თამთა ჩაჩანიძე
16.02.2025

თბილისში პროტესტის მე-80 დღე 15 თებერვალს აქცია-მსვლელობით აღინიშნა. ეს იყო თებერვალსა და მარტში უკვე დაანონსებული მასშტაბური აქციების ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა სიმბოლურ თარიღებს დაამთხვიეს. პირველი ასეთი აქცია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშილის დაბადების დღეს - 18 თებერვალსაა დანიშნული. რა აჩვენა შაბათის აქციამ და აქედან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ სამშაბათს?

როგორც ექსპერტების ნაწილი აცხადებს, 15 თებერვლის მსვლელობამ აჩვენა, რომ ხალხი კვლავ არ ნებდება და გამოსვლები კვლავ მოსალოდნელია. ნაწილს კი არ დაუტოვა ის შთაბეჭდილება, რომ ტენდენცია საპროტესტო მუხტი აღმავლობისკენ მიდიოდეს.

18 თებერვლის გარდა, პროტესტი ორგანიზატორებს მასშტაბური აქციები დაგეგმილი აქვთ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს და უწყვეტი პროტესტის ზუსტად მე-100 დღეს - 7 მარტს.

„18 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ერთპიროვნულ, დე-ფაქტო, არალეგიტიმურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, თავისივე დაბადების დღეზე, შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე - სამართლიანი არჩევნებისთვის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის და თავისუფალი ქვეყნისთვის!

„25 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე - "ეს თარიღი ქართველებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, და თბილისის გასაბჭოების ამ თარიღზე არ დავუშვებთ, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა კვლავაც დაწერონ მსგავსი ლექსები, რომ "დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!" ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ამ ისტორიას მეორედ!

„მნიშვნელოვანია, ამ დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი ვიყოთ.

„7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე - "მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას", - წერია აქციების ანონსში.

„ქართულ ოცნებას" ეჭვი ეპარება, რომ აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ 15 თებერვლის აქცია „პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ".

რას აპირებს ოპოზიცია

„ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროტესტი არ გაჩერდება.

„დაკავებულების გათავისუფლება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს პროტესტი არ გაჩერდება. საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე, არასდროს შეეგუება იმ ე.წ. ხელისუფლებას, რომელმაც 80 პროცენტი უნდა მიართვას რუსეთს. ეს არ მოხდება. ბიძინამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო იზოლაციური მდგომარეობაში ჩაეყენებინა, დატოვა პირისპირ, მარტო რუსეთთან.

„ჩვენი ვალია ეს მოღალატე რუსი ხელისუფლება გავისტუმროთ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სასწრაფოდ უნდა დავამყაროთ და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უნდა დაჩქარდეს ევროინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად, ერთობლივად უნდა დავიწყოთ ფიქრი და მოლაპარაკება საქართველოს დეოკუპაციაზე. ამ მოძრაობამ, გამარჯვებებმა საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს საქართველოს გაერთიანებამდე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 15 თებერვლის აქცია „პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ".

„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი. ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას", რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ", - განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან".

რას გვაჩვენებს ტენდენცია

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეს აქციები იმის შთაბეჭდილებას არ უტოვებს, რომ „ტენდენცია აღმავლობისკენ მიდის", თუმცა დასძენს, რომ პროტესტი გარკვეული ტალღები პერიოდულად იქნება.

„მარტი მოდის და მარტი სახიფათოაო.. ქართული ანდაზაა - „მარტი წინ რომ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო". ეს საპროტესტო აქციები იმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ტენდენცია აღმავლობისკენ მიდიოდეს. ასეთი ტალღები, რა თქმა უნდა, იქნება ამა თუ იმ მიზეზით.

„ახლა პროტესტისთვის შესანიშნავი მიზეზია, დავუშვათ, ივანიშვილის დაბადების დღე და ალბათ უფრო მეტი შეიკრიბება, მაგრამ ყოველდღე ხომ არ იქნება ივანიშვილის დაბადების დღე? ყოველდღე რომც იყოს, მერე უკვე ემოცია ჩაქრება.

„ვერ ვიტყვი რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესს. ერთი რამ ფაქტია, რომ თუკი გარე აქციებზე შთაბეჭდილებას „ფეისბუქ" საპროტესტო განწყობებს მივამატებთ, ქუჩისგან განსხვავებით, „ფეისბუქი" იძლევა საშუალებას შინაარსში გაერკვე, ამ ადამიანებს ვის მიმართ აქვთ პრეტენზია. მათი პრეტენზია ბოლო ხანებში ტრამპის, ვენსის და მასკის კრიტიკისკენ გადავიდა - რომ ისინი ანგრევენ ამერიკას და მსოფლიოს. საუბარი ძირითადად იმ დაფინანსებზეა (მილიონობით დოლარზეა ლაპარაკი), რომელიც მიმართულია ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ამერიკულ გემოვნებაზე დარეგულირებისთვის და ამაზეა „ფეისბუქში" ძალიან მძაფრი რეააქცია.

„ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსების ან უკვე დამდგარი, ან მომავალში დასადგომი შეფერხება გამოიწვევს იმ ადამიანთა პროტესტს, ვინც ამ დაფინანსებასთან მიბმული იყო და ასეთი ბევრია. თვითონ ამერიკულმა მხარემაც წამოაყენა რაღაც ვერსიები, რომ ასე ხელაღებითაც არ შეიძლება დაფინანსების შეჩერება.

„პროტესტი ყოველთვის კომპლექსურია და ბევრი ფაქტორის გამთლიანებაა, რაშიც ეკონომიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, თუკი პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა ამ პროცესებს იმ ტიპისა, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ხომ იმაზე საუბრობდნენ, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. თუკი დიდმა ნაწილმა დაინახა, რომ საქართველო რუსეთისკენ არ მიდის და უბრალოდ ეკამათება ევროპის იმ ნაწილს, რომელსაც ეკამათება იგივე დღევანდელი ამერიკა და ევროპის გარკვეული ქვეყნები, გარკვეული პოლიტიკური მხარეები - მემარჯვენეები, მაშინ შეიძლება პროტესტის პოლიტიკური მდგენელიც შენელდეს.

„ამ მომენტის მეეჭვება პროცესი უფრო გამძაფრებსკენ გადავიდეს. ძალიან საეჭვოა რაიმე არგუმენტი მოიფიქრონ იმისა, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. ამდენი ხანი გავიდა, უკვე ლამის ნახევარი წელია და ფაქტობრივი არგუმენტი, თუ რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ, არავის წამოუყენებია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, 15 თებერვლის აქციამ აჩვენა, რომ ხალხი არ ნებდება და დაგეგმილ სხვა აქციებზე უფრო მეტი ხალხის გამოსვლაა მოსალოდნელი.

„გუშინდელმა აქციამ გვაჩვენა, რომ ხალხი მაინც არ ნებდება და რომ ისევ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ხალხის განსაკუთრებულ რაოდენობას უნდა ველოდოთ იგივე 18 და 25 თებერვალს, ასვე აქციები იქნება 3, 7 და 8 მარტსაც.

„მიდის უწყვეტი გამოსვლები, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული დასავლეთის მხრიდან სანქციების ამოქმედებაზე. ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ გადართულია პიტინთან მოლაპარაკებაზე და ეს საკითხი დღეს ცოტა პრობლემურია.

„ყოველ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. 15 თებერვალს საპროტესტო მუხტი მაღალი იყო. მე რაც ვნახე, ბევრი ადამიანი იყო გამოსული. დაგეგმილ აქციებზე კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შაბათის აქციაზე მაქსიმუმ 3 ათასი კაცი იყო. მისივე პროგნოზით, პროტესტი მილევადი იქნება.

„ესაა უსაქმური კაცისა და მახათის ამბავი. გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ესენი არიან დარჩენილები „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", რომლებიც მისტირიან იმას, რომ ის გრანტები აღარ იქნება, რომლითაც „დიფ სტეიტისაგან" უხვად მარაგდებოდნენ. ახლა აღიარებენ, რომ „დიფ სტეიტი" არსებობს. ჯერ იძახდნენ არ არსებობსო.

„იქნებოდა უბადრუკი 1500-2000, ან გნებავთ 3 ათასი კაცი. ამან აჩვენა, რომ დასრულებული არიან. ახლა იბორიალებენ ქუჩაში, სანამ მთლიანად არ ამოეწურებათ თანხები, რომელსაც ჯერ კიდევ აწვდიან. ასევე იქნება აქციები ის 7 მარტია, თუ 18 თებერვალია.

„რა უნდათ 18 თებერვლისგან? ეს დღე არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე. ვინც იქ არის, ერთი რომელიმე მათგანმა მითხრას - ბიძინია ივანიშვილმა რაც ქვეყანას გაუკეთა, იმის მემილიარდედი თუ აქვს რომელიმე მათგანს გაკეთებული?

„რაც შეეხება 25 თებერვალს ეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე თარიღი იყო და ეს ისტორიას ჩაბარდა. ახლა იმ ხალხმა არ უნდა აღნიშნოს 25 თებერვალი, ვინც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ჩააბარა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×