თამთა ჩაჩანიძე
02.02.2025

როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას „თბილისი მოლთან" მთავარი ავტომაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა, სიტყვიერ დაპირისპირება და დაკავებების სერია მოჰყვა. დემონსტრანტებმა პირველ ეტაპზე გზის ერთი მხარე ჩაკეტეს და მაგისტრალის სრულად დაკავებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ უწყვეტის საპროტესტო გამოსვლებისას, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და დაპატიმრებები.

დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.

„თბილისი მოლთამ" სამართალდამცავები ჯერ კიდევ აქციის მონაწილეების შეკრებამდე განლაგდნენ სავალი ნაწილის ორივე მხარეს. შსს-მ 1-ლ თებერვალს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა მოწოდებით, რომ პროტესტის მონაწილეებს არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამის წინა დღეს, 31 იანვარს კი ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, სადაც საერტაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში შევიდა და შესაბამისად, მათი ბლოკირება და გადაკეტვა უკვე კანონით ისჯება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 2 თებერვლის აქციაზე გზის სრულად გადაკეტვისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა პოლიცია ცდილობდა ხალხი ჯგუფებად დაეყო.

„მსვლელობაზე პასუხი არ აქვთ და ახლა სხვადასხვა ადგილებში ცდილობენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გაყონ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ხალხს და ვეუბნებით, რომ ხელოვნურად ნუ ძაბავენ სიტუაციას. უნდათ, რომ დაყონ ხალხი ცალ-ცალკე ჯგუფებად. ეს არ გამოვა - პროტესტია, ერთად ვართ, მსვლელობა ერთიანია და გვინდა, რომ ერთად ვიყოთ", - აცხადებდა „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ დაძაბულობა „თბილისი მოლთან" სერბულ სცენარს ჰგავს, როდესაც ბელგრადის მთავარი მაგისტრალის 24 საათიანი გადაკეტვის შემდეგ მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, იმის გამო, რომ სერბეთსა და საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, შესაძლოა ჩვენთან მოვლენები განსხვავებული სცენარით წავიდეს.

რა უძღვოდა წინ დაანონსებულ აქციას

აქციის ორგანიზატორებს ავტობანის გადაკეტვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღეს, რაც ანალოგიური საპროტესტო აქციის შედეგად სერბეთის ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ მილოში ვუჩევიჩის გადადგომას მიაღწია. ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთშიც რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 28 იანვარს კი, რაც ოპოზიციამ ბელგრადის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის 24 საათით გადაკეტა, პრემიერმა ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის, სერბეთში ორთვიანი საპროტესტო გამოსვლები რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პორტესტანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

რაც შეეხება თბილისს, 2 თებერვალს 16:00 საათზე დაიგეგმა აქცია ლოზუნგით „ბოლომდე", რომლის მთავარი ჩანაფიქრი იყო „თბილისი მოლთან" დედაქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვა.

31 იანვარს კი მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იტრაკლი კობახიძე აწერს ხელს და რომელიც 1-ლი თებერვლიდან შევიდა ძალაში. დადგენილების მიხედვით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას" „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები" დაემატა.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად და/ან არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შსს-მ 1-ლ თებერვალს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდა, რომ „თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან - წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს".

ამის საპასუხოდ, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ანუ დადგენილების გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე.

საიამ აქციის წინ საგანგებო განცხადებაც გაავრცელად, მოუწოდებდა შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს, „დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა".

გარდა ამისა, აქციის წინა დღეს პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ესეც პირდაპირ კავშრში იყო 2 თებერვლის აქციასთან.

„1-ლ თებერვალს აქტივისტების, მათ შორის, ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. როგორც შემდგომ გამოკითხული აქტივისტები აცხადებენ, მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება პირდაპირ უკავშირდებოდა დღევანდელ შეკრებას.

„საგამოძიებო მოქმედებებს რიგ შემთხვევაში (ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) თან ახლდა სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან.

„მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს, რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება", - ნათქვა საია-ს მიერ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო მუხტის საკმარისად აწევას

კვირას 4 საათიდან საათიდან მოქალაქეებმა „თბილისი მოლთან" შეკრება დაიწყეს, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებული იყვნენ საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს. შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა იყო დაგეგმილი.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია სერბული სცენარის გამოყენებით საპროტესტო მუხტის იმ დონეზე აწევას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე.

„ეს გარკვეულწილად ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რადგან რაოდენობრივი პარამეტრები გამოიწვევენ ახალ თვისობრივობაში გადასვლას. თუ დიდი რაოდენობის ხალხის მობილიზება მოხდება, ხელისუფლება უკვე იძულებული იქნება რაღაცა დათმოს. გზის გადაკეტვა მუდმივად არ მოხდება, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება მსგავსი აქციებიც ვიხილოთ სხვადასხვა ლოკაციებზე.

„ძალიან ბევრი რამ ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ რეპრესიები განახორციელოს. ამ რეჟიმისგან ყუველაფერი მოსალოდნელია - თითქოს მომიტინგეების მხრიდან სტრატეგიული ობიექტების დაკავება ხდება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მოსალოდნელი აქციებით შეშინებულია. მით უმეტეს ამას ემატება ისიც, რომ სანქციები უფრო და უგრო მკაცრდება", - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა ქვეყნისთვის საფრთხისშემცველია.

„თითქოს იგივე ხელწერაა, რაც სერბეთში მოხდა, მაგრამ მარტო სერბეთის შემთხვევა არ მახსენდება, ანალოგიიური ხელწერა იყო რუსეთისგან მოწყობილ აფხაზეთის კონფლიქტში, როცა გარკვეულმა ჯგუფებმა ანალოგიური საერთაშორისო მნიშვნელობის რკინიგზა გადაკეტეს, საქართველოს ტვირთების შეუფერხებლად მიწოდება მოსთხოვეს და ამიტომ საქართველოს ჯარი აფხაზეთში შევიდა. ამას ის მოჰყვა, რომ რუსეთი აფხაზების მხარეს დადგა.

„მე ეს უბრალოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ ამ სტილში ერთი ტრაგედია უკვე გადავიარეთ. არ ვიურვებდი, რომ ასეთი ხერხის განმეორებამ ისევ ტრაგედია მოიტანოს, რადგან ამა თუკი შედეგი გამოიღო, ეს ისევ ქართველებისთვის ტრაგედია აღმოჩნდება.

„ოპოზიციას ჩანაფიქრი აქვს, რომ როგორმე ხელისუფლება ძალადობაზე განოიწვიოს. საზღვარგარეთიდან ვნახეთ რჩევები ოპოზიციის მისამართით, რომ ნაკელი უნდა დაუყარო პროტესტის ნიშნადო და ა.შ. ესეც ხომ საზღვარგარეთის რეკომენდაციითაა გაკეთებული?" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

იმუშავებს თუ არა საქართველოში სერბული სცენარი

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სერბეთს უფრო პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს, ვიდრე საქართველოს, თუმცა ეს სცენარიც „ნაწილობრივ გამოადგება" ოპოზიციას.

„საქართველოს სერბული სცენარი ნაწილობრივ გამოადგება. სერბეთშიც გაყალბდა არჩევნები, სადაც რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლებაა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, უფრო მეტად პასუხისმგებელი ხელისუფლება ჰყავთ, ვიდრე აქ. თუნდაც ახლა პრემიერ-მინისტრმა იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ გადადგა. თან სერბეთში უამრავი ადამიანი გამოვიდა.

„საქართველოს რაც შეეხება, რთულია ხელისუფლება უწოდო და საჭიროა, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს. ადამიანები, რომლებიც ორჭოფობენ, „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართულ ოპოზიციას სერბეთის სცენარი არ გამოადგება.

„სერბეთის ისტორიაში ისე არ ვარ ჩახედული, რომ გავიგო შინაგანი მექანიზმები რა იყო. მეეჭვება, რომ მარტო საპროტესტო აქცია ყოფილიყო, რადგან აქცია არავის არ აიძულებს, რომ გადადგეს, იქ სხვადასხვა სირთულეები გროვდება და გადადგომას გადაწყვეტს ხელისუფალი, თუკი ის ამ სირთულეებს ზოგადად ვერ უვლის და არა კონკრეტულად საპროტესტო აქციის გამო.

„ჩვენთან ჯერჯერობით სხვა კრიზისი, გარდა ამ მოძრავი საპროტესტო აქციისა, არ არის. არც პრემიერის გადადგომაა მოსალოდნელი და არც რაიმე სხვა გართულება. მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია ჩაერევა და დაიცავენ მაგისტრალს. ამ ჭიდაობაში ტელეფონი ყველას აქვს, გადაიღებენ მომხდარ შეჯახებას, გაუგზავნიან დასავლეთს და დასავლეთიც აყვირდება, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელს ნუ ჰკიდებთო და აღარ დააკვირდება ეს პროტესტანტი უბრალოდ აპროტესტებს, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზას კეტავს.

„ოპოზიციისთვის დანარჩენი არცაა მემგონი მნიშვნელოვანი, თუმცა სერბული სცენარი საქართველოს არ გამოადგება, რადგან საქართველოში არ ჩანს ის სირთულეები, რამაც ხელისუფლებას გადადგომისკენ უნდა უბიძგოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×