თამთა ჩაჩანიძე
19.02.2025

გლობალურ პოლიტიკაში დიდი ძვრები დაიწყო, რომელიც შეიძლება მსოფლიო დღის წესრიგის შექმნაში მთავარი წინაპირობა გახდეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სრულიად ახალმა პოლიტიკამ შესაძლოა პოლიტიკური დასავლეთის ცნება საერთოდაც გაყოს. მათივე შეფასებით, მსოფლიო მოვლენები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენას უთუოდ ახდენენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გლობალურ პოლიტიკაში ახალი ძვრები დაიწყო და ჩვენთვის ჯერჯერობით გაურკვეველია რეალურად რა როლი გვექნება, კარგი იქნება ეს ძვრები თუ ცუდი და რა გავლენას მოახდენს შიდა პროცესებზე.

"რუსეთი მტერი რომაა და 20% წაღებული რომ აქვს ჩვენგან, ეს ფაქტია. სხვებისგანაც თუ რაიმე შეუძლია, ცდილობს დააშაოს და გააფუჭოს, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. სამაგიეროდ პოლიტიკური მიზნისთვის ჩათვალეს, რომ კარგად გამოდგება ის, რომ საქართველოს რუსეთზე ორიენტაციის იარლიყი მიაწებონ, ეს რეცეპტი უცხოელებისგან მოდის და ჩვენთანაც ოპოზიციამ აიტაცა.

"მეორეს მხრივ იგივე ოპოზიცია იძახის, რომ დასავლეთია იდეალური, ამ დროს უცბათ ეს დასავლეთი გაიყო, ევროპა ერთ მხარეს წავიდა, ამერიკა მეორე მხარეს და ჩვენ დასავლეთი სულ მთლიანობად წარმოგვედგინა. რუსეთი, რომელიც ჩვენთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უარყოფით იარლიყად იყო გამოყენებული, ამერიკამ ამ რუსეთთან პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რამაც ჩვენს საზოგადოებაშიც გაორება და ეჭვები გამოიწვია და ბუნებრივია ეს უკრაინის თემასაც ეხება.

"რუსეთუმედ შერაცხულია ყველა ის, ვისაც წამოსცდება, რომ შეიძლება უკრაინამ ვერ გაიმარჯვოს. უკრაინა ვერ გაიმარჯვებსო აგერ ტრამპმა გამოაცხადა და მოლაპარაკების პირველ რაუნდზე არ დაპატიჟა. ეს სავარაუდოს ხდის, რომ ამერიკა-რუსეთის პოლიტიკა შეიძლება დაუახლოვდეს და ხელიხელჩაკიდებულებმა გააგრძელონ გზა.

"რუსულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში გაჩნდა კრიტიკული აზრი, რომ ამით ტრამპს უნდაო, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დააშოროსო. ეს არაა გამორიცხული, რადგან პოლიტიკაში ასეთი სვლები მოსულა, მით უმეტეს ტრამპმა ადრე გამოაცხადა, რომ ბაიდნმა ეგ შეცდომა დაუშვაო, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დაიახლოვა, ორი დიდი სამხედრო რესურსის ქვეყანა გააერთიანაო. რა თქმა უნდა, ტრამპი ეცდება ამ ორი სამხედრო-ელიტარული იმპერიის გაყოფას",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

საყავრელიძე აცხადებს, რომ ტრამპი ცდილობს რუსეთისა და ჩინეთის ალიანსი გაყოს და ძნელი სათქმელია ეს გაყოფა საქართველოსთვის როორი იქნება.

"ძნელია თქმა ეს გაყოფა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ჩინეთის პოზიციაზე, თუკი ჩინეთმა კავკასიაზე გზა გაიყვანა და თუკი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ეს მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, მაშინ ჩვენ ხიდის როლში აღმოვჩნდებით და ამ ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეების მედიატორისმაგვარ ფუნქციას შევასრულებთ, რაც გვაწყობს.

"თუ აღმოჩნდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კავკასიისკენ ჩინეთის გადმოსვლა მიუღებელია, მაშინ ჩვენ ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ჩვენზე იმდაგვარი შეტევა გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. აქამდეც ბაიდენის პირობებში ჩვენ ძირითადად ჩინეთის გამო გვიტევდნენ, თორემ რუსეთთან ბაიდენს ჰქონდა თუ არა ისეთი დაპირისპირება, როგორადაც ამბობდა, ეგ კიდევ საკითხავია. ფაქტია, რომ ბაიდენის პოლიტიკა რუსეთისთვის არცთუ წამგებიანი აღმოჩნდა, აგერ აკონომიკური ზრდა აქვს და ადამიანების სიცოცხლეს რუსეთი არასოდეს არ ითვლიდა.

"ამდენად, ჩვენი საკითხის გადაწყვეტა ისევ გზაგზსაყარზეა, მაგრამ ის, რომ მსოფლიო პროცესები იცვლება და წინ მიიწევს, ეს ფაქტია. ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-სა და ევროპაში ლიბერალური მმართველობის პირობებში საქართველოს მიმართ დამოკიდბეულება უკეთესი არაფრით არ იყო და ლიბერალური წრეებიდან იმდენი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ, რამდენიც არასოდეს არ მიგვიღია და მივიღეთ ის მოთხოვნაც, რომ გადააგდეთ "ოცნება" და ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" მოიყვანეთო, ეს იყო ჩვენი იტერესების უგულებელყოფა.

"ამერიკა აქამდე გვაკრიტიკებდა და გვეუბნებოდა "ოცნება" წავიდეს და "ნაციონალები" მოიყვანეთო და ეს არ გავაკეთეთ, ამიტომაც უნდოდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა რომ ქვეყანაზე გავლენა ვერ მოახერხეს, უნდოდათ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, არ გავხსენით, ლიბერალურ ადმინისტრაცხციას არ უნდოდა, რომ კონსერვატიულ პარტიებთან ახლოს ვყოფილიყავით და ახლოს ვართ. ამერიკას ამ პრინციპულ საკითხებზე უარი ვუთხარით.

"ახლა კი ვნახოთ როგორ სახეს მიიღებს ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც საბოლოოდ თავისი სახე ჩამოყალიბებული არ აქვს. ტრამპი ჩქარობს ლიბერალებთან ანგარიშწორებას, ჩანს, რომ ლიბერალები შეგუებას არ აპირებენ და ბრძოლას გააგრძელებენ, ამ ბრძოლაში საზღვარი ნაჩვენები არაა. ვნახეთ, რომ ტრამპს ესროლეს და ბეწვზე გადარჩა, შესაძლოა ეს ბრძოლა განმეორდეს, ამერიკაში სიკვდილ-სიცოცხლის გარშემოა ბრძოლა, ამიტომ ტრამპი ჩქარობს. თუ მან ლიბერალები მიუშვა და ამერიკულ სივრცეში ფეხზე დადგომა მოასწრეს, მათ შეიძლება ყველაფერი გააკეთონ, ვხედავთ მოსამართლეების საშუალებით გზას უჭრიან ტრამპს. ანალოგიურად ბევრი სხვა ინსტრუმენტი შეიძლება ამოტივტივდეს თუ ლიბერალები მოღონიერდნენ და ტრამპისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

"ახალ ამერიკულ პოლიტიკას მომზადებულები უნდა შევხვდეთ"

როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ტრამპმა სრულიად ახალი, რუსეთთან დათმობის პოლიტიკა დაიწყო, თუმცა ეს დიდი ალბათობით ყველა საკითხში არ იქნება, მათ შორის საქართველოს თემაზეც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკა შიდა პროცესებზე გავლენას ახდენს.

"ტრამპმა რუსეთთან რაღაც საკითხებში დათმობის პოლიტიკა დაიწყო, ევროკავშირის და ჩინეთის პოზიციები ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ჩანს, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ტრიპოლარულ მსოფლიო წესრიგს აღიარებს - აშშ, ჩინეთი, რუსთი. ამას საქართველოს შიდა პროცესებზე გარკვეული ინდიკაციები ექნება, ამერიკას საქართველო სჭირდება აღმოსავლეთით მიმართულებით პოლიტიკური კურსის განვითარებისათვის, ასევე, ენერგოუსაფრთხოების კუთხით სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ამასთან, საქართველო ჩინური ჰეგემონიზმის შეკავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

"თუ აქ რუსეთ-ჩინეთის ერთგვარი ალიანსი გაფორმდა, შესაძლოა ჩვენს რეგიონშიც ახალი გადათამაშებაც ვიხილოთ. ვფიქრობ ამერიკის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში კვლავ რჩება. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მიმართ ინტერესი საერთოდ არ იყო, ახლა, მეორე ვადაში ინტერესი გაიზრდება, მაგრამ როგორი იქნება ამას დრო გვიჩვენებს.

"ამერიკას რომ რუსრთს აქ არაფერს არ დაუთმობს, ეგ ფაქტია და აქ არა მგონია დათმობის პოლიტიკა ჰქონდეს. ტრამპს აქ უფრო ოპოზიციურ ძალებთან და სალომე ზურაბიშვილთან აქვს კარგი ურთიერთობა. თვითონ პუტინსაც შეიძლება განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს დღეს არსებულ რეჟიმთან.

"ჩვენთვის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ინტერესები მნიშვნელოვანია. ასებული ხელისუფლება გეოპოლიტიკური პოლიტიკის აზროვნების დეფიციტს განიცდის და არასწორად აღიქვამენ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. ჩვენ ამერიკულ ახალ პოლიტიკას მომზადებული უნდა შევხვდეთ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×