
ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის დაბარებულზე პარლამენტში გამოკითხვაზე არ მივლენ და არც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწვლელ კომისიას აღიარებენ. მანამდე წულუკიანმა დაასახელა მათი ვინაობა, რომლებიც 21 თებერვლის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდნენ გამოსაკითხად, მისი თქმით მისვლა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. კონკრეტულად რა სასჯელი ემუქრებათ კომისიაში გამოსაკითხად დაბარებულ პირებს, რომლებიც არ მივლენ?
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია "რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ საპარლამენტო კომისიაში დაბარებული პირები გამოსაკითხად არ მივიდნენ, სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილია, თუ რა სასჯელი ემუქრებათ მათ. იურისტის თქმით, ეს ერთ წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, თუმცა მანამდე არის ჯარიმა.
მისი თქმით, ამ ერთწლიან პატიმრობაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ამისთვის კი კომისიამ უნდა მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს, თუ რატომ ითხოვს კონკრეტული ღონისძიების გამოყენებას.
მუხაშავრია დასძენს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირს იძულებით ვერ მიიყვანს, რადგან იძულების პროცედურა მხოლოდ სასამართლოსთვის არსებობს.
შემდეგი სხდომა 21 თებერვალს დილის 10 საათიდან დაიწყება და კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, ეს დღე დაეთმობა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას. მისი თქმით, მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე, ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც, წულუკიანის თქმითვე, „მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 ტური მოჰპარეს".
კომისიის კიდევ ერთი წევრი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ საუბარი შეეხება ზოგადად ხელისუფლებაში ენმ-ის ყოფნის დროს ჩატარებულ არჩევნებს: „ძალიან საინტერესო იქნება იმ სისტემურ დარღვევებზე საუბარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2004, 2008 ან სხვა წლებში".
ვინ აპირებს მისვლას და ვინ არა
„მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამიტომ, ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ", - მოუწოდა წულუკიანმა მიწვეულ პირებს.
ენმ-ს საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მისვლას გამოკითხვაზე.
„სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა „ვარდების რევოლუციის" ღირსებად. „ესენი იმათზე უარესები არიან" და მსგავს შემადარებელ მესიჯებს მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.
„არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს „პარლამენტი" არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. რეჟიმი თუ შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილმაც განაცხადა, რომ პარტიული პოზიციაა, რომ არ აღიარებენ პარლამენტს და შესაბამისად, „არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება".
ნათია მოგელაძე კი ამბობს, რომ დაბარების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის და შესაბამისად საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება", - წერს ნათია მოგელაძე.
რაც შეეხება ენმ-ის სხვა ყოფილ ჩინოვნიკებს, „ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, გიგა ბოკერია კომისიის გამოკითხვაზე თუ დაიბარეს, არ მივა.
„რა ვიცი, დაიბაროს ზურაბ ჭიაბერაშვილი ან დაიბაროს გიგა ბოკერია. გიგა არ აპირებს (საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე) მისვლას და ჩასვეს ერთი წლით ციხეში. პროტესტს რა დააკლდება ამით, გიგა ბოკერიას პროტესტია? ან ნათია მოგელაძის გამო დგანან? ეს ადამიანები იმიტომ დგანან ქუჩაში, რომ მათ უნდათ რეჟიმის ცვლილება. რეჟიმის ცვლილება არ ენდომებოდათ, რეჟიმს რომ არ გადაეხვია კურსისთვის. სანქციები არ იარსებებდა საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს რომ საკუთარი ამომრჩეველი არ „გადაეგდო". ეს ძალა და ენერგია პროტესტს იმიტომ აქვს და ამდენი ხანი იმიტომ ძლებს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლებიც „გადააგდო", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსთან".
რა სანქცია ემუქრება მათ, ვინც არ გამოცხადდება კომისიის გამოკითხვაზე
იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" კანონში გაწერილ იმ სანქციებზე საუბრობს, რომელიც მათთვისაა გათვალისწინებული, ვინც კომისიის გამოკითხვაზე არ მივა.
„კანონი ერთ წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს, მაგრამ მანამდე არის გაფრთხილება, ჯარიმა და მერე მოდის ეს - თუ ვინმე განსაკუთრებულად, განზრახ და ბოროტად თავს არიდებს.
„ეს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლისს სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული. ასე რომ, სამართლებრივი რაღაც მექანიზმი არსებობს და თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი სასამართლო და კანონი ახლა გასასტიკებულია, ვნახოთ გამოიყენებს თუ არა ამას.
„ნაცებზე" რომ არაფერი ვთქვათ, ეს სასამართლო ძალიან არასერიოზულად მეჩვენება, რადგან მემგონი თავად წულუკიანმა განმარტა ეს და ამას ყურადღება მივაქციე - რომ დანაშაულები, რომელსაც ესენი თითქოსდა აპირებენ რომ გამოიძიონ, ხანდაზმულია. მე არ ვიცი 2012 წელს რამე თუ აღმოაჩინეს, მაგრამ იმის მერე 13 წელია გასული და 2003, 2004 და 2010 წლამდე დანაშაულები ყველა შემთხვევაში ხანდაზმული გამოდის, რა გინდა მძიმე სანქციები ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით.
„ამიტომ მე უფრო მგონია, რომ ესენი ამას მხოლოდ პოლიტიკური შეფასებისთვის გამოიყენებენ, რადგან კომისიამ რა დასკვნაც არ უნდა დადოს და აღმოაჩინოს, რომ კონკრეტული ქმედება დანაშაულად არის შეფასებული, ისინი მაინც ვალდებული არიან, რომ თავიანთი დასკვნები პროკურატურაში გადააგზავნონ, რათა აღიძრას საქმე და გამოძიება აწარმოონ. ჯერ ესენი როდის დაასრულებენ, მერე სანამ პროკურატურას გადაუგზავნიან, მერე პროკურატურა რამდენად „ყოჩაღია" ხომ ვიცით - მიმართულია იქითკენ, რომ საკუთარი მხარდამჭერები, რომლებიც დაფრთხნენ, ისინი მოამაგრონ რწმენაში.
„12 წლია თავზე რომ გაგახსენდება წინა ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულები, მაშინ, როდესაც რამდენიმე მათგანი უკვე გასამართლებულია, ზოგმა მოიხადა სასჯელი და ზოგიც დაუსწრებლადაა გასამართლებული, აზრს კარგავს ყოველგვარი კომისიის შექმნა. მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - რაღაც ამას მაგონებს ეს ყველაფერი", - განაცხადა მუხაშავრიამ.
კითხვაზე, თუ არის კანონში გაწერილი გამოსაკითხი პირის იძულებით მიყვანა კომისიის მხრიდან, მუხაშავრიამ გვითხრა:
„იძულებით მიყვანა არ არის, რადგან იძულებით მიყვანის პროცედურა მხოლოდ სასამართლოსთვის არსებობს და ესენი ხომ სასამართლო არ არიან, მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიაა. ამიტომ მათი იძულების მექანიზმები არის ჯარიმა და უკიდურეს შემთხვევაში პატიმრობა, მაგრამ ესეც სასამართლომ უნდა შეუფარდოს. ანუ კომისიამ უნდა მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს რატომ ითხოვს კონკრეტული სასჯელის ღონისძიების გამოყენებას. ასე რომ, მომავალი სკანდალები კიდევ წინ გველის", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსთან".