თამთა ჩაჩანიძე
03.02.2025

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის აღმასრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დახურვას დათანხმდა, მანამდე მასკმა "იქს"-ზე დაწერა, რომ "USAID კრიმინალური ორგანიზაციაა".

ამასთან, მასკმა გააზიარა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ვიდეო, რომელშიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კადრებიც არის გამოყენებული.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია.

"როიტერის" ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.

ამავე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.

„ის შეკეთებას არ ექვემდებარება", - აღნიშნა ილონ მასკმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება.

„USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ჩვენ მათ ვუშვებთ. ამის შემდეგ კი გადავწყვეტთ, რა იქნება სააგენტოს მომავალი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

სპეციალურ მისიებში ტრამპის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იქნას გამოძიებული.

„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!", - წერს რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულს "ქართული ოცნება" ეხმიანება და აცხადებს, რომ "აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რადგან "იუესაიდის" კრიტიკაში მასკის მხრიდან საქართველოს კადრები გამოჩნდა, ამ პროცესს საქართველოზე გავლენა ექნება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში აშშ-ს პოზიციონირება იცვლება.

"ვინაიდან "იუესაიდის" კრიტიკაში მასკის მხრიდან საქართველოს კადრები გამოჩნდა, ეტყობა ამ ყველაფერს საქართველოზე გავლენა ექნება. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, მგონი ლაპარაკი ნაკლებადაა, მაგრამ პარტიული დაპირისპირებაა მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს "იუესაიდი" ენერგიულად უჭერდა მხარს ულტრამემარცხენე ლიბერალებს და ტრამპი ამ ფინანსური მხარდაჭერის წყაროების გადაკეტვას ცდილობს და ბუნებრივია გამოუცხადა ბრძოლა.

"ასეთი მხარდაჭერის გადაკეტვას ეცდება არა მარტო ამერიკაში, არამედ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რადგან "იუესაიდი" სწორედ ის ორგანიზაცია იყო, რომელიც მსოფლიოში გავლენას ხელმძღვანელობდა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ლიბერალების გავლენას. ამ გავლენის შემცირებას ეცდება ტრამპი და მათ შორის საქართველოშიც.

"მაგალითად "ფეისბუქში" მასკის და ტრამპის ინიციატივის შეფასებები ოპოზიციის მომხრეების მხრიდან ძალიან მძაფრად უარყოფითი და მძაფრად სასოწარკვეთილია, ეტყობა მათ დაფინანსებაში ფინანსური წილი დიდი იყო",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ გლობალურ პოლიტიკას და მიდგომებს ცვლის, რაც საქართველოს შიდა პროცესებზეც აისახება.

"უდაოა, რომ აშშ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მას 90-იანი წლებიდან, ანუ ცივი ომის დამთავრებიდან დღემდე ჰქონდა, რადგან ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს პოლიტიკა რომ გაგრძელებულიყო თავად ამერიკა დაიღუპებდა. თავად ამერიკაშივე დაიწყებოდა საშინელი პროცესები და საშინელი გამოსვლები.

"ამიტომ ერთედერთი სწორი გადაწყვეტილება გააკეთეს, რომ ტრამპი აირჩიეს და ტრამპის გუნდი აკეთებს იმას, რაც დაჰპირდა და იმ გლობალურ პოლიტიკაზე ამბობს უარს, რომელიც უკვე გაცვდა.

"ეს პროცესი კი ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, რადგან ისინი, ვინც დაფინანსებულები არიან, ქუჩაში გამოდიან, თითქოსდა "არა რუსულ კანონს" იძახიან და ა.შ. ამავე დროს, სახელმწიფო გადატრიალებას აწარმოებდნენ, ეს სახელმწიფო გადატრიალება არც მეტი, არც ნაკლები სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდებოდა.

"აშშ-ს გადამხდელების ფული ხმარდებოდა აქ გვარამიების, მელიების, ბოკუჩავების და სხვა ოდიოზური ფიგურების ჯერ გასუქებას, შემდეგ მომზადებას იმისთვის, რომ ქვეყანა გადაეტრიალებინათ, ეს დასრულდება. უკვე შეეტყო კიდეც აქციებს, შევხედოთ გუშინ როგორი სიტუაცია იყოს, კი, ხელისუფლებამ სიმკაცრე გამოიჩინა და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ეს პროცესი სრულდება",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას აცხადებს "ოცნება"

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი - მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე" წერს.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა "გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა". ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ.როდესაც ამას ყველაზე დიდი დონორი აღიარებს, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.

"ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა. მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ.

"მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა.

რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.

"ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური "ენჯეობის" უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.

"აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი",- წერს პაპუაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×