ნატალია ჯვარიძე
15.02.2025

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში თავის მანდატებს გააუქმებს, მაშინ პარლამენტს აღარ ექნება კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანის საშუალება, ვერ გამოუცხადებს იმპიჩმენტს პრეზიდენტს და ვერ შეძლებს ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის არჩევას, მაგალითად სახალხო დამცველის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და სხვა. თუმცა, ამით პარლამენტი მაინც ვერ გახდება ქმედითუუნარო და შესაბამისად, დღის წესრიგში ვერ დადგება ახალი არჩებნების საკითხი, რადგან ასეთ რამ კონსტიტუციაში საერთოდ არაა გათვალისწინებული.

ამის შესახებ „რეზონანსს" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა ოპოზიციაში გავრცელებული იმ მოსაზრების კომენტირებისას, რომ პარლამენტის ქმედითუნარიანობის გასაღები ახლა გახარიას ხელშია.

მისი შეფასებით, კონსტიტუციაში პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის - მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ მხოლოდ არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი შეკრების კონტექსტშია ნახსენები. უფრო კონკრეტულად კი, ახალი პარლამენტი შემდგარად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების შედეგად აირჩა მინიმუმ 100 დეპუტატი და მათი უფლებამოსილება ოფიციალურად იქნა აღიარებული.

ამის შემდეგ, თუკი სხვადასხვა მიზეზთა გამო პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდა და 100-ზე ნაკლები გახდა, ეს ზღუდავს პარლამენტის სამუშაო სივრცეს, გარკვეულწილად ამცირებს მის ლეგიტიმურობასაც, მაგრამ არ იწვევს სრულ ქმედითუუნარობას. ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს კონსტიტუციური ხარვეზია და სასურველია, რომ მომავალში გამოსწორდეს.

აჟამად პარლამენტში ოფიციალურად 101 დეპუტატია, საიდანაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის" 12 მანდატი აქვს. ბარიერგადალახული სხვა სამი ოპოზიციური გაერთიანებისაგან განსხვავებით, ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართონ. ეს კი დანარჩენ ოპოზიციაში სერიოზულ გულიწყრომასა და გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

ოპოზიციის მოლოდინი და გახარიას პოზიცია

„სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ თუ გახარიას პარტია მთლიანად დატოვებს პარლამენტს, მანდატების რაოდენობა 89-ზე ჩამოვა, პარლამენტი იქნება არაქმედითუნარიანი.

„ვფიქრობ, რომ დე ფაქტო პარლამენტში რომელიმე ოპოზიციური პარტიის ყოფნა არ არის სწორი. რა საკითხითაც არ უნდა იყოს იქ წარმოდგენილი, ეს ხელს უშლის მთავარ ამოცანას. კონსტიტუციაში შავი თეთრზე წერია, რომ პარლამენტი, მაშინ არსებობს, როდესაც 2/3-ის მანდატი არის ცნობილი და ქმედითი. მორჩა, წერტილი. ახლა 2 დეპუტატის გამოცლით „ქართულ ოცნებას" აღარ ჰყავს 100 დეპუტატი, 2/3 რომელსაც კონსტიტუცია მოითხოვს, როგორც აუცილებელ პირობას იმისთვის, რომ შეკრებას, რომელიც რუსთველის 8 ნომერში მიმდინარეობს, პარლამენტი ერქვას. ქუჩაში მყოფი ადამიანებისთვის ევროპელებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამერიკელებისთვის ის არ არის ლეგიტიმური.

„ჩვენ გვაქვს შანსი ამ 2 დეპუტატის გამოცლით, კონსტიტუციური კრიზისის დავაყენოთ ქვეყანაში. თუ გახარიას პარტია მთლიანად დატოვებს პარლამენტს და მანდატების რაოდენობა 89-ზე ჩამოვა, მაშინ 20 მარტს საქართველოში პარლამენტი იქნება არაქმედითუნარიანი. ეს ორგანო არა მხოლოდ არალეგიტიმური, არაქმედითუნარიანი ხდება. დიახ, ისე გამოვიდა, რომ დღეს ეს გასაღები გახარიას უჭირავს ხელში. დღეს ეს მთლიანად არის მათზე დამოკიდებული", - განაცხადა ხიდაშელმა.

თავად პარტიაში „გახარია საქართველოსთვის" თავისი გადაწყვეტილების მერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტისთვის ოფიციალურად მიმართვა სამართლებრივი ნონსენსი იქნება. ამასთან, როგორც პარტიის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება მანდატები და ემოციურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

„ვის მივმართო, ვის სახელზე უნდა დავწერო წერილი? - არ ვაღიარებ ადამიანს და რატომ დავწერო? მიზანი ის არის, რომ რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება ეს მანდატები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი სიუჟეტებით ჩემზე გავლენას მოახდენს, ცდება, არ მოახდენს გავლენას. მე არავის სახელზე განცხადებას არ დავწერ. რაც არის რეგლამენტის მიხედვით, ის რეალობა დადგება.

„საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა რომ წერდა, მე რამე შემითანხმა, მკითხა დავწერო თუ არაო? - ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს. არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ. ვინც მიმართა, იმან აგოს პასუხი. ანუ აღიარებს, რომ იმ ადამიანს აქვს ამის უფლებამოსილება? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი უფლებამოსილება არ აქვს ამ პარლამენტს, არც ჩემი მანდატის შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს. ჩემი მხრიდან მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მოქმედებს ლეგიტიმაციაზე", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ მაისში შეგიწყდებათ უფლებამოსილება, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის არცერთ სხდომაზე მისვლას არ აპირებს და რეგლამენტით მანდატი უნდა შეუჩერდეს.

„მე არაფერში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, წესით, რეგლამენტში როგორც წერია, ასე უნდა მოხდეს. ჩვენ არსად მივალთ არანაირ სხდომაზე", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რა წერია კონსტიტუციაში და რაზე იმოქმედებს გახარიას გადაწყვეტილება

ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, მანდატების შემცირებასთან ერთად რისი უფლებამოსილება ეზღუდება პარლამენტს და ასევე აღნიშნავს, რომ თუკი პარლამენეტში მყოფი წევრები სხდომებს არ დაესწრებიან, 6 თვის შემდეგ პარლამენტმა მანდატები უნდა გაუუქმოს.

„კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი სრულუფლებამოსილებას შეიძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სცნობს არანაკლებ 100 პირის უფლებამოსილებას. კონსტიტუციაში ეს წერია პარლამენტის პირველ შეკრებასთან დაკავშირებით. პირველ შეკრებაზე პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება უნდა სცნოს. სანამ 100 პირის უფლებამოსილება არ იქნება, პარლამენტს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, ესაა კონსტიტუციით განსაზღვრული.

„კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა ამა თუ იმ მიზეზის გამო გახდა 100-ზე ნაკლები, უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. თუ არჩევნები კანონის მოთხოვნით ჩატარდა, არავის აქვს პრეტენზია ამ არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით და ასეთმა პარლამენტმა სცნო ასი ან უფრო მეტის უფლებამოსილება. ეს პარლამენტი მუშაობას ჩვეულებრივ შეუდგება, თუნდაც მის წევრთა რაოდენობა შემცირდეს ისევ ამა თუ იმ მიზეზის გამო - ვიღაც გადადგა, ვიღაც გარდაიცვალა და ა.შ. ანუ შესაძლებელია პარლამენტთა რაოდენობა გახდეს 100-ზე ნაკლები.

„კონსტიტუცია არ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რიგ გარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. თუმცა, წევრთა რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პარლამენტის ქმედუნარიანობაზე, ანუ ეს ქმედუნარიანობა შემცირდება იმისდა მიხედვით, სადამდე ჩამოვა პარლამენტის წევრთა რაოდენობა.

„მაგალითად, თუ პარლამენტში აღმოჩნდა 3/4-ზე ნაკლები (112 დეპუტატი) წევრი, პარლამენტი კონსტიტუციაში ვერ შეიტანს ისეთ შესწორებას, რომელიც ამოქმედდება ცვლილების მიღებისთანავე. პარლამენტის წევრთა რაოდენობა თუ 2/3-ზე ნაკლები გახდა, ანუ 100-ზე ნაკლები, მაშინ პარლამენტი ვერც ისეთ ცვლილებას შეიტანს კონსტიტუციაში, რომელიც მაშინვე არა, მაგრამ მომდევნო პარლამენტის მიერ ამ ცვლილების დადასტურების შემდეგ ამოქმედდება. ანუ 2/3-ზე ნაკლები თუ არის კონსტიტუციას პარლამენტი საერთოდ ვერ შეეხება. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელზებზე გასხვისებასთან დაკავშირებით. ასევე იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებს პრეზიდენტს.

„თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 3/5-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ანუ 90-ზე ნაკლები, მაშინ პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც სჭირდება 3/5-ის მხარდაჭერა. ეს არის ზოგიერთ თანამდებობაზე პირთა დანიშვნა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველი და ა.შ.

„თუ ეს რაოდენობა ჩამოვიდა 75-ზე ქვევით, მაშინ პარლამენტში ორგანულ კანონებსაც ვერ მიიღებს და ასევე, რიგ თანამდებობაზე პირთა დანიშვნაზე გადაწყვეტილებას. ანუ პარლამენტი იქნება ქმედუნარშეზღუდული. ცხადია, ეს თვითონ პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხსაც შეამაცირებს, რადგან წარმომადგენლობა ეყოლება არა ყველას, არამედ ამომრჩეველთა ნაწილს და პარლამენტი ვერ შეძლებს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა არც კონსტიტუციაში და არც სხვაგან არ წერია, რომ თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღმჩოჩნდა რაღაც რიცხვზე ნაკლები, მაშინ არჩევნები უნდა გაიმართოს.

„მე მიმაჩნია, რომ ასეთი ვითარება პრობლემა ქმნის კონსტიტუციის დონეზე, რადგან თეორიულად ჩვენ შეიძლება ისეთი სიტუაცია მივიღოთ, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმდენად შემცირდეს, რომ პარლამენტმა ჩვეულებრივი კანონებიც ვერ მიიღოს და რამდენიმე წელი უნდა ველოდოთ, ამ ქმედუუნარო პარლამეტს როდის გაუვა უფლებამოსილების ვადა და დაინიშნება მორიგი არჩევნები. რასაკვირველია, ეს გონივრულობასთან კავშირში არაა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია მოხდეს, ოღონდ კონსტიტუციურად განსაზღვრული არაა, რაც, ჩემი აზრით, კონსტიტუციის უდავო ხარვეზია.

„ხოლო თუ პარლამენტის წევრები სხდომებს არ დაესწრებიან, დაგროვილი გაცდენების გამო, 6 თვის შემდეგ, პარლამენტმა მათ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება საზოგადოებას გაურკვევლობაში აგდებს და ქმნის ცრუ მოლოდინებს.

„არგუმენტები, თუ რატომაც არ ტოვებს პარლამენტს გახარიას პარტია, პირადად ჩემთვის დამაჯარებელი არაა. გარდა ამისა, გახარია გაურკვევლობაში აგდებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ის ცრუ მოლოდინს ქმნის სწორედ ამ მერყევი ნაწილისთვის. აქ რომ იყოს ძალიან მკაფიოდ გამოხატული, არგუმენტირებული პოზიცია, მაშინ არც არაფერი იქნებოდა. თუმცა, ჩვემთვისაც კი გაურკვეველია, თუ რატომ არ ტოვებს მანდატებს და თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნება რიგითი ამომრჩეველისთვის, რომელიც პოლიტიკაში ნაკლებადაა ჩახედული.

„მოლოდინი სულ იქნება, რომ გახარია პარლამენტში შევა, ამის შემდეგ პარლამენტი ლეგიტიმური იქნება და ა.შ. ამიტომ ამ პროცესს, რასაც ჰქვია საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობის გაძლიერება, გახარიას გადაწყვეტილება გარკვეულწილად აფერხებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×