აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ათი დღეა დარჩენილი და ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არაა ის სრული შემადგენლობა თუ ვინ დაესწრება ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც კაპიტოლიუმში ჩატარდება. მანამდე სხვადასხბა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ტრამპმა პირადად გაუგზავნა მოსაწვევები იმ სახელწიფოთა მეთაურებს და ლიდერებს, რომელთაც ახლო წარსულში არცთუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდათ აშშ-სთან.
მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის კონგრესმენ ჯო უილსონის დაპატიჟებით. როგორც "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, "ეს არის კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ გაკეთებული კერძო მოწვევა და იანუგურაციების მომწყობი ადმინისტრაცია საერთოდ მიიღებს თუ არა ამ მიწვევას და სად დასვამს ზურაბიშვილს, უცნობია, რადგან ეს საორგანიზაციო კომიტეტიდან გაკეთებული მოწვევა არაა.
ამასთან, "რეზონანსმა" მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიშა ფეიქრიშვილს კითხვით მიმართა, ხომ არ მოსვლია ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მოწვევა მთავრობის რომელიმე წევრს, ან პრეზიდენტს. ან "ოცნების" რომელიმე სხვა წევრი ხომ არ არის მიწვეული ცერემონიაზე, ფეიქრიშვილმა გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობიდან მოწვევა არავის აქვს და სხვებზეც ინფორმაცია არ გააჩნიათ.
"მთავრობაში არავისთან და სხვებზე ვერაფერს გეტყვით", განაცხადა რეზონანსთან" ფეიქრიშვილმა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, მიწვევა არ აქვს არც მიხეილ ყაველაშვილს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწვევას კერძო ხასიათი აქვს და სად დასვამენ მას, უცნობია.
"ერთედერთი ინფორმაცია რაც გამაჩნია ისაა, რომ ეს არის კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ გაკეთებული კერძო მოწვევა, იანუგურაციების მომწყობი ადმინისტრაცია საერთოდ მიიღებს თუ არა ამ მიწვევას და სად დასვამს ზურაბიშვილს ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან ეს საორგანიზავიო კომიტეტიდან გაკეთებული მოწვევა არაა. ვიმეორებ, ეს არის კონგრესმენ ჯო უილსონის პირადი მოწვევა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, "ოცნებას" ხომ არ მიუღია მიწვევა, ანჯაფარიძემ გვითხრა, მიწვევა რომ მიეღოთ, ეს აუცილებლად გახდებოდა ცნობილი.
"ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან რომ მიეღო მოწვევა, ალბათ ამის შესახებ აუცილებლად გახდებოდა ცნობილი და "ოცნება" ამის გამოცხადებას არ დააყოვნებდა. რადგანაც ისინი ელოდებიან, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთიბების გადატვირთვას მოახერხებს, ასეთი მოწვევა რომ ყოფილიყო, "ოცნება" მის გამოქვეყნებას არ დაახანებდა.
"რაც შეეხება ჩინეთის პრეზიდენტს, რთულია ორი სიტყვით ახსნა თუ რატომ არ მიდის, ეს შესაძლოა იყოს გამოხატული იმ დამოკიდებულებით, რაც ტრამპს ზოგადად ჩინეთის მიმართ აქვს, ის ჩინეთს აშშ-ს მთავარ კონკურენტად მიიჩნევს, თითქმის მტრად. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სი ძინპინმა არ ჩათვალა საჭიროდ ჩასულიყო, მით უმეტეს, რომ ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს იქნებოდა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, რამდენად შეუშლის ხელს ინაუგურაციას ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის 10 იანვრის განაჩენი, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს.
"რომც გამოქვეყნდეს, ამით არ მგონია ტრამპს რაღაც სერიოზული ზიანი მიადგეს. შეიძლება მოკლევადიანი ნერვიულობა ჰქონდეს მას და მის შტაბს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ტრამპის ინაუგურაციიის მერე ცვლილებებს ელოდება, როგორც აშშ-ს შიდა პოლიტიკურ, ისე გლობალური კუთხით.
"ცვლილებები რომ იქნება, ამას ნამდვილად ველოდები, მაგრამ ეს ცვლილებები რამდენად ღრმა იქნება, ამას ტრამპის მმართველობის პირველი ასი დღე დაგვანახებს. აშშ-ში საერთოდ ასეთი ტრადიციაა დამკვიდრებული, რომ როდესაც ახალი პრეზიდენტი იწყებს მუშაობას, მისი საქმიანობის დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებენ მისი მუშაობის დაწყებიდან ასი დღის შემდეგ. ამ პერიოდის მანძილზე, ალბათ გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მისი დამოკიდებულება ევროპასთან. ალბათ საქართველოსთან მიმართებაშიც რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შეიძლება საქართველო ამერიკელებისთვის საქართველო მაღალი პრიორიტეტის მქონე რეგიონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, შავ ზღვაზე კონტროლის დამყარება მათი პრიორიტეტია, საქართველოს მნიშვნელობაც მათთვის გარკვეულწილად გაზრდილია. საქართველოსთან მიმართებაში გადაიხედება ის ყველაფერი, რა ნაბიჯებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გადადგა, ანუ სანქციები, შეზღუდვები და ალბათ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა დაიდება თუ რამდენად სწორი იყო აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ამის შემდეგ ალბათ იქნება ან იმაზე დათანხმება, რაც ადრე იყო, ან რაღაც ცვლილებები იქნება",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
სად და როდის ჩატარდება ტრამპის ინაუგურაცია და ვინ არის მიწვეული ცერემონიაზე
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, რა დროიდანაც დაიწყება ტრამპის არაზედიზედ მეორე ვადის ათვლა ოვალურ კაბინეტში ყოფნის. ღონისძიება ვაშინგტონში კაპიტოლიუმში გაიმართება, ფიცის დადების ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება. ტრამპის ინაუგურაცია ემთხვევა მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის დღეს, რომელიც აშშ-ში წლის პირველი თვის მესამე ორშაბათს აღინიშნება, რასაც პრეზიდენტის ფიცის დადების პროცესს ამერიკელებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ინაუგურაციას მარტინ ლუთერ კინგის დღე დაემთხვა, პირველად ეს მოხდა პრეზიდენტ ბილ კლინტონის მეორე ინაუგურაციისას 1997 წელს.
ინაუგურაციაზე დამსწრეთა სრული სია ცნობილი არაა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფიცის დადების ცერემონიაზე მისვლას დათანხმდა მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. გავრცელებული ცნობებით, ინაუგურაციაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა, იქნება თუ არა წარმოდგენილი, ეს ჯერ არ დადასტურებულა ოფიციალურად.
როგორც ამერიკული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ინაუგურაციის ცერემონიისთვის ტრამპმა პირადად გაუგზავნა მოსაწვევები ზოგიერთ უცხოელ ულტრამემარჯვენე ლიდერს, მათ შორის იმ სახელმწიფო მეთაურებს, რომლებიც ახლო წარსულში შეერთებულ შტატებთან უკიდურესად ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.
"სი-ენ-ენის" ცნობით, ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს სთხოვა ცერემონიაზე დასწრება, რაც ტრამპის გუნდმაც დაადასტურა და ეს განიხილება, როგორც უკიდურესად იშვიათი შეთავაზება აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე კომუნისტი ლიდერისთვის. ამერიკული მედიის ორი წყაროს თანახმად, ძინპინის ნაცვლად, ინაუგურაციას სავარაუდოდ ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაცია დაესწრება.
ინაუგურაციაზე ასევე იქნება არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი - წერს სი-ბი-ესი მილეის სპიკერზე დაყრდნობით.ხავიერ მილეი პრეზიდენტად 2023 წელს აირჩიეს და ცნობილია, რომ კარგი კავშირები აქვს რესპუბლიკელ ლიდერთან.
ინაუგურაციას დაესწრება იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი, 5 იანვარს მელონი დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის მოულოდნელად ფლორიდაში ეწვია, ვიზიტი განიხილება, როგორც მისი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის მიმართ. იტალიის მემარჯვენე ლიდერმა ასევე მიიღო მოწვევა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, იტყობინება "სი-ენ-ენ"-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე წყაროს ცნობით, ინაუგურაციაზე იქნება სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე, დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი იყო ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გასულ წელს ელ სალვადორის პრეზიდენტის ნაიუბ ბუკელეს მეორე ვადის ინაუგურაციაზე. ბუკელე იყო პირველი მსოფლიო ლიდერებიდან, ვინც მიულოცა ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მან ასევე მიიღო მიწვევა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად.
"სი-ბი-ეს" ნიუსი სხვადასხვა წყაროების თანახმად წერს, რომ ტრამპის მოწვევა მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, თუმცა "ჯერ კიდევ განიხილავს" დაესწრება თუ არა.
აღნიშნულ სიას MSNBC უძღვნის სტატიას და წერს "რამდენიმე ავტოკრატ ლიდერზე, რომელიც შესაძლოა ვაშინტონში ტრამპის მეორე ვადით ინაუგურაციას დაესწრონ". სტატიის ავტორი ამ ჩამონათვალს "არალიბერალი საერთაშორისო პოლიტიკოსების თაღლითურ გალერეას" უწოდებს, რაც "დაუფიქრებელი სიგნალია ტრამპის მომავალი მთავრობისთვის".
დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრებთა მთავარ სიაში არიან ტრამპის მთავარი მოკავშირე ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი.
ჯერჯერობით არცერთი ოფიციალური წარმომადგენლისგან არ დადასტურებულა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდის ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ ინფორმაცია, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებებში მის შესაძლო დასწრებაზე ინფორმაციამ გაიჟღერა.
1901 წლიდან აშშ-ს პრეზიდენტების ფიცის დადების პროცესს კონგრესის ინაუგურაციების კომიტეტი უზრუნველყოფს, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისა და არჩეული ვიცე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიების დაგეგმვასა შესრულებაზე კაპიტოლიუმში. ინაუგურაციაზე დასწრების მსურველთათვის კომიტეტი მოსაწვევების შეზღუდულ რაოდენობას გასცემს კონგრესის წევრების მეშვეობით.