
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუმიანი აცხადებს, რომ ვინც ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ მივა, "კანონის წინაშე აგებს პასუხს", წულუკიანი კონკრეტულ სახელ-გვარებსაც ასახელებს. რის საპასუხოდაც "ნაცმოძრაობა" აცხადებს, რომ პარლამენტს არ ცნობს ლეგტიმურად, შესაბამისად კომისიასაც არ აღიარებს.
ანალიტიკოსების ნაწილს კომისიის მუშაობისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, ნაწილი კი აცხადებს, რომ საქმე "ნიურბერგი 2"-მდე მივა.
„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, მიწვეული არიან "ნაცმოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.
საგამოძიებო კომისიის მომავალი სხდომა 21 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწვეული პირები დღეიდან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს.
კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, 21 თებერვლის სხდომაზე სავარაუდოდ, მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე, ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წულუკიანის თქმითვე, „მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 ტური მოჰპარეს".
მისივე თქმით, 21 თებერვლის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებულო საკითხის განხილვა შემდეგ კვირაში მოხდება.
17 თებერვლის სხდომაზე კომისიამ მოუსმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს.
რა განვითარება ექნება კომისიის მუშაობის პროცესს
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მასხარობა და სპეკულაციაა.
"ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მასხარაობაა, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ და არც არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. დიდი-დიდი კიდევ ვიღაცის დაჭერისთვის თუ გამოიყენებენ, მაგრამ დაჭერებით ვინ უნდა გააკვირვონ, ისედაც ყველას იჭერენ. 12 წლის თავზე რომ იწყებ, 12 წლის წინანდელ 9 წლიანი მმართველობის გამოძიებას, ეს უკვე მასხარაობაა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, როცა ხელისუფლება შეიცვალა იმ მომენტში.
"12 წლის მერე რომ იწყებ გარკვევას, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა, არავის მანდ არ აინტერესებს რეალობის და სიმართლის დადგენა. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით შუა ხანს გადაცილებული, რომელსაც "ნაცმოძრაობის" მმართველობა ძალიან მწარედ ახსოვს და ამაზეა სპეკულაცია, რომ აი, ჩვენ თუ არა, "ნაცები მოვლენ.
"თან, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა 12 წელია "ნაცმოძრაობის" მიმართ სიძულვილს აღვივებს და მუდმივად, რომ ამას აღვივებ, ვიღაცეებს განცდა ექმნებათ, რომ აი ახლა თუ "ნაცები" მოიცილეს, რაღაცას თითქოს ეშველება, სინამდვილეში ეს სისულელეა. უბრალოდ ვერც ვერავის აკრძალავენ, შეუძლებელია რაიმე სამართლებრივად დაასაბუთო.
"ვისაც ეს ხალხი "ნაცებს" ეძახის და ისინი "ნაცებს" ეძახიან აბსოლუტურად ყველას, ვინც კი ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ეს როგორ უნდა აკრძალო და გააქრო საგამოძიებო კომისიით, ეს აბსოლუტიურად წარმოუდგენელია.
სხვა მხრივ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ბევრი გამოძიებულია, ბევრი რამ გარკვეულია, ვიღაცეებს სასჯელი მოხდილი აქვს და ესენი ვის დაჭერას აპირებენ არ ვიცი. თავიანთი თანაგუნდელების დაჭერა თუ უნდათ, ვინც მაშინ "ნაცმოძრაობაში" იყო, არ ვიცი და სხვა ვინ უნდა დაიჭირონ ვერ გეტყვით",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ახალი "ნიურბერგის" პროცესის მოლოდინი აქვს.
"წულუკიანის ეს განცხადება ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ საქართველო არის სახელმწიფო. "ნაცმოძრაობა" არის 16-ე საუკუნის ის ყორღანაშვილები, რომლებმაც მტერს სვიმონ მეფეზე მიუთითეს და ხელში ჩააგდებინეს, შემდეგ კი ქართველებმა გააკეთეს ის, რაც გასაკეთებელი იყო, "ყორღანას ძეს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".
"საქართველოში ჭეშმარიტება და სამართალი უნდა აღდგეს და "ნაციონალური მოძრაობა" ახალი ნიურბერგის წინაშე უნდა წარსდგეს და ეს იქნება ის, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივად ეს მოღალატეობრივი, ყორღანაშვილისეული პოლიტიკური ორგანო აუცილებლად უნდა განადგურდეს.
ასეთი განადგურების გარეშე, ქვეყანას წალეკვით ემუქრებიან, ამიტომ რასაც წულუკიანი ლაპარაკობს, ყოველგვარი მიკერძოების და გადაჭარბების გარეშე, ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა მომავალმა თაობებმა საქართველოს მოღალატეობა ვერავინ ვერ გაბედოს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში.
„პარასკევის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხს დაეთმობა. სავარაუდოდ, მოწვეული იქნება და საბოლოოდ, ეს დღის ბოლოს გაფორმდება, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. ხოლო, ბათუ ქუთელია და სხვა პირები, რომელთა გვარი და სახელები დღეს სხდომის პირველ ნაწილში აგვისტოს ომის კონტექსტში იქნა მოხსენიებული, რა თქმა უნდა, ეს მომავალი კვირის სამუშაო თემა იქნება.
"მე მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ, ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ," - განაცხადა წულუკიანმა.
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, კომისია უნდა დაინტერესდეს, რატომ ემსახურებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს გენერლებს მძღოლებად სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის იმ დროინდელი გუბერნატორები ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი.
საკითხი სუბარმა საგამოძიებო კომისიის 17 თებერვლის სხდომაზე, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენისას დასვა. როგორც სუბარმა განმარტა, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა.
„არ ვიცი, ეს რამდენად შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე იყოს, მაგრამ ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილების ოკუპაცია ხდება და იმ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, გუბერნატორები - სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, როგორც მძოლები რუს ოკუპანტ გენერლებს ემსახურებოდნენ და ეუბნებოდნენ: - მობრძანდით, დაბრძანდით, თვითონ საჭესთან სხედან და აქეთ-იქეთ დაატარებდნენ.
"როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მივალთ, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რას იზამენ სხვა პარტიები, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.
„საგამოძიებო კომისიას აქვს ორი მიზანი. პირველი - პუტინის ბრძანების შესრულება და ადამიანების გასამართლება წარმატებული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გამო და იმ პირების, რომლებიც ამ მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ;
და მეორე - როცა არსებობს რეალური პრობლემები, რეალური დღის წესრიგი - წამების, არაადამიანური მოპყრობის, ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის, რაც ქვეყანაშია, სურთ წარსულზე აქცენტირებით ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა. ამ დროს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ.
ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ. სხვები რას იზამენ, ვერ გეტყვით", - განაცხადა ფავლენიშვილმა.