ნატალია ჯვარიძე
04.02.2025

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სერიოზული დაპირისპირება იწყება, რომელსაც როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მდგენელები აქვს და ეს, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. ამ დაპირისპირების პირველი თვალსაჩინო ნიშანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული ინიციატივაა ევროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დაწესების შესახებ. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ფონზე შესაძლოა „ოცნების" მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალოს. სხვების აზრით კი, თუ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები აღადგინა, ესე იგი საქართველოზე „ხელი ჩაიქნია".

„აშშ-ისა და ევროკავშირის დაპირისპირების ფონზე, არ მგონია დასავლეთის მიდგომა „ქართული ოცნებისადმი" შერბილდეს. მაგრამ თუ ევროპა დამშვიდდება და „ოცნებასთან" კონტაქტები დაიწყო, რაც გამორიცხული არაა, ესე იგი მან ხელი ჩაიქნია. მათ მაინც უნდათ საქართველოს დერეფანი და ამიტომ სრულებით შესაძლებელია ეს მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს „ოცნების" აღიარებას", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, ევროპის პოზიცია „ქართული ოცნების" მიმართ გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე:

„თუ ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, თუმცა ამას არ მოუხდენია რადიკალური ზეგავლენა შედეგზე, ვფიქრობ ევროპაც მიჰყვება ამ გზას და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ".

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი „ტვიტერზე" წერს, რომ ბრიუსელელი ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოს თავს ვერ დააღწევენ და ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის.

„14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ზომით უკვე თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტური სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც ბოლო წლების მანძილზე ბრიუსელელი ბიუროკრატები თავს გვახვევდნენ, დასრულდა.

„ჩვენ ასევე შეგვიძლია დავემშვიდობოთ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს წინ რთული თვეები ელის და ბრიუსელელ ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ. გვჭირდება შეთანხმება, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს", - წერს ორბანი.

ორბანის თქმით, უნგრეთის მთავრობამ იცოდა, რომ ტრამპი დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში და ამიტომ მზად იყო ამისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. რაც შეეხებათ ბრიუსელელ ბიუროკრატებს, რაც დასთესეთ, იმას მოიმკით", - წერს ორბანი.

აშშ-ის მხრიდან ტარიფების შესაძლო დაწესებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა. მან ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, ის მტკიცედ უპასუხებს.

„განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა. ამიტომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან ძლიერი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ასევე ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ტარიფების დაწესება ზრდის ბიზნესის ხარჯებს და ზიანს აყენებს როგორც თავად ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს.

„შაბათ-კვირას ჩვენ მოწმე გავხდით როგორი მკაცრი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკაზე. ეს ტარიფები ზრდის ბიზნესის ხარჯებს, ზიანს აყენებს მუშაკებსა და მომხმარებლებს, ქმნის არასაჭირო ეკონომიკურ რღვევას და იწვევს ინფლაციას. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს რაიმე კარგს იწვევდეს, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ადრეულ ჩართულობას.

„ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცე რჩება თავის მრავალმხრივ ვალდებულებებში, ჩვენი განვითარების ხელშეწყობიდან კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მიზნებამდე", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორ აისახება აშშ-ევროკავშირის დაპირისპირება საქართველოზე

ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ამერიკელები ელოდებიან ევროკავშირის უფრო მეტ დათმობაზე წასვლას. როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები შედგება და მხარეები გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ.

„მე ვფიქრობ, ეს არის ამერიკის პოლიტიკა - როდესაც რაღაცაზე უნდათ საკუთარი მიზნების რეალიზაცია მოახდინონ, წინასწარ მაგიდაზე დებენ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები, რათა მეორე მხარეს დაანახონ საკუთარი გეგმები, განზრახვები და სურვილები. ამის შემდეგ მოლაპარაკებები იწყება, რომ ორივე მხარემ რაღაცები დათმოს. როგორც წესი, ამერიკელები ელოდებიან მეორე მხარის უფრო მეტ დათმობას იქიდან გამომდინარე, რომ მათ ევროპაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მოლაპარაკებების ფაზაში გადავა. მოლაპარაკებები მძიმე იქნება, თუმცა გარკვეული შეთანხმება მაინც იქნება მიღწეული.

„შეიცვლება თუ არა დასავლეთის მიდგომა „ოცნებისადმი", ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის არცერთ წარმომადგენელს ჯერჯერობით საქართველო არ უხსენებია. რამდენი ხანია, რაც აშშ-ის ახალი სახელმწიფო დეპარტამენტი შეუდგა მუშაობას და საქართველოზე არაფერი უთქვამთ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარეობს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანატოვარის გადახედვა, გადამუშავება, თუ რა არის შესაცვლელი და რა არის დასატოვებელი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„დასავლეთში თუ ჩვენ ვგულისხმობთ კოლექტიურ დასავლეთს, ანუ ევროპასაც და ამერიკასაც, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, რადგან ევროპაში ძალიან მყარად არის ფეხმოკიდებული უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების" ხელისუფლების და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუმცა, ჯერჯერობით, მათი არალეგიტიმურობა არავის უღიარებია, მხოლოდ დარღვევებზე ლაპარაკობენ. ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაციამ სცნო საქართველოს ხელისუფლება, ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მარტივი არ იქნება, რომ თავისი ადრე დაფიქსირებული მიდგომები, განცხადებები და პოზიციები ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით შეცვალონ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება ამას. მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, თუმცა ამას არ მოუხდენია რადიკალური ზეგავლენა შედეგზე, ვფიქრობ ევროპაც მიჰყვება ამ გზას და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ტარიფების დაწესებით ყველაზე მეტად თავად აშშ დაზარალდება. რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, ზეწოლა „ოცნებაზე" შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი დარწმუნდა, რომ საქართველო აღარ მიდის ევროპისაკენ.

„ტრამპი საკმაოდ იმპულსური ადამიანია, არ ფიქრობს, ისე ამბობს და მერე იძულებულია თავისი ნათქვამი უკან წაიღოს. ამის მაგალითია ის, რომ გუშინწინ კანადას და მექსიკას შეუტია, სანქციები დაუწესა და გუშინ უკან წაიღო ეს გადაწყვეტილება, დროებით გადადო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ამ „ტარიფების ომში" არის ის, რომ თუ ვინმე წააგებს, ყველა წააგებს ჩინეთის გარდა, ყველაზე პირდაპირ კი ამერიკა. ის ყველას უცხადებს ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა გაერთიანდება მის წინააღმდეგ.

„ყველაზე ცუდი ვარიანტი ამერიკისთვის იქნება ის, რომ ისინი ჩინეთის გარშემო გაერთიანდებიან და ჩინეთი ეცდება ყველასთან საერთო ენის გამონახვას. ამერიკის ეკონიმიკისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ბევრი სახელმწიფო ჩენეთთთან ერთად შექმნიან ახალ სავაჭრო დერეფნებს, სადაც ამერიკის პროდუქციაზე ნაკლები მოთხოვნა იქნება. ამიტომ არ მგონია ტრამპის ეს გადაწყვეტილება ამერიკისთვის სასარგებლო იყოს. თუ ვინმე რამეს მოიგებს, ალბათ ეს ჩინეთი იქნება.

„აშშ-ისა და ევროკავშირის დაპირისპირების ფონზე, არ მგონია დასავლეთის მიდგომა „ქართული ოცნებისადმი" შერბილდეს. თუ ეს მოხდა, ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ ევროპა საქართველოზე ხელს ჩაიქნევს.

„ევროპის დღევანდელი სიმკაცრე მოდის იქიდან, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ევროკავშირისკენ სვლა. ევროკავშირი გვეუბნება - თქვენ არ მოდიხართ ჩვენსკენ და ხალხს ატყუებთ; ხალხს კი ატყუებთ მაგრამ ჩვენ ვერ მოგვატყუებთ და არ ვაპირებ ფული გადავუხად რუსეთისკენ მიმავალ ქვეყანასო. ამიტომ მე ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რითაც შევაჩერებ შენს წასვლას ევროპიდან და მისვლას რუსეთთთან, თუმცა, თუ ეს არ გამოვიდა, კარგად იყავითო.

„ევროპას ჯერ კიდევ ვგონივართ ევროკავშირისკენ მიმავალი სახელმწიფო და ხალხის ნება, რომელიც ქუჩაშია, ამას ადასტურებს. თუმცა, თუ ხალხი დაიღლება და ვითარება დაწყნარდება, ევროკავშირი იტყვის - კი, ბატონო, როგორც გინდათ, ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთისკენ მიმავალი ქვეყანა ვაფინანსოთო.

„ჯერ კიდევ არის ეროპული საქართველოს გადარჩენის შანსი. თუ ევროპა დამშვიდდება და „ოცნებასთან" კონტაქტები დაიწყო, რაც გამორიცხული არაა, ესე იგი მან ხელი ჩაიქნია. მათ მაინც უნდათ საქართველოს დერეფანი, ამიტომ, შესაძლოა, შერბილდეს დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს „ოცნების" აღიარებას. შერბილება ნიშნავს, რომ საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ და აღარ აწვალებენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×