თამთა ჩაჩანიძე
02.02.2025

პარლამენტში 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგმილი. სავარაუდოდ, პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, შემდეგ მოისმენენ სახალხო დამცველის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგნარიშებს. ამ დრომდე ღიადაა დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნების დაკმაყოფილება მანდატების გაუქმების თაობაზე და პოლიტიკური მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ამ საკითხის განხილვაც არანაკლებ აქტუალური და ცხელი თემა იყოს.

150 კაციან პარლამენტში „ქართული ოცნების" სიით 89 დეპუტატი შევიდა, თუმცა დღეს მმართველ პარტიას 81 მანდატი აქვს, რადგან მას ოპოზიციის სტატუსით გამოეყო „ხალხის ძალა", რომელსაც 8 მანდატი აქვს. ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პლატფორმა კი ბოიკოტის რეჟიმშია და არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, რომლითაც მათ ჯამში 61 მანდატი ერგოთ.

„ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის" 19 მანდატით. მათ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართეს პარლამენტს მანდატების დატოვების თხოვნით და ცესკოში სიაც ჩახსნეს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" აქვს 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს" - 14, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის" - 13.

ენმ-ის წევრები აცხადებენ, რომ მათ მანდატების დატოვების საკითხე განცხადებები დაწერილი აქვთ. როგორც გია ჯაფარიძე ამბობს, „არ ერიცხება სახელფასო ანაზღაურება, არ აქვს დადებული საქართველოს პარლამენტის წევრის ფიცი" და დეკლარაციის შევსებაზეც უარს ამბობს.

მანდატებზე უარს ამბობს და როგორც თავად აცხადებენ განცხადებები დაწერა „ძლიერმა საქართველომ".

„გახარიას საქართველოსთვის" წევრები კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ, თუმცა მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ „ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება აწყობს, თუმცა, მმართველი პარტია მაინც „ბოლო მომენტამდე შეეცდება" გაწელოს პროცესი. ხოლო „ხალხის ძალის" გასვლა ოპოზიციურ ფრაქციად, მისი შეფასებით, „წმინდა ფორმალისტური გადაწყვეტილებაა".

რაც შეეხბა ოპოზიციას, ანჯაფარიძის თქმით, აქაც სიტუაცია 50/50-ზეა - შესაძლოა ჯერ არც აწყობდეთ მანდატების გაუქმება, რადგან, ჯერჯერობით, დასავლეთშიც არაა საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არჩევნების აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით.

ვის უფრო აწყობს მანდატების გაუქმება

ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ნაწილობრივ არც ოპოზიციას აწყობს მანდატების გაუქმება და არც ხელისუფლებას. თუმცა არც ისაა გამორიცხული „ოცნებამ" ხისტი გადაწყვეტილებაც მიიღოს.

„შეიძლება ერთი შეხედვით ხელისუფლებას ამ ეტაპზე ოპოზიციისთვს მანდატების გაუქმება აწყობდეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე შეეცდება ეს არ გააკეთოს და ბოლომდე დატოვებს კარს ღიად იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა რომელიღაც ოპოზიციურმა პარტიამ, ვითარების ცვლილებების კვალდაკვალ, თავისი თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალოს და პარლამენტში შივიდეს.

„რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ პარტია „ახალმა" და მის ირგვლივ შექმნილმა კოალიციამ გადაწყვიტა საბოლოოდ პარლამენტის დატოვება და შესაბამისი პროცედურებიც გაიარეს. სხვა დანარჩენ პარტიებთან დაკავშირებით ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. მაგალითად, იგივე გახარიას პარტიას ჯერ განცხადებები არ დაუწერიათ, ანუ ისინიც ღიად ტოვებენ საკითხს და შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან, ხელისუფლებისთვისაც უფრო მისაღებია პოლიტტექნოლოგიურად თუ ტაქტიკურად, რომ დაელოდოს და მხოლოდ ბოლო მომენტში გააუქმოს მანდატები. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შექმნილი სიტუაციის ფონზე, ხისტი გადაწყვეტილებაც მიიღოს და მანდატები პირდაპირ გააუქმოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

იგი „ხალხის ძალის" ახალ სტატუსზეც საუბრობს.

„ვფიქრობ, ეს არის წმინდა ფორმალისტური გადაწყვეტილებაა, რადგან ფართო საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების" მომხრეებშიც, „ხალხის ძალის" აღქმა ოპოზიციურ ძალად, ცოტა არ იყოს ჭირს. ისინი შექმნის დღიდანვე აცხადებდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" ძირითად ღირებულებით და მსოფლმხედველობით საკითხებში არანაირი განსხვავება არ ჰქონდათ.

„ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ პარლამენტში ფორმალურად დაფიქსირებულიყო ერთი ოპოზიციური ფრაქცია მაინც", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ჯერჯერობით პოლიტიკური პროცესებს დინამიკას უყურებს.

„ყველა ოპოზიციური პარტია უყურებს სიტუაციას - პოლიტიკური პროცესების დინამიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვვეტილებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინც ცოცხალი თავით არ შედიოდა პარლამენტში, შემდეგ ევროპიდან მათ უთხრეს, რომ უნდა შეხვიდეთო და რადგანაც ევროპამ ის არჩევნები აღიარა, მათ სხვა გზა არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. რადგან, რომ არ შესულიყვნენ, ალტერნატივა იყო მარგინალიზაცია.

„კი, ახლა ამბობენ, რომ არ შევალთ პარლამენტში და ის ლეგიტიმური არააო, მაგრამ შემდეგ, თუ სიტუაცია შეიცვალა რაღაც გარემოებებით, მაგალითად აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდა, მათ ეს ხელისუფლება სცნეს და ამის კვალობაზე ევროპამაც გადახედა თავის პოზიციებს, მაშინ მათ სხვა გზა არ დარჩებათ - ერთი გამოსავალია ქუჩაში დგომა და, ჩემი აზრით, ეს უარესი არჩევანია. უკეთესი არჩევანი პარლამენტშო შესვლაა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა ხაზით წავა ენმ-ის საკითხზე გამოძიება

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება საპარლამენტო კომისია, სადაც ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალა" ჩაერთვება. ენმ-ის ხელისუფლების 2003-2012 წლის დანაშაულების შემსწავლელი კომისია იმუშავებს ექვსი თვის განმავლობაში. სექტემბერში დაიდება დასკვნა, მასალები კი გადაეგზავნება სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატიურას და შესაბამის ორგანოებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი წინასწარი შეფასებით, კომისიის მუშაობის მთავარი მიმართულება მაინც 2008 წლის ომი იქნება.

„ჯერ კომისიას მუშაობა არ დაუწყია და რთულია საუბარი რა საკითხები წამოიწევა წინ. თუმცა კომისიამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს „ნაცმოძრაობის" საქმიანობის არა მხოლოდ ის ფაქტები, რაც უკვე კარგა ხანია ცნობილი და შეფასებულია, არამედ ის ახალი ფაქტები, რაც ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის.

„ვფიქრობ, ამ კომისიის მუშაობაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის" როლი და ამას პრინციპში „ქართული ოცნება" არც მალავს, რომ ეს თემა ერთ-ერთი წამყვანი იქნება, რადგან თუ იქ გამოიკვეთა ისეთი დეტალები, რომელიც „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებას ამხელს იმაში, რომ მათ ამ ომის ინიცირება მოახდინეს რაღაც გარე ჩარევით, ან საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ამ პარტიისთვის ფაქტიურად სასიკვდილო პოლიტიკური დარტყმა იქნება.

„საგარეო თვალსაზრისით არ ვიცი „ქართული ოცნება" რამდენად შორს წავა. აქ შეიძლება ისეთი სახელები ამოტივტოვდეს, ვგულისხმობ გარე აქტორებს, რომელთა საჯაროდ გამოფენა, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას" არ აწყობდეს. მაგრამ ეს არის ჰიპოთეტური მსჯელობა. უნდა ვნახოთ კომისია როგორ იმუშავებს და პერიოდულად გავიგებთ რა საქმეები წამოიწევს წინ. მაგრამ, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, ასე მგონია, რომ აგვისტოს ომის თემა ერთ-ერთი წამყვანი იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×