პრეზიდენტისთვის. ელჩის დონეზე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები არ წყდება. ელჩის დონეზე იგეგმება, ეს სხვა საკითხია - ვიღაცის ჩამოსვლა, წასვლა და ა.შ. ეს კი ბატონო. თუმცა ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული საკითხები არ წყდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება და შესაბამისად, „ოცნების" ნაბიჯებს დადებითად აფასებს.

„ჩინეთთან ურთიერთობები საჩოთირო არასდროსაა, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის და ისეთი სატრანზიტო სახელმწიფოსთვის, როგორიცაა საქართველო. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული ქვეყანაა, რომელთანაც ისევე აუცილებელია ურთიერთობა, როგორც მსოფლიოს ყველა დანარჩენ სახელმწიფოსთან. ამიტომ სავსებით გამართლებულად მიმაჩნია ჩვენი ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, რომელიც მას ჩინეთის მიმართ აქვს, ვინაიდან ჩვენ ოდითგანვე ვეწეოდით სამყაროს ოთხივე მხარეს ბალანსირებულ პოლიტიკას. ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნება" და შესაბამისად შედეგები გვაქვს, ეს შედეგებია: ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩართვის, 2022 წლიდან დღემდე საქართველოში მშვიდობაა, რომელიც ვერ მოუნელებია დღევანდელ იმ ძალებს, რომლებიც აქ არიან ე.წ. „დიფ სთეითის" წარმომადგენლების სახით, ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომამდგენლების. ისინი ფულის აღების სანაცვლოდ მზად არიან საკუთარი დედებიც გაყიდონ, თუ მყიდველი გამოუჩნდებათ. ამიტომ მე ძალიან კარგ ფაქტად მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამ ნიშნულზეა და უფრო წინ მიდის", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×