თამთა ჩაჩანიძე
03.02.2025

"ოცნება" დაჩქარებული წესით რვა კანონში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას გეგმავს. შეკრება-მანიფესტაციებთან, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგ სესიაზე გავა. ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას "დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისს" უწოდებს.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცესა თუ შენობებში აქციების ჩატარება.

ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე თუ ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. ამასთან, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებზე და საჯარო მოხელეებზე თავდასხმა "უმკაცრესად დასასჯელია".

"მადლობა მამუკა მდინარაძეს და მმართველ გუნდს აქტუალური ცვლილებებისთვის - პოლიციელზე, საჯარო მოხელეზე თავდასხმა უმკაცრესად დასასჯელია დასავლური სტანდარტებითაც.

"ჩემის ჩათვლით, სულ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას ოპონენტებისადმი ე.წ. ლმობიერების გამო, უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი! თავხედმა კრიმინალებმა უნდა დაინახონ კანონის ძალა!",- წერს გია აბაშიძე სოც ქსელში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" რეპრესიების ახალ ეტაპზე გადავიდა და ნაბიჯებს 1937 წლისკენ დგამს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს უკუშედეგს მოუტანს მმართველ პარტიას.

"ოცნება" ცდილობს მოძებნოს გზები და საშუალებები, რომ რამენაირად ეს აქციები შეაჩეროს. ამის გაკეთებას თავის დროზე დარბევებით ცდილობდა და ვერ მოახერხა. შემდეგ მიუშვა, რომ დროში გაიწელებოდა და გაიწოვებოდა ეს პროცესი - არც ეს არ გამოვიდა, ახლა კი ცდილობს რეპრესიული კანონები მიიღოს და ამის შესამაბისად იმოქმედის, ჩვენში ხომ გავრცელებულია ასეთი მიდგომა, რომ კანონი უნდა დაიცვა და ა.შ. თავისთავად ეს მიდგoმა არასწორია, რადგან როდესაც კანონი რეპრესიულია, ის სამართლიანობას და სამართალს ვერ დაიცავს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ გასული საუკუნის 1936-37 წლებში ვინმეს უკანონიდ ხვრეტდნენ და აპატიმრებდნენ, ძალიან ცდება. მაშინაც ყველაფერი კანონით კეთდებოდა, ოღონდ ეს კანონები მორგებული იყო რეპრესიულ სისტემას და ახლაც ხელისუფლება იგივეს იმეორებს. ჯერ "ტროიკებამდე" არ მივსულვართ, მაგრამ ნაბიჯები აქეთაა გადადგმული და პროცესი ამ მიმართულებით მიდის.

"არც იმას გამოვრციცხავ, რომ თუ ამ მცდელობის მიუხედავად საპროტესტო აქციები გაგრძელდა, გაგრძელდეს დარბევები ქვეყანაში ვითარების აღსაკვეთად. ხელისუფლება ცდილობს მოძებნოს გზები, რომ საპროტესტო აქციები შეწყდეს, ახლა რეპრესიული კანონმდებლობის ჯერი დადგა, თუ პროტესტანტები ამასაც არ შეუშინდნენ, მერე ამ მიმართულებით რაღაც სხვას მოძებნის.

"ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული სასჯელი 60 დღემდე გრძელდება, ამით ცდილობენ აქტივისტები და ორგანიზატორები ციხეში 60 დღით შეყარონ, სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩათვალოს და რეპრესიების ამ საშუალებებით შეძლოს ამ მიტინგების და საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

"მგონია, რომ რაც უფრო რეპრესიული კანონები იქნება, მით უფრო მზარდი იქნება პროტესტის ფორმა, ამას ალბათ კიდევ მოჰყვება დაჩქარებული ტემპით ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ შეიძლება დაიწყონ აქტიურად დასანქცირება ხელისუფლების წარმომადგენლების.

"არ მგონია ამ კანონებმა "ოცნებას" რაიმე შედეგი მოუტანოს, თუ 37 წლის რეპრესიები არ დაიწყეს და ისიც ძნელია, რომ ეს საქართველოში გააკეთო ეს, რადგან იმ სტილის არაა, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს. რაღაც შეტევა იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ის შედეგი გამოიღოს, რაც ხელისუფლებას უნდა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

რა ცვლილებას გეგმავს "ოცნება" და რას პასუხობენ ოპოზიციაში

როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

მისი თქმით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.

„საკანონმდებლო ცვლილებებს ვიწყებთ, რომ ქვეყნის არაეფექტიანი მართვისკენ მიმართული კანონები შეცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგეთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებით.

"მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;

წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

"სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდო ლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

კერძოდ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე.

"ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ, ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.

"სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება და ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით", - განაცხადა მდინარაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს, რომ ის, რაც მდინარაძემ მოყვა, არის დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისი.

"ის რაც მდინარაძემ მოგვიყვა არის დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისი.

თქვენ რა გგონიათ დიქტატურა რა არის?

- დიდ უნივერსიტეტებში სტუდენტებს პროტესტის უფლებას წაარათმევენ (მათი შენობები სახელმწიფოსია);

- თეატრების ნაწილში (მათი შენობები სახელმწიფოსია) მსახიობებს პროტესტის უფლებას წაართმევენ;

- 60 დღით გაზრდილი პატიმრობა ერთმნიშვნელოვნად რეპრესიის გაძლიერებაა;

- პატიმრობა დაქვემდებარებული მუხლების მატება, სისხლის სამართლის დანაშაულად ქცეული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა;

- სოცმედიაში, ქუჩაში, რესტორანში... რეჟიმის მსახურებისთვის ცუდი სიტყვების თქმის დასჯადად გამოცხადებაც, სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა;

- აქვე დაგვპირდნენ გაგრძელება იქნებაო.....

ანუ პროტესტს დააკვირდებიან და შესაბამისად სადაც გაუჭირდებათ იქ მოიგონებენ ახალ მუხლს სისხლის სამართლის კოდექსისთვის.

ვის შეეძლება ეფექტურად ამ სისტემის დამარცხება?

- მოსამართლეს რომელიც არ გამოიყენებს ახალ წესებს;

- პროკურორს რომელიც არ აღძრავს ამგვარ საქმეებს;

- პოლიციელს რომელიც უარს იტყვის ძალადობასა და ცრუ მოწმეობაზე;

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს. არც ახალ საქართველოში გამოუჩენიათ ოდესმე თავი!!!

ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს!

პროტესტის გამძლეობის!

პროტესტის შეურიგებლობის!

პროტესტის გაუტეხლობის!

აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამტკიცებთ რომ ამ მიწაზე დიქტატურა არ გამოდის!!!",- წერს ხიდაშელი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×