
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ მარტს ჩაინიშნა, სადაც ბადრი გუნბა და არდურ არძინბა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნები ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს. „აფხაზურ საზოგადოებაში საქართველო, როგორც დღის წესრიგი, საერთოდ გაქრა".-აღნიშნავს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
აფხაზეთის ოკუპირებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ბადრი გუნბა - 46%, ადგურ არძინბა - 37%, რობერტ არშბა - 7%, ოლეც ბარციცი - 4%, ადგურ ხურუმალი - 1%.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მთავარი ფავორიტის დასმის ღონისძიებას წარმოადგენს. მისი თქმით, კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ „აფხაზეთი რუსეთში გააერთიანოს".
„იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც რუსეთი უბრძანებს."
„სოხუმში სახელმწიფობანას მორიგი აქტი ჩაატარეს... საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თბილისთან, ნორმალური, სამართლებრივად გამართული ურთიერთობის დაწყების არავითარი ცვლილება და პოლიტიკური გავლენა არ უნდა ვიგულისხმოთ ამ არჩევნებიდან გამომდინარე."
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „რუსულმა გეგმამ კრახი განიცადა".
ყოლბაიას თქმით, თუ რეგიონულ პოლიტიკურ ველზე „რაღაც შეიცვლება", საქართველო მზად უნდა იყოს აფხაზეთთან დიალოგში შესასვლელად.
„ხანდახან საქართველოს მიმართ მზერა არ არის ის, რაც რეალურად გადაწყვეტს მათ ჩვენდამი მობრუნებას. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან „მოგუდული" დამოკიდებულება უნდა გამოვხატოთ. იმაზე მეტს, რაც გაკეთდა, ვერ გავაკეთებთ.
ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს, მასთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ. საქართველოს ხელისუფლებას არცერთ ე.წ. წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ ჰქონია. რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად."
ყოლბაია აღნიშნავს, რომ „აშკარად ანტირუსული პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რადგან აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოების, ე.წ. სახელმწიფოებრიობის და ე.წ. სუვერენიტეტის გარანტი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია".
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ე.წ საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტურის პროგნოზს სთავაზობს და გვპასუხობს კითხვაზე თუ რა გავლენა აქვს საქართველოს ამ ე.წ არჩევნებზე და მიმდინარე პროცესებზე.
„რუსეთს აინტერესებს გუნბა გაიყვანოს, მეორე ტურში აღარაა აუცილებელი ბევრი ხალხი მიიყვანონ, მთავარია თავიანთი ხალხის მობილიზება შეძლონ, ვინც გუნბას მისცემს ხმას. გუნბას გამარჯვების შანსი უფრო მაღალია ვიდრე არძინბასი, თუმცა გამორიცხული არც არაფერია. აშაკარად ჩანს, რომ გუნბამ პირველ ტურში რა შედეგიც აჩვენა, იყო მისი მაქსიმუმი, ფაქტია, გაყალბება იყო მინიმალური, რადგან ოპოზიციასა და ოპონენტებს პროტესტიც არ გამოუცხადებიათ.
შესაბამისად, მეორე ტური ძალიან დაძაბული იქნება და შესაძლებელია მეორე ტურში გაყალბებაც იყოს, უკვე გუნბას სასარგებლოდ, რადგან ხალხის რაოდენობას აღარ აქვს მნიშნელობა, მთავარია ვინ აიღებს ხმას.
„რაც შეეხება საქართველოზე მიმდინარე პროცესების გავლენას, მე ვგრძნობ რომ საქართველოს, არც საქართველოს ხელისუფლების, არც ოპოზიციის დღის წესრიგში არაა აფხაზეთი - ექსპერტების გარდა, თბილისს დღეს უფრო მეტად აწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი , რაც საქართველოშია, რა ხდება აფხაზეთში ეს სამწუხაროდ არაა მათი ინტერესის სფერო.
რაც შეეხება აფხაზეთის მიმართ „მოგუდული" დამოკიდებულების შენარჩუნებას და მსგავსი პოლიტიკის გატარებას, კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, რადგან აფხაზებს დღეს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, საქართველომ მიატოვა აფხაზები რუსების წინაშე და აფხაზებიც გრძნობენ ამ ყველაფერს.
საქართველოს ხელისუფლება სადაც რუსეთის ინტერესებია ჩართული, იქ, ჩემი დაკვირვებით, არსად ხმას არ იღებს, მართლია გმობს, მაგალითად გუშინდელ დე-ფაქტო არჩევნებზე ჰქონდა რეაქცია, ამაზე რეაგირება არის, მაგრამ, სადაც რუსული კომპონენტი პატარა დოზით მაინც მონაწილეობს, თუნდაც აეროპორტის გახსნა, ამაზე რეაგირება არ არის,
აფხაზი ხალხი ებრძვის რუსულ ექსპანსიას, სამწუხაროდ, შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საქართველო, როგორც დღის წესრიგი, საერთოდ გაქრა."