თამთა ჩაჩანიძე
17.02.2025

მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი 61-ე კონფერენცია ცხარე დისკუსიით დაიხურა. ცენტრალური თემები იყო უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების გზები, აშშ-ევროპის ურთიერთობის საკითხი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. დასავლეთის ლიდერებს ამ თემებთან დაკავშირებით ჰქონდათ მთავარი გზვანილები, რაც ანალიტიკოსების თქმით, საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს.

კონფერენცია ოფიციალურად 14 თებერვალს გაიხსნა, რომელშიც მონაწილოება მიიღეს მსოფლიოს 60-მდე ლიდერმა და ევროპისა და აშშ-ს ასობით წარმომადგენელმა. საქართველოდან კონფერენციაში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ იყო.

უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს ევროპის როლზე მსოფლიოში დისკუსიებით დაიხურა. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის დებატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. გახსნის დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყო.

15 თებერვალს გაიმართა დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე.

"საქართველოზე ბევრი ლაპარაკი არ ყოფილა"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ცალკე პანელი იყო გამოყოფილი დისკუსიისთვის ჩვენზე ბევრი ლაპარაკი არ ყოფილა და ძირითადად აშშ-ევროპის ურთიერთობებს და უკრაინას დაეთმო.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე ცალკე პანელი იყო გამოყოფილი, მაინც საქართველოზე ბევრი ლაპარაკი არ ყოფილა. ცენტრალური მაინც უკრაინის თემა იყო და აშშ-ს და ევროპის ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომების პირობებში. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლამ საერთოდ ტექტონიკური ძვრები შეიტანა ურთიერთობებში.

"როგორც ჩანს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკრაინასთან დაკავშირებულ მიდგომებში არის გარკვეული სხვაობები, რაც უკრაინისთვის კარგი არაა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ნატოში კვლავ რჩება და თან მის მთავარ წევრად, ევროპას უკვე არ შეუძლია ავტომატურად დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს და მის უსაფრთხოების ქოლგას. ის მოწოდებები, რაც ამერიკული დელეგაციის მხრიდან ძალიან მკაცრი ტონით გაკეთდა, რომ თავდაცვითი ბიუჯეტი 5%-მდე ავიდეს, ეს მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა და მემგონი ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს რეალობად იქცეს. ამ მხრივ ევროპა-აშშ-ს ურთიერთობაში გარკვეული სოლი ჩაერჭო.

"უკრაინული პოლიტიკაც რაღაცნაირად ტრანსფორმაციას განიცდის და როგორც ჩანს პრეზიდენტ ზელენსკიზე ამერიკელების მიერ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება და ასევე ხორციელდება ზეწოლა ევროპელების მხრიდანაც, რომ იყოს რაც შეიძლება ნაკლებადდამთმობი. ზელენსკის ნათქვამი, რომ უკრაინას არ მოუწევს რაიმე შეთანხმება ტერიტორიების დათმობის ხაჯზე, ეს უკვე თავისთავად განაცხადია, რომ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უკრაინის თაობაზე შეიძლება ჩიხშიც შევიდეს.

"სავარაოდოდ მომვდევნო დღეებში შეიძლება ვიხილოთ იმის გამოხატულება, თუ რა ფორმით მოხდება ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თუნდაც ის, რომ ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა გააგზავნოს თავის ჯარები უკრაინაში და ჩადგნენ, როგორც სამშვიდობო კონტინგენტი. ადრე ბრიტანეთის ხელმძღვანელობას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია და პირიქით, თავს იკავებდნენ ჯარების გაგზავნისგან მით უმეტეს უკრაინაში.

"კრისტოფ ვოლცის გამოსვლაზე ტრამპს დეზავიურება არ გაუკეთებია, ამას ბრწყინვალე უწოდა და ესეც არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, რომ ის ლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ევროპაში ჩამოყალიბდა, რომელმაც ტრადიციული ევროპული დემოკრატია სხვაგან, მათ შორის საქართველოშიც კი გაუგებარი გზით წაიყვანა. თუნდაც იგივე რუმინეთში მომხდარი ინციდენტი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საკმაოდ ნიშანდობლივი იყო, რაც უჩვენებს იმას თუ დღეს ევრობიუროკრატია როგორაა მიმართული, ჩვენი ქართული პოლიტიკოსების კრიტიკა მათ მიმართ მთლად უსაფუძვლოც არაა.

"ბევრი სამუშაო იქნება გასაწევი იმისათვის, რომ აშშ-სა და ევროპას შორის დემოკრატიული ხედვები დაახლოვდეს, რადგან ეს არ იყო უბრალოდ ერთი ემოციური გამოსვლა, ეს არის სიგნალი იმისა, თუ რა მიმართულებით მიდის ევროპა ამჟამინდელი ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელობით.

"ეს კონფერენცია ზოგადად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ უფრო ნაკლები იყო სოლიდარობა და უფრო მეტი იყო უთანხმოება, იქიდან გამომდინარე, თუ რა შინაარსის და პათოსის განცხადებები იყო. მიუხედავად ამისა, გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საჩხუბი, ყველაფერი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდესო, თუმცა ეს იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება"- განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანჯაფარიძის თქმით, საქართველოზე უფრო საგნობროვ მსჯელობას ელოდა, თუმცა გარკვეული კონტურები მაინც გამოიკვეთა.

"ზურაბიშვილს საკმაოდ გამოცდილი ექსპერტი ტომას დე ვაალი ეკითხება, რომ ტქვენ ამჯამად რა სტატუსი გაქვთო, მაშინ, როდესაც წინა დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა და დარწმუნებული ვარ ეს რეზოლუციის ტექსტი მივიდოდა ევროპის შესაბამის დედაქალაქებამდე და ის მიუნხენის კონფერენციის პროგრამაში მოხსენიებულ იქნა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

"მეორეც, მოდერატორის კითხვა, ვიცით რომ საქართველოში ჩიხური სიტუაციაა, მაგრამ როგორია ოპოზიციის სტრატეგიაო, აი ესაა კარგი ინდიკატორი იმისა, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს რა სტრატეგიით მოქმედებს ოპოზიცია. ეს თავის მხრივ მიუთითებს იმას, რომ იქ კარგად ამჩნევენ თუ რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და ხედავენ იმასაც თუ რამდენი ხალხი გროვდება რუსთაველზე. შემთხვევით არ უთქვამს თომას დე ვაალს, გვესმის, რომ ხალხის მობილიზება რთულია, მაგრამ ეს საკმარისი არ არისო - დაახლოებით რაღაც ასეთი უთხრა.

"მე პირადად საქართველოზე უფრო საგნობრივ მსჯელობას ველოდი, რადგან პანელურ დისკუსიაზე, სადღაც უკანა რიგებში მოწყენილი იჯდა გიორგი გახარია, რომელსაც სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა. არადა, თუკი უნდოდათ, რომ საქართველოზე მეტი გაეგოთ, როგორც სალომე ზურაბიშვილია ყოფილი პრეზიდენტი, ისე გახარიაა ყოფილი პრემიერი და რატომ ის არ დასვეს პანელურ მაგიდაზე? ეს კარგად მიუთითებს, თუ როგორი დიფერენცირებული დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს ცალკეულ პოლიტიკოსების მიმართ, ზურაბიშვილის უფრო სჯერათ, სხვა პოლიტიკისების ნაკლებად",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

გლობალური უსაფრთხოების ახალი კონტურები და საქართველო

როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, გლობალურ და რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების ახალი კონტურები იკვეთება.

"იკვეთება უსაფრთხოების ახალი რეალობები გლობალურ და პანრეგიონულ დონეზე. პანრეგიონულ დონეში იგულისხმება ევროპული უსაფრთხოების კონტურები, ფაქტიურად ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რომ შეცვალოს იალტის დროინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი და ის ახალ მოდელებს სთავაზობს, როგორც მოწინააღმდეგეებს, ისე მოკავშირეებს.

"საინტერესო იყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის პოზიციები და გახმოვანებული განცხადებები, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკას აქვს უსაფრთხოების განსხვავებული ახალი მომენტები და არაა გამორიცხული ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მხრივ წამოიჭრას ახალი უთანხმოებები და ბზარები ნატოს მომავლის კუთხით. ამერიკა მოკავშირეებისგან მშპ-დან 5%-ის გამოყოფას ითხოვს, რაც კოლოსალური თანხებია და ამას შესაძლოა ევროპა არ დათანხმდეს.

"ამის გარდა, ტრამპა მოკავშირეებს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა, საუბარია კანადასა და დანიაზე, რამაც შეიძლება ბზარები კიდევ უფრო გააღრმავოს. ამასთან, უკრაინის ომთან მიმართებაში განსხვავებული მიდგომები გამოიკვეთა. ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებზე პირდაპირ გავიდა, რაც ევროპელების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბევრ კითხვებს იწვევს. თან ტრამპისეული გეგმის პირობები ცოტა გაურკვეველია, როგორც ტერიტორიების, ისე ცეცხლის შეწყვეტის მხრივ.

"ამასთან გაურკევევლია ის 500 მილიარდიანი ულტიმატუმი სასარგებლო წიაღისეულზე სრულ მონოპოლიის აღება სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, ეს მასკს სჭირდება კოსმოსურ პროექტებზე, რათა რუსეთს და ჩინეთს გამოუცხადოს სტრატეგიული რბოლა უკვე კოსმოსში. ამით ალბათ ახალ ტენდენციებზე გადავდივართ. ტრამპი იმ გეგმას ავითარებს, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი არის ტრიპოლარული - აშშ, ჩინეთი, რუსეთი.

"ტრამპის განცხადება, რომ ისურვებდა რუსეთი ისევ დიდ შვიდეულს დაუბრუნდეს, ესეც ერთ-ერთი ინდიკაციაა, ისიც არ იქნება გასაკვირი, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს და აღლუმს დაესწროს. ის რუსეთთან იმიტომ აპირებს ურთიერთობების დარეგულირებას, რომ ჩინეთის ჰეგემონობა დააბალანსოს. დღეს, როგორც ჩანს, კონსტიტუციურ პრივილეგიას სრულმასშტაბიან ფორმით იყენებს",- განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი წამოიჭრება.

"ისეთი აზრი მრჩება, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედროსას საქართველოს თემაც წამოიჭრება. მიზეზი რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პუტინის ერთ-ერთი მოთხოვნა გახდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოები არ გამხდარიყვნენ. კრემლი როგორც დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედებს, უკვე მიანიშნებს, რომ საქართველო სამწუხაროდ რუსეთის დღევანდელი საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზონად განიხილება.

"ტრამპსა და პუტინს "ოცნების" დღევანდელი ლიდერშიპი ნამდვილად არ აწყობთ და ამ ორმა ჩვენზე რაც არუნდა მოილაპარაკონ, ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ორივეს სკეპტიკური განწყობა აქვთ. აქაც საინფორმაციო ომი მწვავე ფორმებს იღებს და იმედია ეს უმართავ პროცესებში არ გადავა. აქ უკვე გეოპოლიტიკური ფაქტორებიც იმოქმედებენ.

"გვინდა თუ არა, საერთაშორისო წესრიგის ტრიპოლარულ მოდელში მთავარ აქტორებს -აშშ-ს, ჩინეთს და რუსეთს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესები აქვთ, თუნდაც ანაკლიის პორტზე კონტურები აშკარად იკვეთება.

"ევროკავშირს საკმაოდ სერიოზული რეფორმების გატარება მოუწევს, რომ ის გლობალური გავლენის აქტორი გახდეს, მოუწევს სამხედრო-უსაფრთხოების პირობების კიდევ უფრო განმტკიცება. ჩვენ უფრო ევროპულ სახელმწიფოდ განვიხილებით, ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველო განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო სივრცე და მას სერიოზული ინეტერესი აქვს ჩვენს მიმართ, ამ მხრივ ჩვენ სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×